კიევში ამბობენ, რომ ოპერაციის ზუსტი დეტალები „მხოლოდ 3-5-მა ადამიანმა იცის“
ნაზი ბერიძე
(07.04.2023)

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრიერიშის შესახებ „მხოლოდ 3-5-მა ადამიანმა იცის". როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ეს ტაქტიკა უკრაინის ხელისუფლების სამხედრო სტრატეგიაა და კონტრიერიშის განხორციელებას მაისის დასაწყისში ვარაუდობს.

„რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან საუბრისას შეკითხვაზე, წარმოადგენს თუ არა კონტრიერიშის დაწყების თარიღზე ხშირი განცხადებები უკრაინის სტრატეგიას, ოლექსი დანილოვმა განაცხადა: „შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის ადამიანების ძალიან შეზღუდული რაოდენობაა, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ სად, როდის, რანაირად დაიწყება ესა თუ ის ქმედებები. არაუმეტეს 3-5 ადამიანისა... და როდესაც ადამიანები ამა თუ იმ განცხადებებს აკეთებენ, გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება სრულიად არ შეესაბამებოდეს რეალობას. როდესაც დაიწყება ესა თუ ის სამხედრო ქმედებები, ესა თუ ის ოპერაციები - ეს პირთა ძალიან შეზღუდული წრის ინფორმაციაა", - განაცხადა დანილოვმა.

როგორც ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსს" ეუბნება, დანილოვი და სხვა ოფიციალური პირები მსგავს განცხადებებს მტრის თვალის ასახვევად აკეთებენ. რაც შეეხება კონტრშეტევას, დასავლეთი და ამერიკა სწორედ იმიტომ აწვდის უკრაინას კოლოსალურ სამხედრო დახმარებას, რომ ის მხოლოდ თავდაცვისთვის არ გამოიყენოს, თუმცა კონტრიერიში დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე და ამინდზე.

„ორმა იცის ღორმა იცის" - წინასწარ იმის დაანონსება, კონტრიერიში როდის დაიწყება, რა დროს და რა მიმართულებაზე, არალოგიკურია. თუმცა ასე ხშირად ამაზე საუბარი იგივე უკრაინის მხრიდან, შეიძლება მეტყველებდეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება, ანუ მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას. ესეც სამხედრო ეშმაკობის ერთ-ერთი მიმართულებაა. რაც შეეხება კონტრიერიშს, გამომდინარე იქიდან, რა შეიარაღებასაც აწვდის უკრაინას დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იარაღის გარკვეული ნაწილი განსაზღვრულია არა თავდაცვისთვის, არამედ შეტევითი ბრძოლებისთვის.

„ლოგიკურადაც, როდესაც დასავლეთი ამხელა დახმარებას უწევს უკრაინას (თუმცა რა თქმა უნდა უკეთესია, რომ უფრო მეტი იყოს ეს დახმარება), ლოგიკურია, გარკვეულ შედეგს ელოდება, რომ უკრაინა სულ თავდაცვაში არ იქნება. შესაბამისად, რაღაც ჯაჭვი იქმნება. მაგრამ რა და როდის დაიწყება, ძნელი სათქმელია. მე ამაზე შემოდგომაზე, ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ვსაუბრობდი, რომ ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე - ამინდზე. კადრები რომ ნახოთ, ტანკები ან ჯავშანტექნიკა ტალახში, შავ-მიწა ნიადაგზე როგორ წვალებით გადაადგილდებიან, სანამ ეს არ გამოშრება, არ გამოსწორდება, კონტრიერიშიც არ იქნება. ეს უფრო აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში მოხდება, და მერე უფრო მოსალოდნელია კონტრშეტევები," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე