თამთა ჩაჩანიძე
(28.05.2023)

უკრაინის ჯარების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მიერ ორი დღის წინ „ტელეგრამზე" გამოქვეყნებული განცხადება ანალიტიკოსთა ნაწილმა უკრაინელთა კონტრშეტევის დაწყების ნიშნად მიიჩნია. თუმცა, ფრონტზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გააქტიურება არ შეიმჩნევა და მხარეები ძირითადად ერთმანეთზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.

ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, ზალუჟნის განცხადება პირველ რიგში ფსიქოლოგიურ ეფექტზე იყო გათვლილი, რათა კარს მომდგარი კონტრშეტევის წინ მოწინააღმდეგე მორალურად დაეთრგუნა. ამასთან, როგორც ისინი „რეზონანსთან" აცხადებენ, კონტრშეტევის ნიშნები უკვე არის და ბელგოროდის ოლქში განვითარებული მოვლენები ამის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

რაც შეეხება უშუალო ფრონტზე არსებულ ვითარებას, ცხელი წერტილებია ბახმუტი, მარიინკა და ავდეევკაა. უკრაინელები სვიატოვოსკენაც გააქტიურდნენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პროგოჟნის განცხადება ბახმუტის აღებაზე ფაქტიურად ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ქალაქში წინააღმდეგობის კერები კვლავ არის და 1-ლი ივნისიდან, „ვაგნერელების" გასვლის შემდეგ, შესაძლოა სიტუაცია სულაც უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალოს.

ამის პარალელურად, სამი დღეა გააქტიურდა უკრაინის სარაკეტო დარტყმები, მათ შორის „შტორმ შადოუს" ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკის მიმართულებით, სადაც რუსების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო-ლოჯისტიკური ცენტრია.

28 მაისს გამთენიისას კი, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების „შაჰედ" 136/131-ის დრონებით იერიში მიიტანა. რუსებმა 54 დრონი გაუშვეს, რაც უკრაინის საჰაერო ძალების ცნიობით რეკორდული რაოდენობაა. ამათგან უკრაინამ 52 ჩამოაგდო. თავდასხმა რუსეთის ბრიანსკისა და კრასნოდარის რეგიონებიდან ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხუთი მიმართულებით მიმდინარეობს - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარიინკის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით შეიმჩნევა მტრის აქტივობის დინამიკის კლება, ხოლო „ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტიდან დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, „ლატენტურ კაპიტულაციას" ნიშნავს.

ჯიპას პროფესორი გიორგი კიბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია, სადაც უკრაინელებს სამი ქუჩა ჯერ კიდევ უკავიათ. მისი თქმით, ბოლო სამი დღეა უკრაინის სარაკეტო დარტყმები ბერდიანსკის მიმართულებით გააქტიურდა, სადაც რუსების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო-ლოჯისტიკური ცენტრია.

„ბახმუტში უკრაინელებს ე.წ. თვითმფრინავის რაიონის ნაწილი უკავიათ. ესაა სამი ქუჩა. შეტაკებები კი პერიფერიებში მიმდინარეობს. ქალაქის 95% რუსების ხელშია. იქ არიან რუსული სპეცდანიშნულების რაზმები, მობილიზებულები და „ვაგნერელები" - ერთად 50-დან 70 ათას სამხედრომდეა.

„ვაგნერი" რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და თავზეხელაღებული ძალაა და მათი გასვლის შემდგომ ბახმუტში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუმცა როგორ - ეს ძნელი სათქმელია.

„შეტაკებების დონეზე ფრონტზე ისეთი აქტივობები არ მიდის, მაგრამ სარაკეტო დარტყმებია გახშირებული, განსაკუთრებით ბერდიანსკის მიმართულებით, რომელიც უკრაინაში რუსების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო-ლოჯისტიკური ცენტრია. ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქში დიდი ლოჯისტიკური მომარაგების ქსელის შექმნა გართულდებოდა, რადგან დაიბომბა.

„რუსებმა ბერდიანსკი ისე დაიკავეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. მათ ამ ტერიტორიაზე გენერალიტეტისთვის ძალიან ძლიერი სამეთაურო პუნქტები და იარაღის საწყობები ააგეს. ბოლო 72 საათია დღე და ღამე ბერდიანსკის დაბომბვა მიდის. რამდენიმე „შტორმ შადოუც" იყო გაშვებული. დასავლური ტექნილოგიებით სწორედ ბერდიანსკს ურტყამენ. ეს სწორედ იმის მანიშნებელია, რომ უკრაინელები ფრონტის ზურგში მომარაგების ცენტრებთან ერთად, სამეთაურო პუნატების განადგურებასაც ცდილობენ, რათა შოკი, დაბნეულობა შეიტანონ მოწინააღმდეგის რიგებში და შემდგომ კონტრშეტევა იყოს.

„უცნაურობა სწორედაც ესაა, რომ ვერ ვიტყვით ზუსტად შეტევის რომელი მიმართულება იქნება. „შტორმ შადოუები" გამოყენებული იყო ლუგანსკისკენაც და სავარაუდოდ ბერდიანსკის მიმართულებითაც იყენებენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება უკრაინული შეტევის მთავარი ღერძი", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე ცხელი წერტილები ბახმუტი, მარიინკა და ავდეევკაა. უკრაინელები სვიატოვოსკენაც გააქტიურდნენ.

„ფრონტზე ცხელი წერტილები ბახმუტი, მარიინკა ავდიივკაა. ბახმუტის ჩრდილოეთით რუსები მიიწევენ წინ, სამხრეთით კი - უკრაინელები. ლოკალური შეტაკებებია რამდენიმე მეტრიანი წინ წასვლით და უკან დახევით.

„საუბარია, რომ უკრაინელები ბახმუტის ჩრდილოეთით სვიატოვოსთანაც გააქტიურდნენ. ზოგადად, როგორც ვიცი, ამ მიმართულებებზე თავსხმა წვიმებია და შეიძლება საბრძოლო მოქმედებები დროებით ამანაც შეაჩერა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

დაიწყო თუ არა უკრაინამ დაანონსებული კონტრშეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ „ტელეგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან. ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებდეს.

„დროა დავიბრუნოთ, რაც ჩვენია", - აცხადებს ზალუჟნი.

27 მაისს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა „ბიბისისთან" განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა, რუსული ძალების წინააღმდეგ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა განახორციელოს". მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუმცა დასძინა, რომ „ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში".

„ამა თუ იმ მოვლენების დაწყების თარიღების დასახელება საბედისწერო იქნება. ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო დავალება გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და გვესმის, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს", - აღნიშნა დანილოვმა.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" საუბრისას უკრაინელთა კონტრშეტევის პოტენციურ მიმართულებებსა და სავარაუდო სცენარებს განიხილავს. ზალუჟნის განცხადებას კი, მისი აზრით, მხოლოდ ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა.

„ეს უფრო მეტად მორალური მომზადებაა უკრაინელებისთვის და მორალური დათრგუნვა მოწინააღმდეგეებისთვის, რომ შეტევა კარს მომდგარია. რეალურად შეტევის დაწყებას ძალიან მარტივად ვიხილავთ, რადგან, დიდი ალბათობით, გააქტიურება არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით იქნება. შესაძლოა კონტრშეტევა ყველა მიმართულებაზე ერთდროულად არ დაიწყოს და ჯერ ერთი მიმართულება გააქტიურდეს და შემდგომ პროცესუალურად სხვებიც მიყვნენ. ზუსტად ისეთივე მოვლენები იქნება, როგორიც იყო ხარკოვისა და მანამდე ხერსონის ოპერაციის წამოწყება. ამ ოპერაციებს შორის შუალედი ექვსი დღე იყო.

„ამასთანავე, ხაზგასასმელია ის, რომ კონტრშეტევის ნიშნები უკვე არის. როდესაც ჩვენ ბელგოროდის ოლქში უკრაინული ძალების შესვლა ვიხილეთ, ეს ამ კონტრშეტევის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რადგან რუსეთი აიძულეს ძალები ამ მიმართულებაზე გადაესროლა და პოზიციები დაეცვა. მათ ლუგანსკიდან ნაწილების გადმოსროლა დასჭირდათ, რადგან ბელგოროდი ლუგანსკს ესაზღვრება და შესაბამისად, რუსები იძულებულები იყვნენ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად გადაჯგუფებულიყვნენ.

„ამასთანავე, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ, რაც რუსებს აფიქრებინებს, რომ არაა გამორიცხული, რომ უკრაინელებმა ანტიპუტინისტური რუსული ძალები გამოიყენონ და ერთ-ერთი ფრონტი და მნიშვნელოვანი ხაზი ბელგოროდის მიმართულებით გაიხსნას. ამიტომ ახლა უკრაინელებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ, რასაც მაქსიმალურად იყენებენ.

„უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეტევის პოტენციური მიმართულება ოთხია: ხერსონის დარჩენილი ოლქის გათავისუფლების მცდელობა, რომელიც მდინარე დნეპრს გადაჰყურებს; მეორე - ზაპოროჟიეს მიმართულება, რომლის ფარგლებშიც შეიძლება იყოს ბერდიანსკისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება; მესამე და საკმაოდ რთული მიმართულება შეიძლება იყოს დონეცკის ოლქში ვოლნოვახა-მარიუპოლის გზის გათავისუფლება და მარიუპოლისკენ გაჭრა, რაც ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ჰიპოთეტურად ესეც შეიძლება; და მეოთხე - რთული, მაგრამ მაღალშედეგიანი შესაძლო მიმართულება, ესაა ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილი, ანუ სტარობილსკის რაიონის გათავისუფლების მცდელობა.

„სტარობილსკის მიმართულებით შეიძლება ყველაზე შედეგიანობა იყოს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებულია და რუსული მომარაგების ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა. მაგრამ ეს ტერიტორია რუსეთის საზღვარს იმდენად ემიჯნება, რომ შესაძლოა მძიმედ განსახორციელებელი იყოს, რადგან რუსები საზღვრიდან ალბათ დამატებით ძალებს გადმოისვრიან. თუმცაღა კონკრეტულ ოლქში უკრაინელები კონკრეტულ რა მიმართულებას აირჩევენ, ახლა ძნელი სათქმელია", - განაცხადა კობერიძემ.

მისივე შეფასებით, ბელგოროდის ოპერაცია ერთგვარი მინიშნება იყო, რომ უკრაინელები აქტიურ ფაზაში არიან, კონტრშტევის დაწყება კი ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

„ბელგოროდის ოპერაციის წამოწყება ერთგვარი მინიშნება იყო, რომ უკრაინელები უკვე აქტიურ ფაზაში არიან გადასული. უკრაინელების გააქტიურება ნებისმიერ დღეს შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ერთი თვეც გაიწელოს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეტევა რამდენიმე საათშიც დაიწყოს.

„აქ მთავარი ისაა, რომ უკრაინელებმა მთელი ერთი თვის განმავლობაში ზოგიერთი მიმართულებით გააქტიურება სცადეს, მაგალითად ტოკმაკის მხარეს, ესაა ზაპოროჟიეს მიმართულება, სადაც რუსული თავდაცვის ძალების სიძლიერის ტესტირება ჩაატარეს და დასკვნები გამოიტანეს. რამდენიმე გააქტიურება უკვე იყო და ერთი-ორი სატესტო კიდევ შესაძლებელია, რომ შემდეგ მასობრივი შეტევა დაიწყოს", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონტრშეტევის წინასწარ გაცხადება კონკრეტულ ეფექტზეა გათვლილი. ახლა კი უკრაინის მხრიდან მიდის დაზვევრვა ბრძოლით და კონტრშეტევის დაწყებას მინიმუმ ორი მიმართულების გააქტიურებით მივხვდებით.

„ამ მომენტისთვის შტევას იწყებენ თუ არა, ეს ცოტა რთული სათქმელია. ზოგადად, სჯობს ისე დაიწყონ, რომ არ განაცხადონ. მაგრამ, წესით, ამის წინასწარ გაცხადება რაღაცაზეა გათვლილი და ეფექტი უნდა ჰქონდეს.

„შეტევა დაიწყო თუ არა, მაშინ მივხვდებით, როცა მოქმედებები მასიურად დაიწყება. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ესაა დაზვერვა ბრძოლით და რაღაც ლოკალური შეტაკებები. შეტევა უნდა იყოს მასიური, მინიმუმ ორ მიმართულებაზე მაინც, ერთი მთავარი, მეორე ყურადღების გადამტანი, რაც მასიური საჰაერო შეტევით დაიწყება", -განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე