თამთა ჩაჩანიძე
(05.08.2023)

ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ან სხვა რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უკრაინას აქტიურად აღარ დაეხმარება, შედეგად კი რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან გამყარდება - ამ სცენარზე სი-ენ-ენი თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ეს სცენარი რეალისტურია, რადგან დღეს ჩანს, რომ საომარი მოქმედებები მინიმუმ ორი წელი მაინც გაიწელება.

„პუტინმა იცის, რომ ტრამპი მას დაეხმარება. ეს იციან უკრაინელებმაც და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც. მართალია, ჩვენ ასეთი რამ მკაფიოდ არ გვინახავს, მაგრამ ყველა ამაზე ფიქრობს", - აცხადებენ თეთრ სახლში.

ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობასაც სი-ენ-ენი არ ასაჯაროებს, აცხადებს, რომ პუტინის გეგმა ომის 2024 წლის არჩევნებამდე გაჭიანურებააა და რუსეთის პრეზიდენტი მას არ გადაუხვევს.

დონალდ ტრამპი ამ დრომდე რჩება რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფავორიტად. მან არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს მოლაპარაკებების გზით დაასრულებს.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია ამბობს, დღეის მონაცემებით, აშშ-ში რესპუბიკელებს უფრო აქვთ შანსები, ვიდრე დემოკრატებს. რუსეთი კი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფრონტზე დრო გაწელოს, რისთვისაც ყველა რესურსს იყენებს.

„ეს სავსებით რეალური სცენარია, რადგან სამწუხაროდ დღეს ასე ჩანს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მინიმუმ ორი წელი მაინც გაიწელება. მიუხედავად დასვლური დახმარებისა, რესურსები მაინც შეზღუდულია. არა მგონია უახლოეს პერიოდში ფრონტზე კარდინალურად რამე შიცვალოს, მერე უკვე შემოდგომის ნახევრიდან გაზაფხულამდე საბრძოლო მოქმედებები ნელდება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიც მომავალი წლის ნოემბერშიაა და ფაქტიურად ერთი საბრძოლო სეზონი დარჩა.

„გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან შეიარაღების ახალი პარტიები მიიღოს, ასევე პუტინმა სამობილიზაციო ასაკი გაზარდა და ახლა უკვე არმიაში 18-დან 30 წლამდე ადამიანებს წაიყვანენ. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს ომის გაჭიანურება აქვს ჩაფიქრებული. ეს კი რუსეთს იმის საშუალებას მისცემს, რომ 400 ათასმდე ადამიანის მობილიზაცია გააკეთოს.

„ფრონტზე დროის გაჭიმვა რუსეთის ინტერესებშია. ამასთან რუსეთი „ვაგნერს" უკვე სხვა ოპერაციებისთვის იყენებს, ევროპას და ამერიკას უკვე პირდაპირი საფრთხე შეუქმნა. ამასთან რუსეთი გავლენის სფეროებს აფართოებს, ცდილობს, რომ ევროკავშირს და ამერიკას აფრიკიდან შეუტიოს და დაასუსტოს, რადგან მათ უკრაინის დახმარების საშუალება არ ჰქონდეთ.

„ვაგნერის" ფაქტორის გამო, საფრანგეთმა აფრიკიდან თავისი ჯარები გაიყვანა. ნიგერში კი შეიძლება დღე-დღეზე მეორე ფრონტი გაიხსნას, რადგან „ვაგნერს" პირველი ჯგუფი უკვე შევიდა. რუსეთმა აფრიკაში პრორუსული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი შექმნა. არ დაგვავწყდეს, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩაერია და ის შედეგები დადო, რაც მას სურდა და ესეც გასათვალისწინებელია.

„თავად უკრაინას ალბათ ეს სცენარიც გათვალისწინებული ექნება და ახლა რუსული სამხედრო-საზღვაო პორტების ბლოკადაზე გადადის, სოჭიც კი დარტყმის ზონა გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ამაში ოკუპირებული სოხუმიც მოხვდეს. შავი ზღვა რეალურად სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად გადაიქცა. შავი ზღვის აკვატორიაში ზღვაოსნობა უკვე უსაფრთხო არ იქნება.

„დემოკრატებში გაურკვეველი სიტუაცია აქვთ და მგონი კენჭისყრას ისევ ბაიდენი აპირებს. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რესპუბლიკელები მოუგებენ, რამდენიმე რეიტინგული ფიგურა ჰყავთ, ტრამპი, დე სანტისი და მაიკ პენსი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე