ია აბულაშვილი
(10.11.2023)

"რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" ილიამ 1860 წელს დაწერა. პირველად პოემა 1863 წელს ჟურნალ "საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნდა, სრული სახით კი - 1873 წელს ჟურნალ „ივერიის" ფურცლებზე. „კაკო ყაჩაღის" ისტორიას ასე იხსენებს ილიას ახლო ნათესავი, ცნობილი ქართველი მოღვაწე კოტე აფხაზი.

„რაც შეეხება ილიას შემოქმედებას და მისი ნაწარმოებების ისტორიას, მე მხოლოდ „კაკო ყაჩაღის" შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლაც ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში.

ერთხელ ილია სწორედ ამ გზით მოდიოდა ჩვენსა, კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბათ ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია. გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს, ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო. ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია და ილია მიუწვევია ბინაზე. კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, ილია როცა ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით, „დამაძინეთ, დამაძინეთო". მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე