ნაზი ბერიძე
(06.05.2023)

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს" ბახმუტში ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონი „ახმატი" ჩაანაცვლებს. ამის შესახებ განცხადება შაბათს თავად კადიროვმა გააკეთა და მოგვიანებით „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმაც დაადასტურა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილში მყოფმა კადიროვმა წინა პლანზე გამოსვლა გადაწყვიტა და პრიგოჟინის საპირწონედ პოზიციონირებას ცდილობს.

ბახმუტიდან გასვლის შესახებ განცხადება პრიგოჟინმა პარასკევს, 5 მაისს გააკეთა და მიზეზად ჭურვებისა და სხვა შეიარაღების მკვეთრი დეფიციტი დაასახელა. მისი თქმით, ვაგნერი სიმბოლურად 9 მაისამდე დარჩება პოზიციებზე და შემდეგ დატოვებს ქალაქს.

6 მაისს კი რამზან კადიროვმა განცხადა, რომ ბატალიონი ახმატი მზადააჩაანაცვლოს „ვაგნერის" მებრძოლები ბახმუტში.

„მადლობას ვუხდი რამზან ახმატოვიჩს, რომ დათანხმდა ჩადგეს ბახმუტში ჩვენს პოზიციებზე. როგორც ჩანს, მას აქვს საშუალება მიიღოს ყველა საჭირო რესურსი. მე უკვე დავუკავშირდი მის წარმომადგენლებს, რათა პოზიციების გადაცემა დაუყოვნებლივ დაიწყოს და 10 მაისს შუაღამისას, ზუსტად იმ დროის, როცა, ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს, ჩვენი საბრძოლო ამხანაგები ჩადგნენ ჩვენს პოზიციებზე და განაგრძონ ქალაქ ბახმუტის შტური", - თქვა პრიგოჟინმა.

თადარიგის გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" რუსეთის შეიარაღებული ძალების არაკვალიფიციურობასა და ზოგადად ქვეყანაში შიდა დაპირისპირებებზე საუბრობს.

„საერთოდ, როდესაც სამხედრო კომპანიის მენეჯერი გამოდის და აგინებს გენშტაბის უფროსს და თავდაცვის მინისტრს და ამ დროს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ზის და უყურებს სიტუაციას, ეს აჩვენებს მარაზმს და საერთოდ რა ქვეყანაა რუსეთი. რა ჯართან არის საქმე, რისი მომგებია რუსეთი, როდესაც 10 მაისს დატოვებს „ვაგნერი" ბრძოლის ველს?! ეს ხომ დეზერტირობაა...

„ზოგადად, ალბათ ეს არის შიდა თამაშები, ისევ „ფეესბეს" და თავდაცვის სამინისტროს დაჯახების მომენტებია. პუტინმა ალბათ თვალი დახუჭა და უყურებს ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. ქვეყნის შთაბეჭდილებას რუსეთი უკვე აღარ ტოვებს, არც შეიარაღებული ძალებით და არც როგორც სახელმწიფო.

„ბრძოლისუნარიანიც რომ არ იყოს, „ვაგნერი" მხოლოდ 15-17 ათასი კაცია და აქედან ნახევარს პატიმრები შეადგენენ. პატიმრები არ მგონია ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. ძირითადი მასა კი, ბატონო, გამოცდილი მებრძოლებია და ეს რაოდენობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოიშალოს რუსეთის შეიარაღებული ძალები.

„კადიროვის „ახმატი" საერთოდ არ შევა ბახმუტში. ჩეჩნების ბაქიბუქის ქართველების გარდა მემგონი აღარავის ეშინია. როგორც შევლენ, ისე გამოვლენ და შეიძლება არც შევიდნენ. ისევ მედესანტეებს დაამატებენ ჯარს. კადიროვის შემადგენლობა იდგება სამხედრო პოლიციის ფუნქციებით.

„რაც შეეხება კადიროვის აქტიურობას, ის მოხვდა პრიგოჟინის ჩრდილში. ახლა გამოუჩნდა შანსი, რომ წამოიწიოს პრიგოჟინის საპირწონედ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე