ნაზი ბერიძე
(06.06.2023)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრად დაგმოს რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში კახოვკას კაშხლის აფეთქება და აამოქმედოს ახალი სანქციები. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაული, და თუ რუსეთის ბრალეულობა დამტკიცდება, დასავლეთი მწვავე რეაგირებას მოახდენს აგრესორის წინააღმდეგ.

„კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება არის ტექნოგენური და ეკოლოგიური ტერორიზმი, ყველაზე დიდი ადამიანური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის კიდევ ერთი გამოვლინება. ეს არის კრემლის პასუხი იმ ქვეყნებს, რომლებიც ითხოვენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულას", კერძოდ ეკოციდის, ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის პუნქტებს, ასევე მიმართა დიდი შვიდეულის ქვეყნებს და ევროკავშირს, განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება, კერძოდ, დასანქცირდეს რუსეთის სარაკეტო წარმოება და ბირთვული ინდუსტრია. უკრაინა ასევე აპირებს მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და აამოქმედოს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმატვიტერზე დაწერა, რომ „კახოვკის ჰესის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებაა, რომელიც ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად."

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთს სანქციები ნამდვილად დაუწესდება და ის შეიზღუდება ყველა მექანიზმით, რაც კი შესაძლებელია.

„გაეროს უშიშროების საბჭო ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. იქ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება და ამას გამოიყენებს. ზოგადად ეგ ორგანო ამ სიტუაციაში სრულიად უმოქმედოა, მაგრამ ზოგადად საკითხის დაყენება აუცილებელია. რაც შეეხება სანქციებს, რუსეთს აუცილებლად დაუწესდება დამატებით, ამაზე ისედაც იყო ლაპარაკი და ამ ქმედების მერე კიდევ უფრო მეტი საფუძველი იქნება და გეტყვით, რატომ - იმიტომ, რომ ომის წარმოებასაც აქვს თავისი წესები, რაც რუსეთმა გააკეთა, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ყველაფრის დარღვევაა, ამიტომ კიდევ და კიდევ უფრო მსგავსი ქმედებებით იმ ქვეყნების დაყოლიებაც უფრო მარტივი იქნება, ვინც მანამდე სკეპტიკურები იყვნენ, რუსეთის სანქციებთან მიმართებაში. რაც უფრო გავა დრო, მით უფრო მეტად დააწვება რუსეთს ამ სანქციების ტვირთი.

„სანქციების დამძიმების საკითხი შეიძლება შეეხოს იმ სქემებს, რომლითაც რუსეთი დღეს სანქციებს თავს არიდებს. ეს სქემები შემცირდება და შეიზღუდება. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს იმაზე, რომ ქვეყნები რომლებიც არ მონაწილეობდნენ, სანქციებს შეუერთდებიან, მეორეა გაფართოება და კიდევ უფრო მეტი კონტროლი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის თავდაცვის კომპლექსისათვის და მათ შორის სარაკეტო წარმოებისათვის," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს რომ ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გამორკვეული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთი უნდა დაისაჯოს.

„ამხელა დამბის აფეთქება, რომელსაც მოჰყვა ეს საშინელი შედეგი - დაიტბორა მთელი რეგიონები - უდავოდ იმსახურებს მკაცრ რეაგირებას. მაგრამ სანამ ეს საკითხი დაისმება, საჭიროა გამოკვლეულ იქნეს და ყველაფერი დაზუსტდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უბრალოდ როცა 100%-იან დანაშაულში არის დაჭერილი, მაშინაც უარყოფს თავის ბრალს და თუ ყველა საბუთი არ იქნა მოწესრიგებული, მასთან საუბარი ძნელი იქნება," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე