ნაზი ბერიძე
(13.04.2023)

ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ დაბრუნებულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე „უცნაური" განცხადება გააკეთა, მათ შორის ის, რომ ამერიკის მოკავშირეობა მის ვასალობას არ ნიშნავს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამაზე ამბობენ, რომ მაკრონის განცხადება მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ევროპა-ამერიკის ურთიერთობაზე ვერ იმოქმედებს. ასევე არ შეიცვლება დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩართვა. მისმა ამ კომენტარებმა ევროპასა და აშშ-ში პოლიტიკოსებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

„იყო მოკავშირე, არ ნიშნავს იყო ვასალი, ან არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად ვიფიქროთ", - განაცხადა მაკრონმა ამსტერდამში, ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მისი თქმით, ტაივანში სტატუს კვოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერაში არაფერი შეცვლილა, რომ პარიზი ემხრობა „ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მიუხედავად მაკრონის რიტორიკისა, უახლესი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უკრაინის ომის ფონზე, გამოჩნდა, რომ ნატოს გარეშე ცხოვრება ევროპას არ ძალუძს.

„მაკრონის ეს განცხადება ახალი არ არის, ეს არის ტრადიციული ფრანგული საგარეო პოლიტიკა, ეს პოლიტიკა შარლ დე გოლიდან იწყება, როცა საფრანგეთი ნატოდან გამოვიდა, მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა. ეს მიუთითებს, რომ საფრანგეთს უნდა გარკვეული ავტონომიურობა და ცდილობს ამაში ევროკავშირის ქვეყნები დარწმუნებასაც. თუმცა რეალობაში ამის გაკეთება ძალიან ჭირს. თუნდაც უკრაინის და სხვა მოვლენებმაც აჩვენა, რომ ევროკავშირი დღეს მზად არ არის დაიცვას საკუთარი თავი ნატოს გარეშე.

„დღეს ასეთი სიტუაცია, თუმცა მომავალში რა იქნება, არ ვიცი. თუ მსოფლიო მიდის მულტიპოლარულობისკენ, სადაც ევროკაშირი შეძლება ცალკე მიზიდულობის ცენტრი იყოს, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ევროპასაც გაუჩნდეს რაღაც ამბიცია ჰქონდეს რაღაც ავტონომიურობა ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. თუმცა დღეს ნატოს გარეშე ევროკავშირი ცალკე ფაქტობრივად ვერ დაიცავს საკუთარ უსაფრთხოებას.

„რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირს სურს, პეკინმა მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რათა დროზე შეწყვიტოს ეს ომი. მაკრონის მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო ჩინელი ლიდერებისადმი, რომ ევროკავშირი ცალკე პოლიტიკას გაატარებს ჩინეთთან, მაგალითად, განსხვავებით აშშ-სგან, ნაკლებად ანტაგონისტური იქნება იგივე ტაივანის საკითხისადმი, " -განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მაკრონის განცხადება დაგვიანებულია, საფრანგეთს დროულად უნდა ეცადა, რომ ევროპა ამერიკის ვასალი არ გამხდარიყო.

„მე ვიტყოდი რომ მაკრონს ცოტა ადრე უნდა ეფიქრა იმაზე, ევროპა ამერიკის ვასალი არ გამხდარიყო. მისი განცხადება, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, მგონი, უფრო ემოციურ ფონზე იყო ნათქვამი. მას მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია, რითაც ცდილობდა საფრანგეთის რაღაც განსაკუთრებული როლის წარმოჩენას, ადრე იგი იყო ინიციატორი, რომ ევროპას საკუთარი შეიარაღებული ძალები შეექმნა. თუმცა ასეთ ინიციატივებსა და განცხადებებს მანამდე არავითარი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. და ეს განცხადება, რაც მან გააკეთა, ვერაფერს კარდინალურად ამერიკასა და ევროპას შორის დამოკიდებულებაში ვერ და არ შეცვლის. იმიტომ, რომ ამერიკის დომინაცია, ევროპაში განსაკუთრებით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა, ყველანაირად -პოლიტიკურად, სამხედრო და ეკონომიკური კუთხით. ერთ მაგალითზე შემიძლია ეს ავხსნა, მას შემდეგ, რაც ევროპამ ამერიკელების ზეწოლით უარი თქვა რუსეთიდან ენერგო- რესურსების მოწოდებაზე და ამის კულმინაცია იყო რუსეთის მთავარი მაგისტრალური გაზსადენის აფეთქება, ის მთლიანად გახდა დამოკიდებული გაცილებით უფრო ძვირ ენერგო მატარებლებზე. შესაბამისად ამერიკის მიმართ მისი დამოკიდებულება გაიზაარდა. ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, რომ მაკრონის ამ რიტორიკას რაღაც კონკრეტული პროცესები მოჰყვეს, რომელიც ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობას დაძაბავდა.

„მაკრონის განცხადება ჩინეთთან მიმართებაში, ტაივანის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, თითქოს აწონილ-დაწონილი იყო, მან ჩინეთსაც გაუგორა კოჭი და შეეცადა არც ტაივანის მიმართ გაეკეთებინა ისეთი განცხადებები, რაც ამერიკას გააღიზიანებდა. ეს პოლიტიკისობის ვერბალური ლექსიკის ნიუანსებია, როცა ისე უნდა გაზომო თითოეული სიტყვა რომ მერე შენი ნათქვამი წინ არ დაგხვდეს.

„საქართველოზე არავითარ გავლენას ეს არ მოახდენს, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ რადარებზე არც თუ ისე, მოწინავე და თვალსაჩინო პოზიციაზე, განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული პროცესების ფონზე. ასე რომ, ჩვენ ახლა არ ვთამაშობთ იმ წონით კატეგორიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში რომ მაკრონის განცხადებამ ჩვენზე ზეგავლენა იქონიოს," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე