ნაზი ბერიძე
(04.05.2023)

რუსეთმა კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თვითონ მოაწყო - ასეთ განცხადებას აკეთებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. პოლიტოლოგები „რეზონანსთან" რუსეთის ინსცენირებულ მზაკვრულ ქმედებაზე საუბრობენ და ადასტურებენ, რომ ეს ოპერაცია სწორედ რუსების განხორციელებულია.

ინსტიტუტის თქმით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. მათ შორის, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ინსცენირებით კრემლი ცდილობს შექმნას პირობები ფართო საზოგადოების მობილიზაციისთვის.

„რუსეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო ზომები შიდა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის თვითონ მოსკოვშიც. აქედან გამომდინარე, უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა, რომ ორმა თვითმფრინავმა გაარღვია საჰაერო თავდაცვის მრავალრიცხოვანი წრეები და ააფეთქა ან ჩამოაგდეს კრემლის „გულში" ისე, რომ თქვენ შეგეძლოთ მიგეღღოთ სანახაობრივი კადრები," - წერია ანგარიშში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დრონების უკრაინის ტერიტორიიდან გაშვება საკმაოდ რთული საქმეა და დაკავშირებულია ბევრ ტექნიკურ პრობლემატურ საკითხთან. აქედან გამომდინარე, ისინი რუსეთის ტერიტორიიდან აფრიდნენ. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო შიდა-კლანური დაპირისპირების შედეგი.

„მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გარღვევა შეუძლებელი არ არის. პრობლემა ისაა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან მოხდა ამ დრონების გაშვება და არა უკრაინიდან. უკრაინის ტერიტორიიდან დრონების გაშვება არც თუ ისე იოლი საქმეა და საკმაოდ სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც არის მანძილი და პარამეტრები. ასე რომ, საკმაოდ რთული იქნებოდა სტრატეგიული დრონების გადაფრენაც კი.

„სტრატეგიული დრონები მასშტაბით და მოცულობით დიდია და მათი ჩამოგდებაც გაცილებით იოლი იქნებოდა.

„დრონების ოთხი კატეგორია არსებობს: სტრატეგიული დანიშნულების, ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დრონები. ტაქტიკური და ოპერატიული დრონები არის მცირე გაბარიტიანი აპარატები, მცირე ზომისაა და დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, შესაბამისად, მათი დაჭერა ძალიან რთულია. სტრატეგიული დრონი რომ ყოფილიყო, უფრო მარტივი იქნებოდა მისი გადაჭერა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, დრონები აფრენილია რუსეთის ტერიტორიიდან, მოსკოვის აღმოსავლეთიდან, მათი ტრაექტორია შესწავლილია. ამიტომ, ეს უკრაინა ნამდვილად ვერ იქნებოდა, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს არის კარგად ინსცენირებული პროვოკაცია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

„მეორე მომენტი, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შიდა-კლანურ დაპირისპირებებთან დაკავშირებული და სამხედრო გადატრიალების მცდელობა. იმიტომ, რომ „ვაგნერსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის დაიძაბა სიტუაცია, საკმაოდ მაღალ დონეზე. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაანონსა მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების სცენარიც კი. მე არ გამოვრიცხავ, ეს ყოფილიყო შიდა-კლანური გარჩევები და პრიგოჟინის ერთგვარი მესიჯი პუტინის მიმართ, რომ თუ ის და მისი გუნდი წესიერად არ მოიქცევიან, მზად არის მისი გადაყენებისათვის," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი გია აბაშიძე, „რეზონანსთან" რუსეთის ფეესბეს მიერ კარგად დაგეგმილ სცენარზე საუბრობს, რომელიც პირველ რიში პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

„შარშან, თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა, საგრძნობლად გააძლიერეს პუტინისა და ქვეყნის პირველი პირების დაცვა. წარმოუდგენელია, რომ კრემლის თავზე, მოსკოვის თავზე გადმოფრენილიყო დრონები და არ შეემჩნიათ, სანამ საბოლოო პუნქტამდე მივიდოდა.

„ვეთანხმები ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებს, რომ ეს არის ხელოვნურად გაკეთებული, რათა პუტინს ჰქონდეს კონტრშეტევის ხელახალი საბაბი. იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რუსეთის სამხედროები ძალიანაც ვერ მიიწევენ წინ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე და ამიტომ მათ სჭირდებოდათ ასეთი საბაბი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვხედავთ, რომ უკვე გაჟღერდა ძალიან დიდი და მკვეთრი მუქარა ზელენსკის წინააღმდეგ. აქაც კიდევ ერთი ლოგიკური აზრი იბადება, რაში სჭირდებოდა ოფიციალურ კიევს ისეთი თავდასხმის განხორციელება, რომელიც წარუმატებელი იქნებოდა თავიდან ბოლომდე?! მარტო ვიზუალისთვის გააკეთეს? არც გააკეთეს, იმიტომ რომ იცოდნენ როგორი მწვავე რეაქცია იქნებოდა ამაზე კრემლიდან.

„მე მახსენდება, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩეჩნეთის ომები მიმდინარეობდა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ააფეთქეს საცხოვრებელი კორპუსები. ის გახდა საბაბი, რომ კრემლის ჯარები დაძრულიყო ჩეჩნეთში და გაენადგურებინათ იქაური, ადგილობრივი შეიარაღებული ძალები. ძალიან ჰგავს ამ ფეესბეშნიკურ სცენარს. მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, მაგრამ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ძალიან შემაშფოთებელია," - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე