თამთა ჩაჩანიძე
(02.05.2023)

უკრაინის ფრონტზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, ცხელი წერტილი კი კვლავ ბახმუტია. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბარში არსებულ სიტუაციას აფასებენ, როგორც ერთგვარ პაუზას დიდი ქარიშხლის წინ. თავად უკრაინის ოფიციალური წარომადგენლებიც ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კონტრშეტევისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. ცნობილი ხდება იმის შესახებაც, რომ უკრაინამ მიიღო იმის 98%-ი, რასაც ამ კონკრეტული კონტრშეტევისთვის დასავლელი მოკავშირებისაგან ითხოვდა.

ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევის დაწყებას მართლაც წვიმიანი ამინდი აფერხებს,  ფრონტზე სიჩუმე მაისის ბოლომდე მაინც გაიჭიმება.

ამ შუალედში კი რუსები 9 მაისს წითელ მოედანზე აღლუმის გამართვას აპირებენ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინამ რუსეთს „სიურპრიზი" მოუწყოს. ამას თავად რუსებიც ალოდებიან, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში აღლუმები უკვე გააუქმეს.

ფრონტზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქალაქის დიდ ნაწილს რუსები აკონტროლბენ, უკრაინის ძალები კი უკიდურესად დასავლეთში არიან თავმოყრილი.

„ბახმუტში დიდ ნაწილს რუსები აკონტროლბენ, უკრაინის ძალები უკიდურესად დასავლეთში არიან თავმოყრილი, მაგრამ საკმაოდ გამალებული ბრძოლები მიდის. უკრაინელებმა შეგნებულად გადაწყვიტეს, რომ ეს ტერიტორია არ დაეთმოთ და თითო გოჯი მიწისთვის ბოლომდე იბრძვიან, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. მათ საშუალება ჰქონდათ უკანა ხაზზე კარგად გამაგრებულიყვნენ, კონტრშეტევისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ და ა.შ.", - განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა:

„ბახმუტში ინიციატივა რუსების ხელშია. რთული ბრძოლების შედეგად ტერიტორიებს იკავებენ, თუმცა რაღაც ნაწილი უკრაინელებს უკავიათ. ბახმუტი შოიგუსა და პრიგოჟის შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა და საქმე იმაზეა პუტინს ვინ პირველი უპატაკებს ბახმუტს - შოიგუ თუ პრიგოჟინი".

სიჩუმე დიდი ქარიშხლის წინ

უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს - ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, მისი თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო იმ შეიარაღების 98%, რასაც ამ კონკრეტული კონტრშეტევისთვის ითხოვდა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვაძლევთ სიგნალს რუსებს, როდესაც ვიწყებთ და მეორე - ამინდი ჯერჯერობით არ იძლევა მძიმე ტანკების გადაადგილების საშუალებას. უკრაინაში გაზაფხულის ტალახია", - განაცხადა პრისტაიკომ „სქაი ნიუსთან".

ამის პარალელურად ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა და ინტენსიურად ბომბავენ სამოქალაქო ობიექტებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ასეთი ტაქტიკით რუსეთს სურს უკრაინაში გარკვეული რეაქციის პროვოცირება, მაგალითად, იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადო მომზადების გარეშე გადავიდნენ კონტრშეტევაზე.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ უკრაინა შეტევას ერთი მიმართულებით განავითარებს, ამას მოულოდნელობის ეფექტი ექნება, თუმცა ამ სცენარით წარმატების შანსი ნაკლებია. ამიტომაც უკრაინელები ეცდებიან, რომ რუსებს ყველა მიმართულებით შეუტიონ და სუსტი წერტილები მოუძებნონ. ეს ვარიანტი კი არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ ფრონტზე დიდი „ქარიშხალი" იქნება.

„არ მგონია, რომ ფრონტზე რაღაც დიდი ქარიშხალი მოხდეს. ხედავთ, რომ ინიციატივა ნელ-ნელა უკრაინის ხელში გადადის, თუმცა არ მგონია, რომ რაღაცა გრანდიოზული კონტრშეტევა იქნება, მაგრამ შეტევას ნელ-ნელა ვიხილავთ. იმისათვის, რომ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელო, მოულოდნელობის ფაქტორი გჭირდება და ამ ომში ამ ფაქტორას უკვე ვეღარ გამოიყენებ, ბრძოლის ველი ისე მჭიდროდაა.

„აქ საკითხი ასე დგას - ალბათ ყველგან უნდა შეუტიონ და რუსების სუსტი წერტილი სადღაც გამოჩნდება. რუსეთი ახლა თავდაცვაზე გადადის. სამწუხაროდ, ახლა ვიხილეთ, რომ მკაცრი დაბომბვები სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული, რომ მეტი ზარალი იყოს. ეს რუსეთის კიდევ ერთი სისუსტის ნიშანია, რომ სამხედრო ობიექტებს ვეღარ უტევენ.

„თუ რუსეთს ასეთი თავდასხმების საშუალება ექნება, შეიძლება სამწუხაროდ ტემპებსაც მოუმატოს. ვიცით, რომ ისინი ამაზე წამსვლელი არიან. უკრაინაც თავდაცვითიდან ნელ-ნელა შეტევით ოპერაციაზე გადავა, მაგრამ ეს ის მასიური კონტრშეტევა არ იქნება, როგორც ჩვენ გვგონია.

„ტალახი შეტევას უდაოდ ხელს უშლის, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სამხრეთში რუსები უკვე საკმაოდ მძიმე ჩასანგრებულ თავდაცვაზე არიან გადასული. ამასშეტევას კი ახლოს მისვლა, დაბომბვა და მათი ამოძირკვა სჭირდება, რასაც ბევრი საბრძოლო მასალა უნდა, რომ რუსებმა თავდაცვა ვეღარ შეძლონ.

„უკრაინელებმაც კარგად იციან, რომ შეტევა ყველა მიმართულებით საჭიროა, რადგან რუსეთის როგორც რეგულარული, ისე არარეგულარული ქვედანაყოფები საკმაოდ დეცენტრალიზირებულები არიან. იმისათვის, რომ რუსეთმა შეტევის თავდაცვის ხაზი შეინარჩუნოს, ძალიან ძლიერი ცენტრალიზირებული მართვა სჭირდება. თუ შეტევა ყველა მიმართულებაზე იქნება, მას მომარაგება ძალიან გაუჭირდება.

„თუ შეტევა ერთი მიმართულებით იქნება, ისინი მთელ რესურსების კონცენტრირებას აქეთ მოახდენენ, რაც მათთვის შედარებით ადვილია. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ უკრაინულ შეტევას ნელ-ნელა და ყველა მიმართულებით ვიხილავთ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე არსებული სიტუაცია შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც სიჩუმე დიდი ქარიშხლის წინ. მისი პროგნოზით, მოსალოდნელი დიდი შეტევა უფრო ზაფხულის დასაწყისში იქნება.

„შეიძლება ფრონტზე არსებული სიტუაცია ჩავთვალოთ, როგორც სიჩუმე დიდი ქარიშხლის წინ. მოქმედებებიდან ჩანს, რომ შეტევისათვის მხოლოდ უკრაინა არ ემზადება, რუსები ძალების კონცენტრაციას და გადასროლას ახდენენ, საბრძოლო ტექნიკა გადაჰყავთ მელიტოპოლთან და მარიუპოლთან მათი ახალი საბრძოლო ტანკები „ტ-80-უ"-ები გამოჩნდა.

„უკრაინაში მზიან ამინდებს კი ელოდებოდნენ, მაგრამ კვლავ სიცივე, ქარი და წვიმებია და ალბათ დიდ შტევას მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში უნდა ველოდოთ. 1-ელ მაისს რუსების საშინელი დაბომბვა იყო, სტრატეგიული დანიშნულების ავიაციაც კი გამოიყენეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეტევის მომზადებაში ხელს უშლიან, ან თავიანთი შეტევისთვის შესაბამის საფუძველს ქმნიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რას უნდა ველოდოთ 9 მაისს

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები 9 მაისისთვის ბახმუტს ვერ აიღებენ და ძნელი სათქმელია ისიც, უკრაინა რაიმე „სიურპრიზს" გაუკეთებს თუ არა რუსეთს.

„გვახსოვს რუსებს ბახმუტი ჯერ კიდევ ახალ წელს, 24 თებერვალს, სააღდგომოდ და სხვა დღესასწაულებზე უნდა აეღოთ, თუმცა ვერცერთხელ მიზანს ვერ მიაღწიეს. 9 მაისამდე მგონია, რომ ეს შესაძლებელი არაა და ვერც ახლა მოახერხებენ.

„ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკრაინამ 9 მაისისთვის რაიმე „სიურპრიზი" მოაწყოს. ახლა რასაც ვიხილავთ, ჩვეულებრივი ტემპური ბრძოლა იქნება, როცა ინიციატივა ნელ-ნელა უკრაინის ხელში გადადის და ეს სწრაფად და ელვისებურად არ მოხდება. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

„თარიღებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 9 მაისის გამო არავინ ზედმეტად არ გარისკავს და უკრაინელები განსაკუთრებით. ისინი რუსებს მაშინ დაარტყამენ, როცა იფიქრებენ, რომ ამას მაქსიმალური ეფექტი ექნება და ეს შეიძლება 8 ან 10 მაისი იყოს, მაგრამ იმიტომ არ იქნება, რომ 9 მაისს დაამთხვიონ. თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს შიში აქვთ, რის გამოც გარკვეულ ტერიტორიებზე 9 მაისის აღლუმები გააუქმეს. მისი თქმით, უკრაინის მხრიდან „სიურპრიზები" გამორიცხული არაა, თუნდაც ფსიქოლოგიური ტიპის.

„9 მაისისთვის მოსკოვში ალბათ აღლუმს ჩაატარებენ, ამისთვის ემზადებიან. რეზნიკოვმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა მზადაა რუსეთის შიგნით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბოს. როგორც ჩანს, ამაში გარკვეულწილად აღლუმიც შეიძლება მოიაზრებოდეს. შესაძლოა შეტევა არა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რაიმე ფსიქოლოგიური ეფექტი შექმნან. მით უმეტეს, სტრატეგიული შეტევის წინ, ფსიქოლოგიური ეფექტის შექმნა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„მოსკოვი მაინც შორსაა და რამდენად შექმნიან ამ ეფექტს, ვნახოთ. ახლომდებარე ტერიტორიებზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმსა და დნესტრისპირეთში რუსებმა აღლუმები გააუქმეს. 9 მაისისთვის „სიურპრიზები" სავსებით მოსალოდნელია, მათ შორის უკრაინისგან.

„რუსებმა ბახმუტზე ისეთი ფსონი დადეს, რომ ისიც შესაძლებელია 9 მაისისთვის მისი აღებაც სცადონ. თუმცა დიდი ფსონი აქვს ურაინასაც და არაფერს დათმობს, მით უმეტეს ამ თარიღისთვის. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, იმედია ამის საშუალებას არ მისცემენ, რომ 9 მაისს რუსებს ბახმუტის აღება „აზეიმონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე