თამთა ჩაჩანიძე
(26.05.2023)

რუსეთმა უკრაიანა მასირებულად ისევ დაბომბა, კიევზე შთევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა, რაც შეეხება უშუალოდ ფრონტს, აქ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა, თუმცა უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ კონტრშეტევა დაწყებულია და უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი საგანგებოდაა შექმნილი, რადგან შეიძლეა უკრაინის მხრიდან რაღაც სერიოზულ „სიურპრიზებს" ველოდოთ, როგორც ეს ხერსონისა და ხარკოვის ოპერაციების წინ მოხდა.

რუსეთმა მაისის თვეში კიევზე უკვე მეცამეტე მასიური შეტევა განახორციელა, რომელიც თითქმის სამ საათს გრძელდებოდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს სხვადასხვა სახეობის 17 რაკეტა და 31 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთმა კასპიის ზღვის რაიონიდან, ტუ-95 ტიპის თვითმფრინავებიდან 10 ფრთოსანი რაკეტა ისროლა, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან 7 საზენიტო-მართვადი რაკეტა.

გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან შეტევა განხორციელდა ირანული წარმოების 31 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია 10 ფრთოსანი რაკეტა და 23 დრონი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის თავზე განადგურებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავი და კერძო სახლი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაწყებულია და უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

„კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრის გასწვრივ 1500 კილომეტრზე ინტენსიური ომი მიმდინარეობს, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია", - განუცხადა პოდოლიაკმა იტალიურ ტელეკომპანია „რაი"-ს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამენ და მათ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის გამოიყენებენ.

ამასთან ჯერჯერობით გაურკვეველია რეალურად რა ხდება ბახმუტში, რუსული მხარე ირწმუნება, რომ ქალაქი სრულიად მათ კონტროლქვეშაა, უკრაინელები კი ამბობენ, რომ წინააღმდეგობის კერები კვლავ არის. თუმცაღა რუსი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილებით „ვაგნერი" ბახმუტიდან გადის.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, რომ ბახმუტში წინააღმდეგობის კერები კვლავ არის, ქალაქის ირგვლივ კი აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიდის, ამ ფონზე კი „ვაგნერი" 1-ელ ივნისს გადის.

„პრიგოჟინი დღეს „ვაგნერელებს" შეხვდა ბახმუტში და დაჰპირდა, რომ 1-ელ ივნისს ქალაქიდან გავლენ და კონტროლს თავდაცვის ძალებს გადააბარებენ. ეს პროცესი ამჯერად ალბათ მართლაც დაიწყება (რა სისწრაფითა და მასშტაბით მოხდება, ეს საკითხავია), მაგრამ ბახმუტის აღების ისტორია ცხადია არასრული გამოხდა - პრიგოჟინის გავრცელებულ ვიდეოშივე შეტაკებებისა და აფეთქებების ხმა ისმის, ხოლო უკრაინელები აცხადებენ რომ ე.წ. „თვითმფრინავის" რაიონს ისინი აკონტროლებენ. აღნიშნული რაიონი ქალაქის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

„ბახმუტის ირგვლივ ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. შეტევითი ინიციატივა უკრაინელთა ხელშია. ძალიან სწრაფად იზრდება რუს ტყვეთა რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი მობილიზებულია. ამასთან, დღეს ბახმუტთან ტყვეების გაცვლა მოხდა. 106 უკრაინელი სახლში იქნა დაბრუნებული. ამასთან, მათი უმრავლესობა დაკარგულად იყო მიჩნეული.

„უკრაინელებმა 2 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო ზაპორიჟიას ოლქში. ერთ-ერთი სუ-25 მელიტოპოლში აეროპორტში ჩავარდა. ამასთან, ბოლო ორ დღეში 3 რუსული შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული.

გუშინ აფეთქებები იყო ყირიმში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამასთან, ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სადაზვერვო საფრენი აპარატები იქნა შემჩნეული. სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე უკრაინელები ყირიმის მიმართულებით „სტორმ შედოუს" კლასის ფრთოსან რაკეტებს ჯერ კიდევ არ იყენებენ.

„საბრძოლო მოქმედებების მხრივ მეტ-ნაკლები სიმშვიდეა ან საინფორმაციო ვაკუუმია. რეალურად, უკრაინელები ინფორმაციას დახურავენ, როგორც ეს ხერსონისა და ხარკოვის ოპერაციის წინ იქნა განხორციელებული", - წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე