თამთა ჩაჩანიძე
(19.05.2023)

რუსულმა ძალებმა უკრაინას გასულ 24 საათში რამდენიმე ათეული საჰაერო დატყმა მიაყენეს, მთავარი სამიზნე კი კვლავ კიევი იყო. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ბახმუტში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია, უკრაინელებისთვის ტერიტორიების გათავისუფლება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა ფლანგებიდან სიტუაცია მათ სასარგებლოდ შეიცვალა, ამას „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინიც ადასტურებს და რუსულ მედიას მოუწოდებს ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ ბახმუტის აღებაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას ერთ დღეში 39 სარაკეტო და ამდენივე საჰაერო დარტყმა მიაყენეს და ქვეყნის თავდაცვის ძალების პოზიციები და მოსახლეობა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ჯერ დაბომბეს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა.

„ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბახმუტის მიმართულებას კი ავიადარტყმები მიაყენეს", - აცხადებენ გენშტაბში.

რაც შეეხება კიევს, დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან უკვე მეათე საჰაერო თავდასხმისას საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. ადმინისტრაციის თანახმად, ყველა მათგანი მოგერიებულია.

„ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!" - ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ბახმუტში სიტუაცია კვლავ რთულია, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან ფლანგებზე წინსვლას განაგრძობენ, მაგრამ ტერიტორიების გათავისუფლება ადვილი არ არის, რადგან ოკუპანტები აქტიურად ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი სამხედროების წინსვლა ადვილი არ არის, რადგან რუსებმა დიდი რაოდენობით ძალების კონცენტრირება მოახდინეს.

„თქვენ უნდა გესმოდეთ ამ წინსვლის ფასი. იქ საბრძოლო მისიების შესრულება უკიდურესად რთულია, რადგან მტერმა დიდი რაოდენობით ძალების კონცენტრაცია მოახდინა. ფაქტობრივად, იქ ყოველი მეტრით წინსვლა სხვა პირობებში 10 კილომეტრით წინსვლის ტოლფასია", - აღნიშნა ანა მალიარმა.

„ბახმუტის სრული აღების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"- ამის შესახებ „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს რუსებმა ბახმუტი დაიკავეს. პრიგოჟინი ამბობს, რომ რეალურად სიტუაცია გართულებულია.

„ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კვარტალი, ეს არის აუღებელი ციხესიმაგრე თავისი მაღლივი შენობებით, ახლა რთული ბრძოლები მიდის და სავარაუდოდ ხვალ და ზეგ ვერ ავიღებთ". -წერს პრიგოჟინი „ტელეგრამზე"

როგორც პრიგოჟინი ამბობს, „ვაგნერელებს" ფლანგებზე სიტუაცია კიდევ უფრო რთულად აქვთ. ამიტომ, პრიგოჟინმა რუსულ მედიასაშუალებებს მიმართა, რომ ყალბი ამბები არ გაავრცელონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე