ნაზი ბერიძე
(27.05.2023)

ხუთშაბათს, 25 მაისს რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, მოსკოვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მისი მოკავშირის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებაზე, თუმცა იარაღზე კონტროლს ისევ კრემლი ინარჩუნებს. ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმის გადაწყვეტილება, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგმეს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ რომ რუსეთი ამ ქმედებას ახორციელებს მხოლოდ ნატოსა და უკრაინის დასაშანტაჟებლად. ის არღვევს იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომელიც ბელორუსის ტერიტორიიდან ბირთვული იარაღის გაყვანას და ბელარუსის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააანონსა ბელორუსში მცირე რადიუსის ბირთვული იარაღის განთავსება, რაც ნიშნავს გაფრთხილებას დასავლეთისთვის, რომელმაც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერა.

გაურკვეველია რამდენი ბირთვული იარაღი დასაწყობდება ბელორუსიაში. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთს აქვს ტაქტიკური ბირთვული იარაღის დაახლოებით 2000 ერთეული, რომელიც მოიცავს ბომბებს, ქობინებს მოკლე დისტანციის რაკეტებისთვის და საარტილერიო რაუნდებს, რომლებიც გადაიზიდება თვითმფრინავით. როდის განთავსდება იარაღი ბელარუსში, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, პუტინის თქმით, ბელარუსში საწყობების მშენებლობა 1 ივლისისთვის დასრულდება. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი მიზნად ისახავს ბრძოლის ველზე მტრის ჯარების და იარაღის განადგურებას. მათ აქვთ მოქმედების შედარებით მოკლე დიაპაზონი და შეუძლიათ მთელი ქალაქების განადგურება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას „უკიდურესად ნეგატიური" რეაქცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმა განაგრძო

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს უკიდურესად სახიფათო ესკალაციას", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, შეთანხმება ეწინააღმდეგება მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს ვალდებულებები. ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის თანამონაწილეა. სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მცდელობა ძლიერი და კოორდინირებული რეაქცია მოჰყვება", - აღნიშნა ბორელმა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს რუსეთის სრულიად გაუზრებელი ნაბიჯია და მიიჩნევს რომ ეს უბრალოდ ნატოში შემავალი სახელმწიფოებთან მიმართებით შანტაჟის სქემაა, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო ქაოსურს გახდის და დაძაბავს.

„ეს არის რუსეთის მხრიდან სრული ბოლომდე გაუაზრებელი ნაბიჯი, როდესაც ქვეყანაში, სადაც 1994 წლიდან ბირთვული შეიარაღება არ არის, რუსეთი საკუთარ ბირთვულ საშუალებებს ათავსებს. მართალია, ეს იარაღი არ გადადის ბელორუსიის ხელში ფორმალურად, მაგრამ ეს არის ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული რაკეტები. ამით რუსეთმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სახელმწიფოებს დაუახლოვა საკუთარი ბირთვული იარაღი. რა თქმა უნდა, ეს მუქარის და შანტაჟის გამოხატულებაა

„ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ბელორუსის ტერიტორია უნდა დაიცვან ნატოს ქვეყნების შეტევისგან. რეალურად კი გამოდის პირიქით, იგი იქით ედავება და ემუქრება ნატოს სახელმწიფოებს.

„მსგავსი ნაბიჯები საერთაშორისო ურთიერთობის ყველა ასპექტზე ახდენს ნეგატიურ გავკლენას. ეს მხოლოდ ძაბავს ურთიერთობებს. ახლა, ამ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გაართულებს ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს", - განაცხადა „რეზონანსთან"ირაკლი მენაღარიშვილმა.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილიც მიიჩნევს, რომ მოსკოვი ამ გადაწყვეტილებით დასავლეთს აშანტაჟებს, თუმცა, ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმას.

„ბელარუსს რუსეთი არ მისცემს უფლებას, რომ განაგოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. უბრალოდ განთავდება ბელორუსის ტერიტორიაზე, თუმცა რუსეთი განაგებს მას.

„როგორ აისახება ეს ფაქტი საერთაშორისო ურთიერთობებზე, ძნელი სათქმელია. ეს თავისთავად შანტაჟია. პუტინი, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებს ამ იარაღს, მაგრამ დააშანტაჟებს უკრაინას. რუსეთმა რომ გამოიყენოს ეს იარაღი, მაშინ მას მთელი მსოფლიო აუჯანყდება და აშშ მთელ სამხედრო ძალას გაუნადგურებს რუსეთს", - განაცხადა „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე