ელზა პაპოშვილი
(04.06.2023)

მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ უკრაინის არმია და პუტინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე რუსული სამხედრო ჯგუფები რუსეთის ტერიტორიებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ 1 ივნისს გამოაცხადეს, რომ იწყებდნენ მორიგ რეიდს რუსეთის სიღრმეში. მთავარი სამიზნე ბელგოროდის ოლქია, რის გამოც ოფიციალური მოსკოვი იძულებულია, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს. 

ადგილზე მორიგი შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკშიც. უკრაინის ხელისუფლება კონტრშეტევის მიზნად უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციას აცხადებს. გავრცელდა ცეცხლის ალში გახვეული შენობებისა და დამწვარი ავტომობილების ვიდეოკადრები. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შებეკინო და ოლქის სხვა დასახლებული პუნქტები იცხრილებოდა ზალპური ცეცხლის სისტემებით, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი.

კიევს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე და რომ მათი მიზანი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაა.

ვინ არიან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“

როგორც უკრაინელი სამხედრეო ექსპერტები ამბობენ, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ ორი ბატალიონისგან შედგება, ხოლო კიდევ 1800-მდე მებრძოლი რიგში დგას და გადის შემოწმებას. ჯამში ერთ ბრიგადამდე იქნებიან.

ანალიტიკოსთა შეფასებით, უშუალოდ სამხედრო დანიშნულების გარდა, რუს მოხალისეთა კორპუსის არსებობას ასევ პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობაც აქვს. ხოლო თუ მოხერხდება რუსეთის ოპოზიციასთან მათი დაკავშირება და მოქმედების სინქრონიზება, კიდევ უფრო საინტერესო სურათი გამოიკვეთება.  

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ რეიდების კიდევ ერთი ირიბი ეფექტია ის, რომ ყოველი ასეთი საბრძოლო ოპერაციის შემდეგ, როგორც წესი, იზრდება რუს მოხალისეთა რიგები.  

ადგილობრივი ხელისუფლება კი უკრაინის ძალებს მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში ადანაშაულებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება „რეალურად ომია“ - ანუ გამოიყენა სიტყვა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავს არიდებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების აღწერისას.

ბელგოროდსა და რუსეთის სხვა ტერიტორიებზე მომხდარ ბოლოდროინდელ აფეთქებებთან უკრაინის პირდაპირი კავშირი გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

„ყველაფერი, რაც რუსეთში ხდება, ეს შიდა ალტერნატიული საპროტესტო განწყობების მკვეთრი ზრდის შედეგია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

რუსი მოხალისეების ტაქტიკა

სამხერო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არიან ეთნიკური რუსები, რომლებიც პუტინის ხელისუფლების მოწინააღმდეგები არიან და ბორის სავინკოვის ტატქიკას იყენებენ. სავინკოვი იყო ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო პირი, რომელიც  ოქტომბრის გადატრიალებას და ბოლშევიკებს ეწინააღმდეგებოდა. 1918 წლის მარტში მოსკოვში მან იატაკქვეშა კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაცია შექმნა. მაისაია ამბობს, რომ  „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ ბრძოლის სწორედ ეს მეთოდი აირჩია.   

„ამ დაჯგუფებების მიზანია ვლადიმირ პუტინის რეჟიმის შერყევა და დამხობა. რამდენად არიან ისინი კავშირში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, ამაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ფაქტია, უკრაინის დაზვერვასთან კომუნიკაცია აქვთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ. სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა იარაღის მიწოდება და სხვადასხვა  დახმარება. 

„ეს ჯგუფები ძირითადად დივერსიულად მოქმედებენ. რეალურად რამდენად ანაგრიშგასაწევები არიან და რა ძალას წარმოადგენენ, ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია. ეს არის პატარ-პატარა დივერსიები, რომლითაც პუტინის შეშინება გაჭირდება, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთს დამტებით ძალები დასჭირდება ამ ჯგუფების გასანეიტრალებლად. 

„ფაქტია, რომ დიდ ზიანს ჯერჯერობით პუტინს ვერ აყენებენ. არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერები და არ მოქმედებენ მაღალი სამხედრო ტქატიკით. ამიტომ მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ისინი ბოლომდე რაღაც სერიოზულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, დღეს რუსეთში პუტინის რეიტინგი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მაღალია, ოპოზიცია კი ძალიან სუსტია. ამიტომ ამ დაჯგუფებების მოქმედება კრემლში მნიშვნელოვან რყევებს ვერ გამოიწვევს.   

„სამწუხაროდ მგონია, რომ ამ დაჯგუფებების მოქმედებამ შესაძლოა პუტინს პოზიციები კიდევ უფრო  გაუმყაროს. მას შეუძლია ეს გამოიყენოს რუსული საზოგადოების კიდევ ერთხელ შესაშინებლად და პროპაგანდის მეშვეობით ხალხი დაარწმუნოს, რომ რუსებს მის გარეშე დიდი საფრთხე ელით. ამიტომ ის ხალხს დააჯერებს, რომ თუ  ხელისუფლებაში არ იქნება, რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება და არეულობა დაიწყება. 

„რუსეთში ლიბერალური ოპოზიცია ძალიან სუსტია. ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც საქართველოში ჩვენმა ხელისუფლებამ არ შემოუშვა, პუტინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მას არ აქვს დიდი გავლენა რუსულ საზოგადოებაზე. არც გარი კასპაროვი გამოირჩევა დიდი რეიტინგით. ალექსანდრე ნავალნი, რომელიც ამათთან შედარებით რეჟიმის სერიოზული ოპონენტი იყო, ვნახეთ რა სიტუაციაშიც ჰყავთ და როგორ გამოკეტეს. 

„ამიტომ ამ ძალების მოქმედება ლიდერის გარეშე დიდ არაფერ შედეგს არ მოიტანს, თუმცა შესაძლოა უკრაინელებს ომის დროს წაეხმაროს იმაში, რომ რუსები იძულებულები გახდნენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის რაღაც ნაწილები მოხსნან და ამ მიმართულებებზე გადაიყვანონ, რითაც უკრაინელები ისარგებლებენ და შეტევას წამოიწყებენ, ანუ სუსტ წერტილებში დაარტყამენ. სხვა რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არ ველი“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

კიდევ სად შეიძლება გამოჩნდნენ პარტიზანული ჯგუფები 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ რუსეთის სიღრმეში ჩამოყალიბებული პარტიზანული დაჯგფუფებები მარტი არ მოქმედებენ და მათ უკრაინელები ეხმარებიან. მისივე შეფასებით, უკრაინელები ცდილობენ ფრონტის ხაზი გაწელონ, ამით კი რუსები იძულებული ხდებიან ძალები ხელახლა გადაანაწილონ.  

„ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ოპერაცია. წარმატებული შეტევა იწყება წარმატებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებით. ამით უკრაინელები აჩვენებენ იმასაც, რომ რუსეთის საზღვრები შეუღწევადი არ არის - შეიძლება იქ შეხვიდე და მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენო. მე ვფიქრობ ამ პარტიზანული დაჯგუფების უკან უკრაინელები დგანან და ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ.

„ფრონტის გაწელვით უკრაინელები რუსებს  დილემას უქმნიან. ხოლო როცა ბევრია დილემა, ამ დროს რთულდება გადაწყვეტილების მიღება. ჩემი აზრით, მაინც მზადდება გარემო უკრაინელების შემდეგი მოქმედებებისთვის. რუსი მეთაურები ახლა ფიქრობენ - გააძლიერონ თავდაცვა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში, თუ გააძლიერონ თავისი ხაზები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  მათ ეს პრობლემა უკვე გაუჩნდათ. 

„რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა ამ პარტიზანულმა დაჯგუფებებმა ფეხი მოიკიდონ და რაიმე სერიოზული როლი ითამაშონ, ეს ნაკლებად მგონია. ასეთი პატარ-პატარა სიუპრიზები იქნება, მაგრამ რაიმე სერიოზულ შეტაკებებს რუსეთის სიღრმეში ამ პარტიზანული ჯგფების მხრიდან არ ველი“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“. 

იგი ხვალ და ზეგ დაპირისპირების კერების გაჩენას  ჩრდილოეთ კავკასიაშიც არ გამორიცხავს. ფიქრობს, რომ პარტიზანული მოქმედებები შესაძლოა თათრეთში, ბურიატიაში და რუსეთის სხვა რეგიონებშიც განვითარდეს. კაპანაძის შეფასებით,  რუსეთს არ აქვს დალაგებული ვითარება ბევრი მიმართულებით და ამიტომ ამ მხრივ სიუპრიზები ნამდვილად მოსალოდნელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე