თამთა ჩაჩანიძე
(03.05.2023)

3 მაისს გამთენიისას საბრძოლო დრონებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრემლის რეზიდენციას დაარტყეს. ოფიციალურმა მოსკოვმა ფაქტი რამდენიმე საათის დაგვიანებით გაახმაურა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თავად რუსების ხრიკია, რომელიც 9 მაისს უკავშირდება. სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ამ ფაქტით როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის იმიჯი ძალიან შეირყა, რაც ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა, მათ შორის ფსიქოლოგიური და არ გამორიხავენ, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმიც გააუქმონ.

კრემლი საპასუხო ზომებით იმუქრება და აცხადებს, რომ „რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები, სადაც უნდა და როცა საჭიროდ ჩათვლის". ანალიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინაში მეტს ვეღარაფერს იზამს და შესაძლოა კიევში სამთავრობო რაიონზე მიიტანოს დიდი იერიში.

რუსეთის დუმაში გაისმის პირადად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის მოწოდებები. ასევე საუბარია კიევში მდებარე სამთავრობო კვარტლის სრულ განადგურებაზე. დიდი აჟიოტაჟია რუსულ „ტელეგრამ" არხებში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ზელენსკის ლიკვიდაციაზე სრული კარტ-ბლანში მიიღეს.

მომხდარს გამოუხმაურნენ აშშ-შიც. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნახა მოსკოვის ცნობები უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება" არ შეუძლია.

„უბრალოდ არ ვიცით... ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი", - განაცხადა ბლინკენმა.

შეტევის დეტალები და უკრაინის პოზიცია

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 3 მაისს ღამით კრემლის სამთავრობო კომპლექსის იმ ნაწილზე, სადაც უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაა განთავსებული, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი ორი დრონით განხორციელდა თავდასხმის მცდელობა, თუმცა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს.

ინტერნეტში გავრცელდა სხვადასხვა რაკურსით გადაღებული რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ ეჯახება მფრინავი ობიექტი კრემლის სახურავს და ფეთქდება. თუმცა, ამ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. კრემლთან ახლოს მდებარე ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმა გაიგონეს.

მომხდარში რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა. მათი განცხადებით, ეს იყო „დაგეგმილი ტერორისტული ქმედება", თუმცა თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად, „არავინ დაშავებულა და არც მატერიალური ზარალია".

„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახური დასძენს, რომ „რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები, სადაც უნდა და როცა საჭიროდ ჩათვლის".

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტი პუტინი თავდასხმისას აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა".

რუსულ მედიასა სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება, თუ საიდან და ვის შეეძლო გაეშვა ეს დრონები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს, შესაძლოა, იატაკქვეშეთში მოქმედი პროუკრაინული დაჯგუფების ნამოქმედარი იყოს და მათ დრონები სადღაც მოსკოვის შემოგარენიდან გაუშვეს.

რუსული მედია იუწყება, რომ მომხდარის გამო „რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა. დრონების გამოყენება ასევე აიკრძალა სანქტ პეტერბურგშიც".

კიევში კი კრემზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა თავად რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყოს, რომელიც 9 მაისის დღესასწაულის წინ ვითარების გამწვავებისათვის ფორმალური საბაბის მიღებას ისახავს მიზნად.

„კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინის მფლობელობაში არსებული ყველა ძალა და საშუალება საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლებისკენ არის მიმართული და არა სხვისაზე თავდასხმისკენ.

„ცალკე გასაკვირია „ტერორისტი სახელმწიფო" ფორმულირებები. ტერაქტი - ეს დნიპროში და უმანში განადგურებული სახლებია, ან რაკეტა რკინიგზის სადგურზე კრამატორსკში და ბევრი სხვა ტრაგედია. ის კი, რაც მოსკოვში მოხდა, აშკარად 9 მაისისთვის ვითარების გამწვავებაა. მოსალოდნელი ხრიკი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა.

კრემლის შენობაზე სავარაუდო თავდასხმის კადრებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო „ტვიტერზე" გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ კრემლის შენობაზე დრონი რუსმა პარტიზანებმა მოსკოვის რეგიონიდან გაუშვეს.

„კითხვები: 1. როგორ შეძლო დრონმა მოსკოვში განთავსებული ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემის გავლა? და როგორ გრძნობენ დღეს თავს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელი შოიგუ და გერასიმოვი? 2. გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ დაელოდებიან დრონს აღლუმის განმავლობაში?", - დაწერა გერაშენკომ.

ფსიქოლოგიური ეფექტი

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლზე დრონებით დარტყმა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის იმიჯი ილახება და მსოფლიოსთვის გასაგები ხდება, რომ მოსკოვი ისე დაცული არაა, როგორც ამბობენ.

„მოსკოვი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქალაქად ითვლება საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის დონის გათვალისწინებით. ეს უდიდესი დარტყმაა როგორც რუსეთის საჰაერო თავდაცვის პრესტიჟზე, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.

„ის ვიდეოკადრები, რაც გავრცელდა - კრემლის მთავარი გუმბათის თავზე კამიკაძე დრონი როგორ ფეთქდება და შემდეგ ხანძარი ჩნდება - ეს რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრი ძალიან ბევრ რამეს უდრის და რუსეთის საერთაშორისო იმიჯი ძალიან ეცემა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

„აქ მთავარი ის არაა, ეს მაინცდამაინც პუტინზე დამიზნებული იყო თუ არა. მთავარია აგრესიის სიმბოლო კრემლი - როცა კრემლი ბომბებს სხვას უშენდა, ეს ახლა უშუალოდ კრემლის თავზე ხდება. ეს ძალიან დიდი სიმბოლოა. ამ ვიდეოკადრებით რუსეთმა და მისმა იმიჯმა უზარმაზარი დარტყმა მიიღო როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრიო თვალსაზრისით, რადგან ის დაცული მოსკოვი ვნახეთ რაცაა.

„ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, უკრაინელებს არც სხვა დროს არ უღიარებიათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება. იგივე რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების საავიაციო ბაზების დამბომბვა, ეს იქნებოდა სარატოვთან, თუ რუსეთის სხვადასხბვა აეროდრომებზე. არ აღიარებენ, თუმცა იმ ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ დიდი მიხვედრა არ უნდა, თუ ვისი გაკეთებული შეიძლებოდა ყოფილიყო.

„ამ ვერსიას უბრალოდ ვერ დავიჯერებ, რომ ეს თავად რუსებმა მოაწყვეს. რაც ვიდეოკადრებში ჩანს, უშუალოდ კრემლის თავზე კამიკაძე დრონი მიფრინავს, მთავარი გუმბათის თავზე ფეთქდება და ხანძარი ჩნდება. ეს რუსებს რაში უნდა დასჭირდეთ? თქვან, რომ ამის გამო შურისძიების პასუხს გავცემთ უკრაინასო? 400 დღე-ღამეზე მეტია უკრაინას ისედაც ბომბავენ, სადაც და როგორც უნდათ, კიევშიც და ყველგან და ატომურ ბომბს ესვრიან? ეს ასე არ იქნება", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

გენერალ ვახტანგ კაპანაძეს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს. ის „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ვიდეოკადრებიდან გამომდინარე, დრონი შორი მანძილიდან მოფრენილს არ ჰგავს და არაა გამორიცხული, რომ ეს უშუალოდ მოსკოვის ტერიტორიიდანაა გაკეთებული. ეს ფაქტი კი, კაპანაძის განცხადებით, ნიშნავს, რომ დიდ ომში კრემლიც არაა დაცული.

„ეს ნიშნავს, რომ ამ დიდ ომში რუსეთიც არაა დაცული. კითხვის ნიშნის ქვეშაა და ვერ გავიგე ეს ვისი გაკეთებულია. რუსულ არხებზე ნაჩვენებ ვიდეოში რაც ვნახე, ეს დიდი ზომის დრონი არაა და ვფიქრობ, რომ შორი მანძილიდან არ იქნება მოფრენილი. არაა გამორიცხული, რომ ეს თვითონ მოსკოვის ტერიტორიიდან უკრაინის სპეცსამსახურის, ან პუტინის მოწინააღმდეგეების გაკეთებულია. ან ისიც არაა გამორიცხული, რომ პროვოკაცია თვითონ რუსებმა მოაწყეს.

„რა თქმა უნდა, რუსებზე ეს ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედებს. ახლა საქმე ისაა, ამას ვინ როგორ გამოიყენებს, თორე ამ დრონით რომ პუტინს ვერ მოკლავდნენ, ფაქტია. წინასწარ ძნელი სათქმელია, 9 მაისის აღლუმის ჩატარებას ეს ფაქტი რამდენად შეუშლის ხელს. უნდა დადგინდეს რა უპილოტო იყო, შემდეგი ნაბიჯები რა იქნება და ა.შ.", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

რუსების სავარაუდო პასუხი

კრემლის განცხადებით, რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები, „სადაც უნდა და როცა საჭიროდ ჩათვლის", რა იქნება სავარაუდო პასუხი? - ანალიტიკოსები „რეზონანსთან" სხვადასხვა სცენარებზე სუაბრობენ.

„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში საპასუხოდ ისეთს ვერაფერს მოიმოქმედებს, რაც ამ ომის განმავლობაში უკვე არ გაუკეთებია.

„ისევ ისე გააგრძელებს... სხვა რაღა უნდა შეძლოს?! ერთადერთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაა დარჩენილი, რაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ იქნება და საერთოდაც ვერ გაბედავს. თუმცა, ბოლომდე გამორიცხული არაფერია.

„სხვა მხრივ „ისკანდერებით" და „კალიბრებით" უკრაინას ისედაც ბომბავს და ამით რა შეიცვლება?! შეიძლება კიევის ცენტრს უფრო მეტი დარტყმა მიაყენოს, მაგრამ ამით ვერაფერს შეცვლის, ომის ბედი ფრონტის ხაზზე წყდება", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ საპასუხოდ რუსებმა შესაძლოა რიევში სამთავრობო შენობებზე მიიტანონ მასირებული იერიში.

„ჯერ ნაადრევია 100%-იანად, გარანტირებულად რაიმეს თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ თავდასხმის კადრები ვიხილეთ. ფაქტია, რომ კრემლია. ეს შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს იმისთვის, რათა მიიტანოს შეტევა კიევში სამთავრობო რაიონზე, სადაც განთავსებულია ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს შეიძლება წინაპირობად გამოიყენონ.

„რუსეთის მხრიდან უკვე კეთდება ასეთი განცხადებები და მოწოდებები. მაგალითად, რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა მოუწოდა რუსეთის სახელმწიფოს პირადად ზელენსკის ლიკვიდაცია მოახდინონ. ამიტომ, მეტად დინამიური შეიძლება გახდეს პროცესი. შესაძლოა, რუსეთმა ეს მომენტი გამოიყენოს იმისთვის, რათა უკრაინის სამთავრობო შენობებსა, თუ სამთავრობო რაიონზე მიიტანოს შეტევა", - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს თავდასხმა პუტინმა რუსული საზოგადოების კონსოლიდაციისა და მილიტარისტული მისწრაფებების კიდევ უფრო გასაღვივებლად გამოიყენოს.

„განცხადება ძალიან ნიშანდობლივი იყო - რომ რუსეთი საპასუხო დარტყმის უფლებას იტოვებს „როცა უნდა და სადაც უნდა". ეს არ გამორიხავს, რომ კიევის ცენტრზე მიიტანონ იერიში.

„პუტინს იმიჯი ისედაც შერყეული აქვს და ალბათ შეეცდება ეს ინციდენტი ერის გაერთიანებისთვის გამოიყენოს - თქვას, რომ სამამულო ომია და რუსეთს უტევენ. ან, არაა გამორიცხული, რომ ეს თუნდაც მისმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენონ, ესეთები კი პუტინის გარემოცვაში ნამდვილად იქნებიან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე