ნაზი ბერიძე
(29.05.2023)

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი ლიმანის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. მან ახლო მომავალში უკრაინის მხრიდან კონტრშეტევა დაანონსა, რისთვისაც უკრაინის სამხედრო ძალები მოემზადებიან. როგორც სირსკიმ თავის თელეგრამ-ზე დაწერა, ის შეხვდა ქვედანაყოფების მეთაურებს, რომლებიც ახლა ყველაზე „ცხელ წერტილებში" ასრულებენ დავალებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მალე უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე გადავლენ.

„ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ სამხედრო ოპერაციების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება, და განვსაზღვრეთ კონკრეტული ამოცანები სამხედროების მოსამზადებლად" - აღნიშნა სირსკიმ.

მეთაურმა ასევე განაცხადა, თუ სად იგერიებენ უკრაინელი სამხედროები მტრის შემოტევას. „ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ საზღვრებისა და პოზიციების შენარჩუნებას, და ისინი ცდილობენ მოიგერიონ მტრის ყველა მცდელობა, წინ მიიწევენ ბელოგოროვსკის, ნოვოსელოვსკის, ტორსკის რაიონებში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რუსეთის სამხედრო პერსონალს და აღჭურვილობას", - განაცხადა სისკიმ

ამასთან, რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში ომის ესკალაცია დაანონსა. ანდრეი კელინის თქმით, ნატოს ქვეყნების, „განსაკუთრებით" დიდი ბრიტანეთის ქმედებები ომის გახანგრძლივებასა და „ახალი განზომილების" გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს.

თუმცა, ელჩმა დაბეჯითებით აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს „უზარმაზარი რესურსები" და მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე ერთ წელზე მეტია მძვინვარებს, რუსეთს „ძალიან სერიოზულად მოქმედება" ჯერ არ დაუწყია.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" უკრაინის კონტრშეტევის გასულ შემოდგომაზე განხორციელებული სამხედრო ქმედების მსგავსებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის ახლა განხორციელდება ერთი მიმართულებით.

„კონტრშეტევის სტრატეგიას რაც შეეხება, ის იქნება როგორც იყო შარშან შემოდგომაზე, ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით, კონცენტრირებული დარტყმის ტაქტიკა იქნება არჩეული.

„კონცენტრირებული დარტყმის სტრატეგია მოიცავს იმას რომ ერთი კონკრეტული ფრონტის ხაზის მიმართულებით ხდება კონცენტრაცია საკმაოდ სერიოზული შეტევითი ძალების და მისი მიმართულებით ხორციელდება მასობრივი შეტევა და სხვა ფრონტის ხაზების ე.წ. თვალს მოტყუებული ტიპის იმიტაციური შეტევის განხორციელება, რომ მოახდინონ მოწინააღმდეგის სრული დაბნევა.

„მაგრამ მთავარი იერიში იქნება ერთი მიმართულების ხაზის კონტექსტში. აი ამ მომენტს გამოიყენებენ უკრაინელები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალი ამ სტრატეგიის დასრულებას თუ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ორი დამოუკიდებელი შეტევის წარმოება ცოტა გართულებული იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

„კონტრშეტევა ალბათ, იქნება მაშინ როცა ამინდის პირობები და როცა დასავლეთიდან მიწოდებული შეიარაღების მოცულობა იქნება საკმაოდ ადეკვატური, მაშინ შეიძლება მოხდეს.

„რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის მხრიდან განხორციელებული კონტრშეტევა ჯერჯერობით ამის პროგნოზირება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება და რთულია" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე