ნაზი ბერიძე
(22.07.2023)

რუსეთში სამართალდამცავებმა დააკავეს 2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი, ჰააგის სასამართლოს მიერ უვადო პატიმრობამისჯილი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელიც ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსაც". რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გირკინი სავარაუდოდ სწორედ „ვაგნერის" ყოფილი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს ექსტრემიზმში. იგი უკრაინის ომში რადიკალური მეთოდების გამოყენებას უჭერდა მხარს და საზოგადოების ნაწილში სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა.

„ვაგნერის" ამბოხებამდე იგორ სტრელკოვმა მიმდინარე წლის მაისში რუსეთს ახალი 1917 წელი და ომში დამარცხება უწინისწარმეტყველა

გირკინის დაკავებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა. სამართალდამცავებმა იგორ სტრელკოვი სახლიდან 21 ივლისის შუადღისას წაიყვანეს. სტრელკოვის ტელეგრამის არხზე მისი ცოლის, მიროსლავა რეგინსკაიას მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ბინაში მივიდნენ დაახლოებით 11:30 საათზე და ბინაში ჩხრეკა მოაწყვეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგორ სტრელკოვი (გირკინი) კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ექიმის, იაროსლავსკის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატის, დმიტრი პეტროვსკის განცხადების საფუძველზე დაუკავებიათ.

როგორც რადიო „თავისუფლების" რუსული სამსახური იუწყება, 17 ივნისს პეტროვსკიმ რუსეთის გენერალურ პროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც სტრელკოვს ადანაშაულებდა იმაში, რომ ის დიდ თანხებს აგროვებდა რუსი მეომრების დასახმარებლად, მაგრამ დახარჯულ თანხებზე ანგარიშს არავის აბარებდა. უკანასკნელი წვეთი, პეტროვსკის თქმით, სტრელკოვის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აღმოჩნდა.

სტრელკოვი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ასევე მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. მან ასევე შეურაცხმყოფელი გამოთქმებით უპასუხა „ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს და მის ქმედებებს კონსტიტუციური წესრიგისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იგორ სტრელკოვი, უკრაინაში წარუმატებელი საომარი ოპერაციების მართვის გამო საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.

შარშან შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ წითელი ლიმანის დაკარგვაში იგორ სტრელკოვმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში გააშარჟა მისი ფოტო.

ამ კრიტიკის გამო, გასულ შემოდგომაზე დონეცკში სახალხო მილიციის რიგებში საომრად ჩასულ სტრელკოვს, მოგვიანებით ამ მისიის შესრულებაზე უარი უთხრეს და უკან გამოისტუმრეს, საკითხის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის მოტივით.

გარდა ამისა, გირკინ-სტრელკოვს შექმნილი აქვს ორგანიზაცია „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი", რომელიც რადიკალური შეხედულებების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. ისინი მუდმივად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, მათი შეფასებით, უკრაინაში ზედმეტად გაუბედავი მოქმედებების გამო და უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებების ითხოვენ.

სწორედ ამიტომ, რუს მიმომხილველთა ნაწილის ვარაუდით, გირკინის დაპატიმრება შესაძლოა უკავშირდებოდეს კრემლის მხრიდან დაგეგმილ არაპოპულარულ და გარკვეული თვალსაზრისით კაპიტულანტურ ნაბიჯებს, რასაც მკვეთრი კრიტიკით შეხვდებიან თუნდაც იგივე „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი" და სხვა რადიკალური ორგანიზაციები.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გირკინის დაკავება რუსეთში ახალი რეპრესიების დაწყებას უკავშირდება მოსალოდნელი ამბოხების თავიდან ასაცილებლად.

„მემგონი პირიქით არის სიტუაცია. როგორც ჩანს, კრემლმა დაიწყო რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ საკმაოდ სერიოზულ კრიტიკას. გირკინთან ერთად დაკავებულია მისი მარჯვენა ხელი ფომინიც, ასევე საკმაოდ სერიოზული „წითელი აუნთო" კრემლმა იური პოდოლიაკს, რომელიც არის სამხედრო ექსპერტი და ანექსირებულ ყირიმიდან აშქებს საბრძოლო მოქმედებებს. მიდის ზეწოლა ყველა იმ დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებზე, რომლებიც აკრიტიკებენ კრემლს ომთან დაკავშირებით.

„კრემლს მობეზრდა კრიტიკა. პრიგოჟინისა და სუროვიკინის ამბოხებების ფონზე, როგორც ჩანს, კიდევ არის ახალი სამხედრო გადატრიალების და სამხედრო ამბოხის საფრთხე და ეს ასე რომ არ მოხდეს, დაიწყო რეპრესიული ზომების მიღება.

„ფაქტიურად, გირკინი 2 თვით გაუშვეს ციხეში, გაუშვეს ფომინი და ალბათ ასეთივე ბედს ეწევათ იმ სამხედრო კორესპონდენტებს და სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში, თავიანთ ბლოგებში აკრიტიკებენ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მიმართულებით.

„სხვათა შორის, საინტერესო მომენტია, რომ სეპარატისტული დნესტისპირეთის რეგიონში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ადგილობრივი ოპოზიციური კომუნისტური პარტიის ლიდერი. ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია და როგორც ჩანს, კრემლი ცდილობს შემოიღოს ცენზურა დაიწყოს რეპრესიები. თან საინტერესო კანონს ღებულობს რუსეთის ფედერაციის საბჭო. იქ შეტანილია კონკრეტული წინადადება რომ ჩამოართვან რუსეთის მოქალაქეობა იგივე მაქსიმ გალკინს და ასეევე რამდენიმე პოპულარულ რუს მსახიობებსა თუ სხვა პიროვნებებს, რომლებიც, ეწინააღმდეგებიან ე.წ. სპეცოპერაციას. ამ კონტექსტში ასევე უნდა განიხილებოდეს ერთი მომენტი - გავიდა ინფორმაცია, რომ რუსეთში იწყება მობილიზაციის მეოთხე ტალღა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გირკინის დაკავება შეიძლება პრიგოჟინის ამბოხთან იყოს დაკავშირებული.

„რუსების მხარეს რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ გირკინი დიდი ხანია დასაკავებელი იყო, მაგრამ ზოგადად ახლა, ამ მომენტისთვის რა მოხდა, ვერ გეტყვით. გირკინი ითვლებოდა „ეფესბეს" კადრად და ამიტომ იყო ხელშეუხებელი. ეს ნამდვილად არ არის დაკავშირებული რუსეთის მიერ კაპიტულანტურ ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებასთან. ამასთან, გირკინი დააკავეს შეიძლება კავშირში იყო პრიგოჟინის ამბოხთან", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე