ნაზი ბერიძე
(26.04.2023)

მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას, ან ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობას - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ამ ეტაპზე გამორიცხავს და ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დოკუმენტსაც აფასებს როგორც დოკუმენტს დოკუმენტისთვის.

„მივესალმებით ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. თუკი ეს სამშვიდობო გეგმა არ გულისხმობს იმას, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს თავისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს ომის დასრულების სანაცვლოდ.

„მეორე, კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს.ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას ან უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობას, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ" - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სასწორზე დევს უკრაინელი ხალხის უსაფრთხოება და დაცული მომავალი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ჩინეთის როლს რუსეთ- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სკეპტიკურად უყურებს და არც ელოდება ამ სამშვიდობო შეთანხმებას.

„მე მივიჩნევ, რომ ჩინეთის ინტერესებშია სტატუს-კვოს გახანგრძლივება, რადგან ამან შეიძლება რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

„არ ვფიქრობ, რომ ჩინეთს რეალური ინტერესი ჰქონდეს ომის მოკლე დროში გადაწყვეტის. ჩინეთი კონფლიქტისგან გაკვეთილებს ყოველდღიურად იღებს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან რას აკეთებს რუსეთი, როგორ რეაგირებს დასავლეთი,"-განაცხადა პეტრ პაველმა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს უკრაინაც და რუსეთიც საომარი მოქმედებებისთვის არიან განწყობილი და ახლა სამშვიდობო შეთანხმებებსა გეგმებსა და მოლაპარაკებებზე საუბარი ნაადრევია.

„სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს, იმიტომ რომ ორივე მხარე ფაქტობრივად კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზების გამოყენებას ემხრობა. ალბათ, ეს გასაგებიც არის უკრაინის მხრიდან - უკრაინას სურს ტერიტორიების გათავისუფლება და ძალის მოკრება, რომ საბოლოოდ გააგდონ ოკუპანტები საკუთარი ტერიტორიიდან, შესაბამისად, მიდის შეიარაღებული ბრძოლა ორივე მხრიდან.

„დასავლეთი აწვდის უკრაინას შეიარაღების დიდ რაოდენობას, რუსეთი თავისთავად ახალი ტიპის შეიარაღებას უშვებს, მაგალითად, ფაბის ტიპის ბომბები, ფაბი 500 ფაბი 250 საავიაციო ბობმები, რომლებსაც ამერიკის მსგავსი ჯიდიემის ყუმბარების ეფექტი გააჩნიათ. ასევე რუსეთმა დაიწყო მართვადი ტიპის ბომბების გამოყენება, ასევე რუსებმა უკრაინის ფრონტის ხაზებზე გამოაჩინეს თანამედროვე ტანკი „არმატა". ის უკვე ჩართულია საომარ მოქმედებებში.

„ფაქტიურად ორივე მხრიდან მიდის შეიარაღების რბოლა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით სამშვიდობო ინიციატივებზე ლაპარაკი ნაადრავია გინდ ჩინეთი იყოს, გინდ ევროკავშირი, ჯერჯერობით მხარეები ამაზე არ მიდიან და არ წავლენ.

„ჩინეთმა უბრალოდ მოსინჯა რამდენად შეიძლებოდა მოლაპარაკების ამოქმედება, ეს არ იყო სერიოზული ტიპის დოკუმენტი, ალბათ შემდგომში გაცილებით სერიოზულ დოკუმენტს მოამზადებენ. ჯერჯერობით ამან ჩაიარა უშედეგოდ, მხარეები განწყობილი არ არიან ამისთვის.

„როგორც ჩანს ყველაფერი გაირკვევა იმ საბრძოლო მოქმედებების და დინამიკიდან გამომდინარე, რასაც ყველა მოელის უახლოეს პერიოდში" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ოფიციალურმა პეკინმა 12 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა, სადაც ერთერთი მთავარი საკითხი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა იყო. ასევე, ჩინეთი მხარს უჭერს მოსკოვისა და კიევის საპასუხო ნაბიჯებს პირდაპირი დიალოგის სწრაფი აღდგენის, სიტუაციაში დაძაბულობის თანდათანობით შემცირებისა და საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის სასარგებლოდ. პეკინი ასევე აღნიშნავს რომ ატომური იარაღის გამოყენება მიუღებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე