ელზა პაპოშვილი
(16.04.2024)

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის ქალი გაათავისუფლეს. საქმის ირგვლივ კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრეც გაიზარდოს. პროკურატურამ ნატო ხელაძეს მკვლელობის მუხლი მას შემდეგ მოუხსნა, რაც საქმეში მისი 7 წლის  შვილის ჩვენება გაჩნდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბავშვი იმ მძიმე ღამეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, სინამდვილეში ვინ მოკლა მისი მამა.

მანამდე, თავის პირველ ჩვენებაში, 29 წლის ნატო ხელაძემ მცირეწლოვანი შვილის თვალწინ სასტიკი დანაშაულის ჩადენაზე აღიარებითი ჩვენება მისცა. ის ჩვენებაში ყვება, რომ მეუღლე ოჯახური კონფლიქტის დრო დანის რამდენიმე დარტყმით მას შემდეგ მოკლა, რაც ის შვილების ჩამორთმევით დაემუქრა. ქალმა სამართალდამცველებს არჩადენილი დანაშაული დეტალურად აღუწერა, რის შემდეგაც ის მკვლელობის ადგილზე დააკავეს.  

მეორე დღეს კი, როდესაც მასთან ადვოკატი მიდის, ის სასამართლოში  მკვლელობას უარყოფს. სავარაუდოდ, დაკავებულ ქალს არავინ დაუჯერებდა, რომ არა მისი 7 წლის შვილის ჩვენება.

ამ ეტაპზე მოკლულის შვილი, რომელიც საქმის ოქროს მოწმეა, თავის 13 წლის ნახევარდასთან ერთად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვების ჩვენებით გამოძიებამ რეალური სურათი აღადგინა.

„რეზონანსს“ წყარო მომხდარის დეტალებს უყვება. 

„საზარელი დანაშაული ბავშვების თვალწინ სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. მალხაზ გოგია სახლში ცოლთან, შვილთან და 13 წლის გერთან ერთად 2 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. მამაკაცი მეუღლეზე და მის 13 წლის გოგონაზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა და ოჯახური ძალადობის დროს, ნატო ხელაძის ერთ-ერთმა ძმამ სიძე წარსულშიც დაჭრა და ისიც ნასამართლევია.

„ბოლო კონფლიქტი მაში დაიწყო, როდესაც პირველი აპრილს, ღამის 11 საათზე ნატო ხელაძეს და მალხაზ გოგიას ნათესავები ესტუმრნენ - ცოლის ძმები, მათი მეუღლეები და კიდევ ერთი პირი. მასპინძელი მალხაზ გოგია  სტუმრებმა ცოლ-ქმარს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო სცემეს. შემდეგ კი სახლი დატოვეს. ნასვამი მალხაზ გოგია ფიზიკური ძალადობის შესახებ ნათესავების მხილებას და პოლიციაში წასვლას გეგმავდა, მეუღლე კი ამის წინააღმდეგი იყო. 

„ქალმა ნასვამი ქმრის გეგმები ტელეფონით მისი სახლიდან წასულ ძმებს შეატყობინა. სტუმრები დაახლოებით ღამის 3 საათზე ისევ უკან, სიძესთან დაბრუნდნენ, მალხაზ გოგია კიდევ ერთხელ სცემეს, რის შემდეგაც მალხაზ ხელაძემ დის ქმარი სამზარეულოს დანით მოკლა. სანამ მიიმალებოდა, მკვლელობის იარაღი სახლის წინ, არხში ჩააგდო. ამ ყველაფერს კი მოკლულის 7 წლის ბიჭი შეესწრო. სავარაუდოდ, შიშის ან იძულების გამო, ნატა ხელაძემ 112-ში დარეკვისას ოპერატორს შველა სთხოვა და უთხრა, რომ ქმარი მან დაჭრა“, - ყვება წყარო „რეზონანსთან“. 

გამოძიებიის ინფორმაციით, სწორედ სასწრაფოში ზარის შემდეგ, ნატო ხელაძე ძმებმა გვამთან მარტო დატოვეს და სახლიდან მისი არასრულწლოვანი შვილებიც წაიყვანეს. ძმების გეგმის შესაბამისად კი, ადგილზე მისულ პოლიციას ქალმა უთხრა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. 

სიმართლე 2 დღეში გაირკვა და ქალს განზრახ მკვლელობის მძიმე მუხლი ცრუ ჩვენების მუხლით შეეცვალა.

მოკლულს 5 ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. 32 წლის მალხაზ გოგიას მკვლელობის ბრალდებით მისი ცოლის ძმა, მალხაზ ხელაძე დააკავეს. ჯგუფური ძალადობის და ცრუ ჩვენებისთვის აიყვანეს მეორე ძმა, ძმისშვილი და კიდევ ერთი პირი.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლეც. 

32 წლის მალხაზ გოგია ფოთში დაკრძალეს. მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი ჯგუფურად მოკლეს. შვილმკვდარი დედა დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე