თამთა ჩაჩანიძე
(03.08.2023)

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს, რასაც მან უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ფედერალური ბრალდებების შემდეგ ახლა მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. დასძენს, რომ საერთო ჯამში 561-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რაც დაახლოებით შვიდი სიცოცხლეა.

ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ამ ბრალდებებით ტრამპის დაკავება შეუძლებელია, რადგან მასზე იმუნიტეტი ვრცელდება. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ თუ რაიმე „უსაშველო ბრალდება არ წაუყენეს და პოლიტიკური პროცესებიდან არ გამოთიშეს, საპრეზიდენტო არცევნებში კენჭი კვლავ იყაროს და გაიმარჯვოს კიდეც.

„ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ლიდერია და მისი რეიტინგი 54%-ია, მომდევნო ადგილზე 20%-იანი მხარდაჭერით ასევე რესპუბლიკელი დე სანტისია, მესამეზე მაიკ პენსი. ბაიდენის უღიმღამო მმართველობის პერიოდში, ტრამპის რეიტინგი კიდევ უფრო აიწევს. არჩევნების გაყალბების ბრალდება თითიდან გამოწოვილია, რადგან მისი მოსვლა ეშინიათ. მგონია, რომ წმინდა პოლიტიკური მომენტია და ყველანაირად ცდილობენ, რომ გზა გადაუღობონ.

„ტრაპის დაკავება შეუძლებელია, რადგან მასზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება და ეს ისეთი ბრალდებები არაა, რომ დააკავონ. ჯერ ერთი, ამ ბრალდებების დამტკიცებაც ძალიან რთულია და არა მგონია, რომ ამაზე მსჯავრი დაადონ. ესეთი დამოკიდებულება რეიტინგს კიდევ უფრო აუწევს, რადგან დაჩაგრული ადამიანის ფენომენს ყველგან პოზიტიური გამოვლინება აქვს, ვიდრე ნეგატიური.

„არაა გამორიცხული, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატად ვიხილოთ, ჯერჯერობით დემოკრატებს რეიტინგული შემადგენლობა არ ჰყავთ და თუ ტრამპს უსაშველო ბრალდება არ გამოუჩიჩქნეს და სულ არ გამოთიშეს, მგონია, რომ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ.

„თუმცაღა, ტრამპს ისეთი ბრალდებები არ აქვს, რომ ის პოლიტიკური ცხოვრებიდან გამოთიშოს, ამას საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება. ბაიდენს ახლა არავითარი შანსი არა აქვს. სოციოლოგური კვლევებით, მისი რეიტინგი დაბალია და 2024 წლის არჩევნებზე ეს ორი კანდიდატი რომ გავიდეს, ტრამპი მოუგებს. ისედაც ამერიკაში ყოველთვის ერთი პარტია მეორეს ცვლიდა.

„თუ ისევ ტრამპმა გაიმარჯვა, არაა გამორიცხული, რომ აქცენტი ჩინეთზე აიღოს და ურთიერთობები დაალაგოს, ქვეყნის შიგნით ეკონომიკა გააძლიეროს და საგარეო პოლიტიკაში დააბრუნოს შერჩეული ჩარევის პრინციპი. თუ უკრაინა-რუსეთის ომი მანამდე გაგრძელდა, შეეცდება, რომ მკაცრი პოზიცია დაიკავოს და მხარეები მოლაპარაკებებისკენ აიძულოს. არაა გამორიცხული, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებაც შეუმციროს", -განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება. მას ბრალი რადმენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

გამოძიება ფოკუსირებული იყო დონალდ ტრამპის ქმედებებზე ორთვიან პერიოდში: არჩევნებში მისი დამარცხებიდან კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

„არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია", - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

დონალდ ტრამპს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული - საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობისთვის პორნოვარსკვლავისთვის ფულის ფარულად გადახდისთვის.

აღნიშნულს ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა, ტრამპმა ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ ფედერალური ბრალდებების შემდეგ არასდროს ჰქონია ასეთი მხარდაჭერა. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალით და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს ადგილი.

ტრამპის მტკიცებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ლიდერობს ეროვნულ გამოკითხვებში როგორც რესპუბლიკელების ნომინაციაში, ასევე 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში.

„ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე