ნაზი ბერიძე
(21.06.2023)

უკრაინის ფრონტზე სიწყნარეა და ამას როგორც მოსკოვში, ისე კიევში ადასტურებენ. მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინელებს დიდი დანაკარგი აქვთ და მათი შევსების გარეშე, სერიოზულ შეტევით ოპერაციებს ვერ განახორციელებენ. კიევში კონტრშეტევის შენელების მიზეზებსა და მათზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ. ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ უკრაინის შეტევა, ცალკეულ ლოკალურ შეტაკებებს თუ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად შეჩერებულია მათი განახლება დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთიან შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი პარტიის მიღების ვადებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ პუტინმა კი ოთხშაბათს ვრცლად ისაუბრეს როგორც ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, ისე მოვლენების შესაძლო განვითარებაზე.

ზეწოლა უკრაინაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია", თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი არაა".

„ბი-ბი-სი"-სთან ვრცელ ინტერვიუში შეტევის შენელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკრაინის პრეზიდენტმა ის გარემოება დაასახელა, რომ უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული.

ამას გარდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალურ კიევზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა არ დააკონკრეტა ვისგან და რა ფორმით.

„რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობებით, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წინ წავიწევთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება აუცილებელია და რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დასთანხმდება.

„რადგან ეს არის ომი, ეს არის უპერსპექტივო განვითარება უკრაინისთვის", - ამბობს ზელენსკი.

პუტინის სტატისტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს ასევე ვრცელი ინტერვიუ მისცა სამთავრობო არხ „რასია 24"-ს, სადაც ისაუბრა უკრაინელების დიდ დანაკარგებზე, რამაც მათი ბრძოლისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია.

პუტინი უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს „კატასტროფულს" უწოდებს და ამბობს, კიევმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს ფრონტის ვერცერთ მონაკვეთზე.

„ახლა ფრონტის ხაზზე „გარკვეული სიმშვიდეა", რადგან უკრაინულმა ჯარებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს ცოცხალ სამხედრო ძალასა და აღჭურვილობაში", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენით არიან დაკავებული, აერთიანებენ ბრიგადებს, რომლებმაც სერიოზული დანაკარგები განიცადეს და ქმნიან ახალ დანაყოფებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული ციფრებიც დაასახელა.

„გუშინდელი ღამის, უფრო სწორად, დღევანდელი ღამის მონაცემებით. ჩვენმა კაცებმა გაანადგურეს 245 მტრის ტანკი და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 678 ჯავშანმანქანა. აღარაფერს ვამბობ პირადი შემადგენლობის დანაკარგებზე, რომელიც ძალიან, ძალიან დიდია", - თქვა პუტინმა.

მისივე შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებას ეშინიამომავალ ბრძოლებში მასშტაბური დანაკარგები არ მიიღოს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ შეტევითი პოტენციალის დაკარგვა, არამედ მთლიანად უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის კვეთრი დაქვეითება.

„თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მათი შეტევითი პოტენციალი ჯერჯერობით ამოწურული არ არის. არის რეზერვები და მოწინააღმდეგე ფიქრობს, როგორ გამოიყენოს ის", - განაცხადა პუტინმა.

კონტრშეტევის განახლების სავარაუდო თარიღი

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" უკრაინელების დანაკარგებზე საუბრობს და ფიქრობს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის მთავარი დარტყმა სამხედრო შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ განხორციელდება.

„ახლა არის გარკვეული აქტივობები ლოკალურ მიმართულებებზე. ეს არის სოფელი პიატიხატკა, რომლებიც აიღეს უკრაინელებმა და ცდილობენ შეინარჩუნონ და გამოიყენონ შემდგომი შეტევისთვის. ასევე არის ბრძოლა მარიინკაში, სადაც რუსები ცდილობენ წინ წაიწიონ. ასევე შემხვედრი ბრძოლა მიდისს სვატოვოს მიმართულებაზე, კრემენნაიასთან, სადაც ორივე მხარე ცდილობს წინ წაწევას.

„ზოგადად, ეს არის ლოკალური შეტევები მცირე მონაკვეთებზე. უკრაინელები ცდილობენ გადახედონ თავის ტაქტიკას და რაღაც ცვლილებები შეიტანონ, რომ უფრო აქტიურად განავითარონ შეტევა, რადგანაც იმან, რასაც ეცადნენ, კარგად ვერ იმუშავა.

„მთავარი დარტყმა დაწყებულია, მაგრამ მეორე მთავარი დარტყმას როდის განახორციელებენ, ცოტა ძნელი სათქმელია. ალბათ ერთი კვირა ან 10 დღე მაინც დასჭირდებათ, სანამ გადახედავენ თავის გეგმებს და შეავსებენ დანაკარგებს. ეს განსაკუთრებით ტექნიკასა და საბრძოლო მასალას ეხება, რომლის მიღებასაც დასავლეთიდან ელოდებიან. როგორც კი მიიღებენ შესაბამისი რაოდენობით, ალბათ რაღაცას განაახლებენ. მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ძალიან უჭირთ, იმიტომ, რომ საჰაერო უპირატესობა არ გააჩნიათ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფრონტზე არსებულ სტაბილურობაზე საუბრობს და უკრაინის მოსალოდნელი დარტყმის თარიღად ივლისის შუა რიცხვებს ასახელებს

„ფრონტის ხაზზე სტაბილური მდგომარეობაა და არცერთ მხარეს არა აქვს ოპერატიული უპირატესობა. უკრაინლების მთავარი დარტყმა შეიძლება მოხდეს ივლისის შუა რიცხვებში. ალბათ, სავარაუდოდ, ამინდის მდგომარეობაც უკეთესი იქნება და უფრო მეტი საშუალებები იქნება, რომ მოხდეს შეტევაზე გადასვლა", - განაცხადა „რეზონანსთა" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე