ნაზი ბერიძე
(06.06.2023)

მდინარე დნეპრზე კახოვკას დიდი კაშხლის აფეთქებას რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ მოსკოვს ადებს ხელს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სწორედ რუსეთის ჯარს აძლევს ხელს დნეპრის გასწვრივ ტერიტორიების დატბორვა უკრაინელების დიდი კონტრშეტევის წინ. თუმცა ორივე მხარე თანხმდება, რომ ზაპოროჟიეს ეტომურ ელექტროსადგურში კატასტროფის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის, რისი დიდი რისკიც იყო და რასაც ჩერნობილის ტრაგედიაზე უფრო ძლიერი დესტრუქციის გამოწვევა შეეძლო.

კახოვსკას დამბის აფეთქებაზე ინფორმაცია გასულ წელსაც ვრცელდებოდა. 20 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ტერორისტული თავდასხმის მომზადების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „ნიშნავს ომის გამოცხადებას მთელ მსოფლიოში".

საქმე ისაა, რომ კახოვკის წყალსაცავიდან მარაგდება ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის გასაციებელი ავზები, რაც აეს-ის გამართული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა და ამ ჯაჭვის მოშლამ ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ახლა სადგურს რუსები აკონტროლებენ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ საფრთხე არ არსებობს. უკრაინის ენერგოატომმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კატასგტროფის საფრთხე არ არსებობს.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ტვიტერზე დაწერა, რომ მისი ექსპერტები ყურადღებით აკვირდებოდნენ სიტუაციას ქარხანაში და ობიექტზე „ბირთვული უსაფრთხოების დაუყოვნებელი რისკი" არ არსებობს.

ამას გარდა, წყლის ნაკადის გამოთავისუფლება იწვევს წყალდიდობას დნეპრის ქვედა წელზე. უკრაინამ ზოგიერთ დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გამართა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დაზვერვის თანახმად, კახოვსკას კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა.

„ეს არის წინასწარი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი შემოწმდება. ეს [ნაწილი] იქ არის ლოკალიზებული და, შესაბამისად, არის წინასწარი ინფორმაცია, რომ ესენი არიან 205-ე მოტომსროლელი ბრიგადის წარმომადგენლები. შევამოწმებთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთის მხრიდან დანიშნული კახოვკას მერის, ვლადიმერ ლეონტიევის თქმით კი დამბის აფეთქება იყო „ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტი", და რომ მოსკოვის ხელისუფლება „უმძიმესი შედეგებისთვის ემზადება".

კახოვკას კაშხლის აფეთქებას, მწვავე შეფასებები მოჰყვა როგორც დასავლეთში ასავე საქართველოში, ალაპარაკდნენ რუსეთის კიდევ ერთ დიდ სამხედრო დანაშაულზე.

„კახოვსკას კაშხლის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს," - ასე ეხმაურება ამ ამბავს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის სისასტიკეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი ამბობს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ.

„შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ", - აღნიშნა მიშელმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კაშხლის აფეთქება ძირითადად უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად იყო ორგანიზებული, რამაც შეიძლება ზოგადად ლანდშაფტის ცვლილება გამოიწვიოს.

„ეს არის რუსეთის მიერ გაკეთებული ქმედება, რათა ყველანაირად შეაჩერონ უკრაინის კონტრშეტევა. როგორც ჩანს, ელოდებიან კონტრშეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით, და კახოვკის ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქება უკავშირდება, მაგ ფაქტს. ანუ, ისინი მიდიან ფაქტობრივად მსხვერპლის რაოდენობის გაზრდაზე საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიის ჩათვლითაც კი, ოღონდ ამ ეტაპზე შეაჩერონ უკრაინის კონტრშეტევა.

„თვითონ კაშხლის აფეთქება გამოიწვევს საკმაოდ დიდი ტერიტორიის დატბორვას, ეკოლოგიურ კატასტროფას, და ამან შეიძლება შეცვალოს მთლიანად ლანდშაფტი," -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე