ნაზი ბერიძე
(27.04.2023)

რუსეთ-უკრაინის ომში სულ უფრო იზრდება ჩინეთის ფაქტორი, ოღონდ არა ისე, როგორც პუტინი იმედოვნებდა, არ როგორც კრემლის მოკავშირე, არამედ როგორც მედიატორი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ოთხშაბათს სი ძინპინისა და ვოლოდომირ ზელენსკის სატელეფონი საუბრის შედეგად.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ საუბარს მიესალმება.

„ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთ გაიგოს უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ შეძლო დაეგმო რუსეთის უკანონო ომი, უკანონო შეჭრა უკრაინაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჩინეთმა ფაქტობრივად გააკეთა ერთგვარი ფარული ჟესტი რუსეთის მიმართ, რომ ის იქნება მხოლოდ მედიატორი და არ იქნება რუსეთის მოკავშირე ამ ომში. პუტინს კი ჰქონდა იმედი, რომ ჩინეთი მის მხარეს დაიკავებდა, თუმცა სი ძინპინმა ამ ეტაპზე ეს მოლოდინი გაუქარწყლა.

„ჩინეთი არის გლობალური მოთამაშე და, ბუნებრივია, მისი სიტყვა საკმაოდ წონიანია ყველასთვის მათ შორის რუსეთისთვის, ევროკავშირისა და ყველა სახელმწიფოსათვის. ასე რომ, პეკინს შეუძლია გააწონასწოროს და დააბალანსოს რუსეთის აღვირახსნილი ჰეგემონობა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ჩინეთის ზე-შესაძლებლობებზე საუბრობს და მიაჩნია რომ ის ერთადერთი აქტორია, რომელსაც ნეიტრალური პოლიტიკა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან და უკრაინასთან. თუმცა მას აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესებიც. ის არის საშუალება, რომელიც უნდა გამოიყენოს მსოფლიომ, მაგრამ რა დოკუმენტი იქნება წარდგენილი სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი გეგმის სახით, რომლის წინამორბედი იყო ბუნდოვანი, და როგორ იქნება ფორმულირებული, რომ დაპირისპირებული მხარეებისთვის იყოს მისაღები, ეს არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი.

„ჩინეთი არის ერთი დიდი სუპერ-სახელმწიფო, რომელიც მეტოქეობაშია დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან. ასევე ის არის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის ომში ჩართულია და უკრაინას მხარს უჭერს მთელი დასავლური სამყარო, ისინი ვერ გამოდგებიან შუამავლად. მიუხედავად მრავალი მცდელობისა გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან, დაეყოლიებინათ რუსეთი სხვადასხვა პირობებზე, საბოლოო მათ არაფერი გამოუვიდათ, რადგან დასავლეთი ცალმხრივად უჭერს მხარს უკრაინას. ბუნებრივია, მოლაპარაკებები რომ გაიმართოს, საჭიროა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთთანაც კარგი ურთიერთობები აქვს და უკრაინასთანაც. ასეთია ჩინეთი, სახელმწიფო, რომელსაც გავლენა აქვს რუსეთზე. ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ჩინეთის ხელისუფლების მეშვეობით მოხდა ძირითადი მესიჯის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ მან არ უნდა გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ეს გავლენა მას აქვს რუსულ პოლიტიკაზე, და ამიტომ დასავლეთი ცდილობს ამის გამოყენებას - როგორც თურქეთის, რომელიც იყო შუამავალი, რადგან არც დასავლეთში იყო და არც აღმოსავლეთში, და რომლის სიტყვასაც ფასი აქვს მოსკოვში. ეს არის დიდი პლუსი ჩინეთის შუამავლობის.

„რა თქმა უნდა ჩინეთი არ არის დასავლური აქტორი და აქვს საკუთარი ინტერესები მსოფლიო პოლიტიკაში, ისევე როგორც რუსეთის მიმართ და ის შეიძლება ისე ბოლომდე პატიოსანი მედიატორი ვერ გამოდგეს, მაგრამ სხვა ალტერნატიული შუამავალი ძალიან ძნელი მოსაძებნია - ვერც გაერო ახერხებს ამ კონფლიქტში რაიმე როლის შესრულებას და ვერც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

„რაც შეეხება პრობლემას, 12-პუნქტიანი გეგმა, რაც ჩინეთმა წარმოადგინა, ბუნდოვანი იყო. გაუგებარია სამშვიდობო გეგმაში რა არის ჩადებული. რეალურად ის უფრო ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს თუ უკრაინის ინტერესებს? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გეგმამ მიიღოს გარკვეული სახე, უკრაინამ და დასავლეთმა უნდა იცოდნენ, რას უნდა მოელოდენ და რა არის ჩაფიქრებული ამ გეგმაში. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება გუშინდელი საუბრიდან ჩანს, რომ ისინი მიესალმებიან ამ მოლაპარაკებებს, უბრალოდ ეს არ უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა წინადადებებს სთავაზობს ჩინეთი ორივე მხარეს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი უკრაინისთვის სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებზე გაამახვილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე