ნაზი ბერიძე
(12.04.2023)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც რუსი ოკუპანტის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული, ეხმაურებიან და რუსი სამხედროების მკაცრად დასჯას ითხოვენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს პირი აუცილებლად უნდა დაისაჯოს სამართლის ყველა ნორმით. მომხდარზე რეაქცია ჰქონდათ კრემლშიც, სადაც ვიდეოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს.

უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებას და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს.

„უკრაინა შეძრწუნებულია ამ საზარელი ვიდეოთი, რომელშიც რუსი სამხედროები უკრაინელ სამხედრო ტყვეს თავს ჭრიან. რუსი ჯარისკაცები კამერის წინ პოზირებისას განსაკუთრებული ცინიზმით ართმევენ ადამიანს სიცოცხლეს. ეს რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი არაადამიანური მოპყრობის პირველი მაგალითი არ არის. ათასობით შემთხვევა არის აღრიცხული ბუჩაში, ირჰენში, ჰოსტომელი, ბოროდიანკაში და სხვა სოფლებსა და ქალაქებში.

„რუსეთი განგებ ატარებს წამების, ფიზიკური შეურაცხყოფის, არაადამიანური მოპყრობის, სხეულის სერიოზული დაზიანების, მძიმე ტანჯვის მიყენების და განზრახ მკვლელობის პოლიტიკას მშვიდობიანი უკრაინელებისა და ტყვედ აყვანილი სამხედრო პერსონალის მიმართ.

„ვიდეოზე გადაღებული უკრაინელი სამხედრო ტყვეს მკვლელობა წარმოადგენს ჟენევის კონვენციების სერიოზულ დარღვევას და წარმოადგენს ომის დანაშაულის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსისა და რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის წესდების შესაბამისად.

„რომის წესდების მიხედვით, ასეთი ქმედებები ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას, დაუყონებლივ გამოიძიოს რუსი სამხედროების კიდევ ერთი სისასტიკე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების კონტექსტში.

"ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო უკრაინაში საშინელ დანაშაულებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა და უშუალო დამნაშავეები, უდავოდ დაისჯებიან. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა გააძლიეროს უკრაინის ხალხის დაცვას რუსული გენოციდისგან და ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას",-ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

კრემლშიც ჰქონდათ რეაქცია აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს შემზარავი კადრებია, მაგრამ აქვე დაამატა რომ ვცხოვრობთ „ფეიკების" სამყაროში.

„ცალსახად, ეს შემზარავი კადრებია და თავდაპირველად საჭიროა მისი ავთენტურობის შემოწმება. ამის შემდეგ, რათქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ შემოწმდეს ასეა ეს თუ არაა ასე, ჰქონდა თუ არა ამას ადგილი. თუ ამას ადგილი ჰქონდა სად და ვისი მხრიდან"-თქვა პესკოვმა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან"აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული არ ატარებს სისტემურ ხასიათს და ეს პირი აუცილებლად უნდა დაისაჯოს არა მარტო რუსეთის კანონმდებლობით, არამედ, მან პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის წინაშე. ხოლო სადამსჯელო პროცესები ვერ შეეხება რუსეთის უმაღლეს პირებს, იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული პირის მიერ, კონკრეტულად ჩადენილი დანაშაული.

„რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები არ დაისჯებიან არავითარ შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული დანაშაული კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი. ისინი რაზედაც დასასჯელები არიან, იმაზე ვერ სჯიან. ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული.

„ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, მოსთხოვონ რუსეთს რომ გამოიძიოს ეს დანაშაული და დაადგინოს იმ პირის ვინაობა და დასაჯოს რუსეთმა. სხვა მხრივ ეს არანაირად არ ეხება რუსეთის უმაღლეს სახელისუფლებო პირებს.

"ამერიკაში ამერიკის გენშტაბში გარკვეული სამხედროები ახდენდნენ გარკვეულ სამხედრო დანაშაულს, კონკრეტული პირი აკეთებდა კონკრეტულ დანაშაულს, მაგრამ ამისთვის ამერიკის პრეზიდენტს არავინ დასჯიდა.

„ეს პირი უნდა დადგინდეს ჯერ ვინ არის უნდა მოსთხოვონ რუსეთის ხელისუფლებას, რომ გადასცენ ეს პირი და შემდეგ დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

„წესით რუსეთის ხელისუფლებას აქვს უფლება დასაჯოს ეს ადამიანი ასეთი საქმიანობისთვის, ომის კანონების დარღვევისთვის. როგორ დასჯის და რას დასჯის ეს სხვა თემაა.

„ტყვეს აქვს უფლება იცოცხლოს და არა მარტო იცოცხლოს არამედ უნდა შეუქმნა პირობები რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს არის ომის კანონებში გაწერილი" - თქვა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე