ნაზი ბერიძე
(12.06.2023)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა რომ გააძლიერებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რუსთთან - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იყო, არის და იქნება დიქტატორული სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია და რომლის იმედად დარჩა მოსკოვი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.

მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, მოსკოვმა და ფხენიანმა გააძლიერეს ვაჭრობა, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ასევე, იყო ცნობები, რომ რუსეთი იღებს დიდი რაოდენობით სამხედრო მარაგს ჩრდილოეთ კორეიდან, მათ შორის საარტილერიო ჭურვებს, საზენიტო ჭურვებსა და რაკეტებს, ასევე თვითმფრინავების საბრძოლო მასალას. ეს მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ კორეამ აღიარა რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიები და შემდგომში დაჯილდოვდა მარცვლეულითა და საწვავით.

ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა, პირობა პუტინთან გაგზავნილ რუსეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად გაგზავნილ წერილში დადო, სადაც ამართლებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას და გამოხატავდა რუსეთის „სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას" უკრაინის კონფლიქტში. „სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიას" - განაცხადა კიმმა.

კიმმა მოსკოვის „მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობისკენ" მოუწოდა.

„მტკიცედ ჩაეჭიდეთ ხელირუსეთის პრეზიდენტს, ორი ქვეყნის ერების საერთო სურვილის შესაბამისად, მიაღწიონ მიზანს ძლიერი ქვეყნის აშენების თაობაზე"-განაცხადა კიმმა.

ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას კრემლთან და მხარი დაუჭირა მოსკოვს გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. იგი ადანაშაულებს შეერთებული შტატებისა დადასავლეთის "ჰეგემონურ პოლიტიკასა".

თსუ-ს პროფესორი დასაქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია, რუსეთის დაუძლურებულ სამხედრო პოტენციალზე ესაუბრება „რეზონანსს", რომელიც გამოსავალს დიქტატორულ სახელმწიფოებში ეძებს.

„პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არის საერთაშორისო იზოლაციაში, იმიტომ რომ მას აღარ დარჩა მოკავშირეები ასეთი რეჟიმების გარდა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ტოტალიტარული სახელმწიფოების ლიდერები. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა

„რაც შეეხება თვითონ განცხადებას, ჩრდილოეთ კორეა არის ერთ-ერთი გასამხედროებული სახელმწიფო, მაგრამ მას არ გააჩნია იმდენი რესურსი, იმდენად მოძველებული არის მისი ტექნიკა რომ არა მგონია დიდად რუსეთს გამოადგეს, ამასთანავე, ჩრდილოეთ კორეა დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფება სამხრეთ კორეასთან და ასევე ბევრ სხვა მეზობელთან და აქედან გამომდინარე, არა მგონია მას დიდი რესურსები ჰქონდეს.

„დასავლეთის რეაქციებს რაც შეეხება, დასავლეთიც ადევნებს თვალყურს ნებისმიერ ასეთ განცხადებას მაგრამ მე მგონი ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს რომც მიაწოდოს იარაღი, ეს ბევრს არაფერს არ შეცვლის. თუმცა, დასავლეთის ქვეყნებიც დააკვირდებიან ამას და შესაძლოა ამას რაღაც გარკვეული სანქციების გამკაცრებაც მოჰყვეს ჩრდილოეთ კორეის მიმართ, ძირითადად ეკონომიკური, თუ ჩრდილოეთ კორეამ რაღაც ქმედითი შეიარაღება გადასცა რუსეთს" -განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" განმარტავს, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ასეთი ახლო ურთიერთობა შეიძლება აისახოს სამხედრო დახმარებაში, რადგან თვითონ ჩრდილოეთ კორეას აქვს შეზღუდული რესურსები და პოტენციალი.

„ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ის ქვეყანა იყო, რომელიც რუსეთს ამ აგრესიის დროს პრაქტიკულად მხარში დაუდგა და გასაგებია, რომ მისგან კრიტიკულ ნოტებს ვერ გაიგონებდნენ. ახლაც ეს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ორი დიქტატორი პუტინი და კიმ ჩეინი ერთ ჭკუაზე არიან - ერთნაირი ლოგიკით და ერთნაირი ფილოსოფიით ხელმძღვანელობენ.

„ძნელი სათქმელია თანამშრომლობაში რა იგულისხმება, მაგრამ ძირითადად ალბათ იარაღის მიწოდება, იმიტომ რომ სხვა რაიმე ჩრდილოეთ კორეას არ გააჩნია. ასევე, შეზღუდული საშუალებები აქვს, მას არა აქვს ის საშუალებები, რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერის და ა.შ რაც ჩინეთს. ამგვარი დიქტატორული რეჟიმების თანამშრომლობა, როგორც წესი სამხედრო და ძალოვან სფეროებშია ხოლმე.

„ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობამ უკრაინის ომში არა მგონია რაიმე ცვლილება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ კორეას რაიმე საშუალებები, რომ სერიოზულად დაეხმაროს რუსეთს, საკმაოდ შეზღუდული აქვს.

„დასავლეთის დამოკიდებულება იქნება უფრო მწვავე, თქვენ იცით რომ დასავლეთი ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიმართ, და ამ შემთხვევაშიც კრიტიკული დამოკიდებულება იქნება მწვავედ გამოხატული. ეს ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ა.შ. შეზღუდვებს, რაც პრაქტიკულად დღესაც აქვს ჩრდილოეთ კორეას" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე