ელზა პაპოშვილი
(30.05.2023)

მოსკოვზე 30 მაისის განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ, რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში სერიოზული პანიკის ნიშნები შეიმჩნევა. სოციალური ქსელებით ვრცელდება მომხდარის ვიდეოკადრები შეშფოთებულ მოქალაქეთა კომენტარებით. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარიდან რამდენიმე საათში გააკეთა განცხადება, რაც აქამდე არ მომხდარა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი საგანგებოდ გააფრთხილეს ყველა, რომ ამ ინცინდეტზე ყალბი ცნობების გავრცელება მკაცრად დაისჯება და მედიამ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელოს, როს გამოც ინფორმაცია სამშაბათის მოვლენებზე მწირია.

30 მაისს დილით ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე საბრძოლო დრონებით დარტყმები განხორციელდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდა 25-დან 30-მდე საბრძოლო დრონი. ოფიციალური ცნობით, მათი უმრავლესობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს, თუმცა 3-მა დრონმა მაინც მიაღწია მოსკოვამდე და საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა. ეს მოხდა ლენინის პროსპექტზე, პროფკავშირების ქუჩასა და ატლასოვის ქუჩაზე.

ლენინის პროსპექტთან დაკავშირებით ცნობილია, რომ დრონი 30-სართულიან კორპუსს შეეჯახა მე-14 სართულის დონეზე. იგი სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი, თუმცა მათი დეტონაცია არ მოხდა. სახლიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც ახლოს მდებარე სკოლაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამხედროები. 

რუსები წერენ, რომ მოსკოვზე თავდასხმისთვის გამოიყენეს მანამდე უცნობი თვითმფრინავის ტიპის დრონები „იხვის“ აეროდინამიკური დიზაინით – იგივე, რაც კრასნოდარზე 26 მაისს გამხოეციელებული თავდასხმისას. იგი აღჭურვილია შიდა წვის ძრავით და ფრთების სიგრძე მინიმუმ 4 მეტრი აქვს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ამ თავდასხმასთან პირდაპირ კავშირს უარყოფს.

ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კი მომხდარის გამო კიდევ ერთხელ და მისთვის დამახასიათებელი უცენზურო ლექსიკით გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

პუტინის პირველი განცხადება დრონებით თავდასხმაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, ეს დარტყმა იყო პასუხი უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე თავდასხმაზე. 

პრეზიდენტის სიტყვები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მოსკოვი პირველად აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ თავს დაესხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შტაბს. კიევს მსგავსი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსეთზე თავდასხმების შესახებ თითქმის მაშინვე, როცა ისინი მოხდა. მან განაცხადა, რომ კიევი განზრახ დაესხა თავს სამოქალაქო ობიექტებს და ამას ტერორიზმი უწოდა. 

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვში საცხოვრებელ შენობებს მოხვდა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს. აქედან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ისინი შესაძლოა შემთხვევით მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

პუტინმა თქვა, რომ მოსკოვზე დარტყმით რუსეთს „სარკისებრი ქმედებებისკენ უბიძგებენ“. რა ქმედებებზეა ლაპარაკი, მას არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსებსაც მიაქვთ დრონებით მასიური იერიში უკრაინის ქალაქებზე, განსაკუთრებით კიევზე მათი სამიზნე საკმაოდ ხშირად ხდება სამოქალაქო ობიექტები.

მოსკოვზე თავდასხმის სხვადასხვა ვერსიები

სამხედრეო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მოსკოვზე განხორციელებული თავდასხმა ჩინური დრონებით მოხდა, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. მაისაია ამბობს, რომ ეს შეიძლება უკრაინის მხრიდან განხორციელებული დარტყმა იყოს და გასაკვირი ამაში არაფერია. მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად რუსეთშიც საკმაოდ რთულია სიტუაცია და შიდა დაპირისპირების ფონზე, უწყებებს შორის კოორდინაცია მორღვეულია. თუმცა მაისაია არც იმას გამორიცხავს, რომ ეს თავად კრემლის კარზე დაწყებული შიდა დაპირსიპრების შედეგი იყოს.   

„ძალიან რთულია ზუსტად ითქვას, არის თუ არა ეს უკრაინელების მხრიდან განხორცელებული დარტყმა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს ასეა. შიდა კლანური დაპირისპირება პროგოჟინსა და შოიგუს შორის იმდენად მწვავეა, რომ არც ეს სცენარია გამოსარიცხი, რომ ერთმანეთს კუნთებს უჩვენებდნენ. პრიგოჟინმა ფაქტობრივად ყველა ხიდი დაწვა და წითელ ხაზს არის უკვე გადაცდენილი. ამიტომ აქ გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. 

„სხვათა შორის, რუსები გაკვირვებულები დიდად არ მეჩვენებიან და ვფიქრობ, მათ ჰქონდათ და აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინელები ასეთი ოპერაციების განხორციელებას შეძლებენ. რუსი ანალიტიკოსები მედიაში უკვე აკეთებდნენ ამაზე კომენტარებს, რომ უკრაინელებს შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზეც თავისუფლად შეუძლიათ მსგავსი თავდასხმების მოწყობა. მოსკოვიდან ფრონტის ხაზამდე სულ რაღაც 2000 კმ-ია. 

„დრონები კი 4 სახეობისაა, ეს არის სარაკეტო დანიშნულების, ოპერატიული და ტაქტიკური ტიპის დრონები. ასეთი დარტყმითი ოპერაციები ოპერატიული ტიპის დრონებსაც კი შეუძლია. ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია, ეს შეიძლება მოსკოვიდანვე დივერსიული ჯგუფების მიერ განხორციელებული შეტევა იყოს. მითუმეტეს, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბა და კიევზეც იყო თავდასხმა, რაც უკრაინელებმა მოიგერიეს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ეს საპასუხო თავდასხმა ყოფილიყო“, -ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

„რუსებს მოუწევთ აირჩიონ, საკუთარი ტერიტორიები დაიცვან თუ ოკუპირებული“

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფორსი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არაა გამორიცხული და ლოგიკურიც არის, რომ უკრაინამ კიევზე თავდასხმას მოსკოვზე საპასუხო დარტყმით უპასუხა. 

„ომია და ომში ყველაფერი შესაძლებელია. ეს უფრო  უკრაინელების მხრიდან საპასუხო დარტყმას ჰგავს. დამარტყი და დაგარტყი - აი, ეს ლოგიკაა და სხვა არცერთ მხარეს ეს არაფერს აძლევს. ანუ რუსებისთვის მოხდა იმის ჩვენება, რომ „არც თქვენ ხართ დაცულები და ჩვენც შეგვიძლია, თუკი მოვინდომებთ, მოსკოვს დავარტყამთ“. ესაა რუსების უსუსურობის და დაუცველობის ჩვენება. რაც, რა თქმა უნდა, თავად კრემლის შიგნით დაპირისპირებას აღვივებს და საზოგადოებაში კრემლის პოლიტიკის მიმართ უკვე ეჭვებს აჩენს. 

„არც ისაა გამორიცხული, მოსკოვში დივერსიული ჯგფუფები მუშაობდნენ. ბელგოროდსა და კრასნოდარზე იგივე სახის თავდასხმები უკრანელების ტაქტიკის ნაწილია, რითაც ცდილობენ რუსების ყურადღება მათსავე ტერიტორიაზე გადაიტანონ. 

„რუსებს უკვე არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი - საკუთარი ტერიტორიები დაიცვან, თუ ოკუპირებული. ადრე თუ გვიან,  უკრაინელების ამ შეტევის შემდეგ, მათ მოუწევთ ამ არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, დაცვის რაღაცა ნაწილს მოხსნიან და ზურგში გადაისვრიან. ეს კი უკრაინელებისთვის ძალიან კარგი შანსი იქნება, რათა სწორედ ამ სუსტ წერტილებში დაარტყან“, - ამბობს  ბერიძე „რეზონანსთან“.

როდის დაიწყებს კონტრშეტევას უკრაინა  

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას და უკრაინლების მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას, მაისაია ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ყველა მიმართულებაზე სიჩუმეა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადებოდეს, რუსები კი თავდაცვით ზღუდეებს ამაგრებდნენ. 

„ფრონტის ხაზზე ახლა ყველა მიმართულებით სიჩუმეა და ეს საკმაოდ საეჭვო დუმილია, რომელიც რაღაცის მომასწავლებელი შეიძლება იყოს. არაა გამორიცხული, რომ ეს სწორედ უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის წინა პერიოდია. ისინი ემზადებოდნენ, დროს და ადგილს არჩევდნენ. თუმცა კონტრშეტევის შეფერხების სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. 

„კონტრშეტევისთვის საკმაოდ კარგი მომზადებაა სააჭირო. იარაღის შეგროვებაა საჭირო და დასავლეთიდან ისინი კიდევ ელოდებიან, როგორც ჩანს, დამატებით შეიარაღების მიწოდებას. 

„კონტრშეტევას უნდა ჰქონდეს თავისი შედეგები. ასევე რუსებიც გულზე ხელდაკრეფილები არ სხედან  და თავდაცვით ზღუდეებს ამაგრებენ. ასევე შესარჩევია ისეთი წერტილები, სადაც მათი თავდაცვა სუსტია და სწორდ ამ ადგილებში დაიწყონ პატარ-პატარა შეტევები. ამიტომ, რაც უფრო  მატულობს ტემპერატურა და კლიმატი იცვლება, შეტევა მით უფრო  დაგვიანებული იქნება. შესაბამისად, უკრაინამ ეს შეტევა წესით უკვე უნდა დაიწყოს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე