თამთა ჩაჩანიძე
(15.03.2024)

„ოცნება" ენჯეოებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს - მმართველი პარტია წინააღმდეგია ვეტინგის სისტემის დანერგვის, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს და აცხადებს, რომ ეს „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაააქტიურა". მათი შეფასებით, „მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ" იმ მოსამართლეებზე, ვინც ამ იდეას ემხრობა.

ამას ოპოზიციისგან და 12 არასამთავრობო ორგანიზაციისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს".

უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსამართლეები ვეტინგის იდეაზე შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ეს „ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი". ამ განცხადებას არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე.

„ვეტინგის თემა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააქტიურა, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი სრული დაფინანსებით უცხოეთიდან მოქმედი ორგანიზაციები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებენ. ჩვენ ვხედავდით, რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ენჯეოებს ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ.

„საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ. ჩვენ არ ვართ შეუმდგარი ქვეყანა, არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა და არ ვართ მესამე სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა. ოპოზიცია არჩევნებზე გადის იმ კონცეფციით, რომ ქართველ ხალხს არ აქვს უნარი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ. ჩვენ ერთი კონცეფციით გავდივართ, ისინი მეორეთი და ნახავენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს გადაწყდება ყველა ეს საკითხი - ჩვენ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი ქვეყანა ქართველი ხალხის მანდატით, თუ ის, რასაც ამბობს ოპოზიცია, რომ მათ მართვის არანაირი უნარი არ აქვთ და ქართველ ხალხს არ აქვს არანაირი ცოდნა, გამოცდილება და იმის აღქმა, თუ რა არის მისთვის უკეთესი და საჭიროა მეურვეები მოვიყვანოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღებენ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს მოსამართლეები არიან ის ადამიანები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საკმაოდ დიდ ფსონს დებდნენ. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უნდა უპასუხონ ამ მოსამართლეებმაც ენჯეო სექტორის ამ ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ასევე "ნაცმოძრაობის" უკან მდგარ შესაბამის ძალებს", - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს". ესენი არიან: საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; დემოკრატიის მცველები; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; უფლებები საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა, მათ შორის მიუთითა, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სისტემა, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ისეთ წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ პირობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავეს და არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა უზენაესმა სასამართლომაც, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს.

„უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბაქაქურმა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის ამოქმედების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას მხარი არ დაუჭირეს და საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ. მსგავსი მოსაზრება დააფიქსირეს პირველი და მეორე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც. მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ სურთ, გახდნენ საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ფაქტორი, შესაბამისად, მზად არიან გაიარონ კეთილსინდისიერების გადამოწმების ტესტი.

„მოსამართლეთა განცხადებების შემდეგ, ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო. პრემიერ-მინისტრმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს ხოლმე მიმდინარე მოვლენებზე. განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ასევე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს პარლამენტის წევრებმა ბექა ოდიშარიამ და დავით მათიკაშვილმა. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელია სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები", - ნათქვამია განცხადებაში.

„ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ მოსამართლეების მიმართ ხელისუფლების გზავნილები გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნება" აკონტროლებს სასამართლო სისტემას.

„კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება შეეხოს ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერების ტესტს. პირველ ეტაპზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანიდან რომ გათავისუფლდეს, აქედან დაწყება, კეთილსინდისიერების და ქონების დადასტურების ტესტის ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მოსამართლეებს, ვინც მხარს უჭერს ამ სისტემას, ღიად ემუქრება უკვე "ქართული ოცნება". მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო მოსამართლეებს ძალიან მძიმე გზავნილს უგზავნიან, რაც გულისხმობს იმას, რომ "ქართული ოცნება" აკონტროლებს სასამართლო სისტემას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე