ელზა პაპოშვილი
(21.04.2024)

თბილისის ცენტრში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლები „რეზონანსს“  კრიმინალური დრამის ახალ დეტალებს უყვებიან. 18 აპრილს ისინი იმის თვითმხილველები გახდენენ, თუ როგორ დაესხნენ ახალგაზრდა კაცს თავს და დაჭრეს. მათი თქმით, ხალხმრავალ ქუჩაზე ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ცნობილია, რომ კრიმინალური დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს და ძმებ კაკულიებთან დაპირისპირებას უკავშირდება. სისხლიანი ანგარიშსწორების მთავარი ფიგურანტები არიან სერგი ქურთიაშვილი, რომელიც ძმებ კაკულიების საქმის მთავარი ფიგურანტია და გიორგი რუხაძე, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ძმების ნათესავია.  

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქურთიაშვილმა, სავარაუდოდ, ჩასაფრება მოუწყო გიორგი რუხაძეს და პირდაპირ ქუჩაში მას და მის პირად დაცვას რამდენჯერმე ესროლა. ხოლო გაქცევისას მას რუხაძის დაცვის კიდევ წევრი გამოედევნა და თავის არეში დაჭრა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ქურთიაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. საავადმყოფოში ასევე რჩებიან გიორგი რუხაძე და მისი დაცვის ერთი წევრი, რომელთა სიცოხლესაც ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. 

„რაც დავინახეთ ის იყო, რომ ახალგაზრდა ბიჭი დაცვასთან ერთად ავტომობილიდან გადმოვიდა. გზაზე მიდიოდნენ და კორპუსში უნდა შესულიყვნენ. ამ დროს მოულოდნელად მას ერთი პირი ზურგიდან მიუახლოვდა და ესროლა. შემდეგ, სანამ დაცვა მოტრიალდა, მასაც ესროლა. 

„ამ დროს მეორე დაცვა, რომელიც სავარაუდოდ, ავტომობილში იყო დარჩენილი, გადმოხტა და მას თავის არეში ესროლა. დამნაშავემ გაქცევა ვეღარ მოასწრო. 

„ორმხრივი სროლა იყო. ამბობენ შურისძიების მოტივით  მოხდაო. რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის. მერე გავიგეთ, რომ ესენი ძმებ  კაკულიებთან ყოფილან დაკავშირებული. ერთი ნათესავიაო და მეორე საქმეში ფიგურირებსო. სამივე დაბლა იწვა და სისხლი გასდიოდათ. ხალხი მივარდათ დ რა ვიცი, შველას ვცდილობდით. ის მესამე თავდამსხმელი ძალიან მძიმედ იყო და გაუნძრევლად იწვა. ეს ორი მხარში იყვნენ მემგონი დაჭრილი“, - უყვება თვითმხილველი „რეზონანსს“.

კიდევ ერთი  თვითმხილველი კი ამბობს, რომ მან დაინახა როგორ კამათობდნენ თავდასხმამდე ერთმანეთში ორი ახალგაზრდა. თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. მალევე კი სროლის ხმა გაიგო. იფიქრა, რომ ბავშვები რაღაცას ცელქობდნენ, თუმცა ყვირილის ხმაზე მიხვდა, რომ რაღაც უბედურება მოხდა. 

„ორი ახალგაზრდა იდგა კორპუსის კართან, რაღაცაზე დავობდნენ. ერთმანეთს რაღაცაში ადანაშაულებდნენ. მერე ის მეორე წავიდა. უკან მობრუნდა და ესროლა თუ არა, ეს არ ვიცი. რაღაც ასაფეთქებლებს ისვრინ- მეთქი ვიფიქრა, მაგრამ მერე ყვირილის ხმა გავიგე - დაჭრილები არიან, სასწრაფოში დარეკეთო.

„რომ გამოვედი სამი ახალგზარდა იწვა მიწაზე სისხლში ამოსვრილი. ორი კონტაქტური იყო და მესამე გათიშული. მერე გავიგე, რომ დაცვა გადაფარებია და ისიც დაიჭრა. მეორე დაცვის წევრი კი გამოედევნა და თავში დაჭრა. ვისაც თავს დაესხნენ, ის ძმებ კაკულიების ნათესავია და მეორე თავდამსხმელი მგონი მეგობარიო. რაზე ხოცავდნენ ერთმანეთს, აბა, ვინ იცის...“, - ამბობს თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე