თამთა ჩაჩანიძე
(28.04.2023)

უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადების ფინალურ ეტაპზეა - სამხედროების წვრთნები, რომლებიც დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას ეხება, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დასასრულს უახლოვდება. კონტრშეტევის ზუსტი დრო და ადგილი კი გენშტაბის გადასაწყვეტია.

ამის პარალელურად რუსეთში უკრაინის დასავლური იარაღით კონტრშეტევაზე მზარდი შიშია, რის გამოც ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე პასუხისმგებელ პირებს თანამდებობიდან ისტერიულად ათავისუფლებენ. ოკუპანტებმა ასევე უკრაინის ოლქებში საჰაერო თავდასხმებს უმატეს.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.

27 აპრილს რუსეთის გენშტაბის მმართველ ორგანოების ხელმძღვანელობაში ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტიუტის თქმით, ესაა სავარაუდოდ რუსეთის საპასუხო მოქმედებები იმ მზარდ შიშზე, რომელიც მოსალოდნელი უკრაინის კონტრშეტევითაა გამოწვეული.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის სამხედრო სარდლობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც ცნობილია, როგორც „მარიუპოლის ჯალათი".

მიზინცევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები რუსულ მხარეს არ აუხსნია, თუმცა როგორც ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, ის რუსეთის არმიის ზურგს ხელმძღვანელობდა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. ის ამ პოსტზე გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსეი კუზმენკოვმა შეცვალა.

ერთ-ერთმა „სამხედრო კორესპონდენტმა" „ვაგნერის" ფრთიდან ასევე განაცხადა, რომ მიზინცევის გათავისუფლება შეიძლება გარკვეულწილად უკავშირდებოდეს ჩრდილოეთ ფლოტის ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას, რომელიც განახორციელა საჰაერო სადესანტო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ ტეპლინსკიმ, რომელიც ახლახან დაინიშნა გაურკვეველ თანამდებობაზე, რომელიც უკრაინაში ოკუპანტების მართვას უკავშირდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ ქვეყანა კონტრშეტევისთვის მზადების ფინალურ ეტაპზეა.მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების წვრთნები, რომლებიც დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას ეხება, უკვე დასასრულს უახლოვდება.

„წვრთნები დასასრულს უახლოვდება. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარდა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მათი გამოყენება უნდა აითვისონ. ჩვენ ძალიან თანამედროვე სისტემები მივიღეთ...

„გაგახსენებთ, რომ ტანკების კოალიციის გარდა, (რომელიც ძირითადად მოიცავს „ლეოპარდ -2", „ჩელენჯერისა" და მოგვიანებით „ლეოპარდ -1" -ის ტიპის ტანკებს) ჩვენ კიდევ ველოდებით „აბრამსის" ტანკებს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ „აბრამსები" კონტრშეტევაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ორივე ჯგუფი უკვე გაემგზავრა წვრთნებისთვის," - თქვა რეზნიკოვმა.

„კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ახანგრძლივებს. საბოლოოდ, ისინი ბუმერანგივით ბრუნდება, რაც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

„ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი," - განაცხადა შოიგუმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით ცდილობენ.

„დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, იყენებენ აშკარა შანტაჟს, მუქარას, ფერად რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებას, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის სავიზიტო ბარათია", - განაცხადა შოიგუმ.

ამასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეების დევნა დაიწყო, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მცხოვრები იმ უკრაინელების „დეპორტაცია", რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარს განაცხადებენ.

მედიის ინფორმაციით, „ეს ადამიანები უნდა გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, ან განაცხადონ, რომ არსებული მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ და უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე