რეზონანსი
(14.03.2024)

აღწერილი ისტორია შეთხზულია, თუმცა ის არის მოდელირება სინამდვილისა, რომელიც ყოველდღიურად ხდება.

კოვიდპატიმრობა დასასრულს უახლოვდებოდა, ირაკლის უცბად რომ შეამცივნა. სიცხის გაზომვის პროცესში ათასნაირ ფიქრს მიეცა და სამყაროს დასასრული წარმოიდგინა. თერმომეტრი 37.9 გრადუსს აჩვენებდა. თავს კარგად გძნობდა და რაკიღა სიარულის რეკომენდაცია უმთავრესი იყო კოვიდის დროს, ეზოს დაახლოებით 20 წრე დაარტყა. საღამოს არც 3 ლიტრი წყალის და ცინკის დალევა დავიწყებია.

მეორე დღეს ტემპერატურამ უმატა, თუმცა თავს ისევ არაჩვეულებრივად გრძნობდა. გადაწყვიტა ბინაზე ლაბორატორია გამოეძახებინა და კოვიდის ტესტთან ერთად, დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ გაიდლაინით მოწოდებული სისხლის საერთო ანალიზი, ც რეაქტიული ცილა და ფერიტინი შეემოწმებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პროფესიით არქიტექტორი იყო, მედიცინაში საშუალოზე კარგად ერკვეოდა და იცოდა, რომ ლაბორატორიულ ანალიტიკას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც დაავადებათა ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკის, ასევე სწორი და დროული მკურნალობისათვის. ისიც იცოდა, რომ საექიმო გადაწყვეტილებათა 70%-ზე მეტი დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე და არც დაფიქრდა, ისე დარეკა ლაბორატორიაში და ბინაზე გამოძახება ითხოვა.

ლაბორატორიების გადატვირთული მუშაობის გამო, მოსვლას 22.00 საათისთვის შეჰპირდნენ. 10 საათით ოთახში გამოკეტვას, ირაკლიმ მის საკუთარ ეზოში კალათბურთის თამაში არჩია. ვინაიდან ფიზიკურად თავს ჩვეულებრივზე უკეთ გრძნობდა, კალათბურთის თამაშის მერე, ეზოც მიალაგა. ვერ დუნდებოდა, კოვიდის გართულების ქვეცნობიერი შიში თან სდევდა და ამ შიშს სახლის ფანჯრიდან გამოსული ტელევიზორის ხმა უმწვავებდა, საიდანაც ბოლო დღის სიკვდილობის სტატისტიკას გადმოსცემდნენ. 

ირაკლის ტელეფონი არ ჩერდებოდა. ათობით ადამიანი კითხულობდა მის მდგომარეობას და ამხნევებდნენ. ყველა თხოვდა ლაბორატორიული კვლევის შედეგების დაუყოვნებლივ გაზიარებას, ეცოდინებოდა თუ არა შედეგი.

პროფესიით ბიოლოგი დეიდისგან ტექსტური შეტყობინებაც მიიღო: „ირაკლი, კვლევის მაქსიმალურად სწორი შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანია ორგანიზმის სწორად მომზადება. იმედი მაქვს მასალას სათანადო პირობებში შეინახავენ და სწორად გასწევენ ტრანსპორტირებას“.

ამ დროს ზარი გაისმა და ლაბორატორიის წარმომადგენელი, ფაქტიურად თვალდახუჭული ქალბატონი (ვინაიდან მხოლოდ თვალები უჩანდა), ჩანთით ხელში გამოცხადდა. ანალიზი 1 წუთში აიღო, პაიენტის ელ-ფოსტა ჩაიწერა და დაემშვიდობა. როგორც მოსალოდნელი იყო და ეჭვი არავის ეპარებოდა, სწრაფი ტესტი კოვიდზე, დადებითი აღმოჩდა. 

დილის საშინელ ქარიან ამინდს, ირაკლის ანალიზების საშინელი პასუხიც მოჰყვა. ძალიან მომატებული ც რეაქტიული ცილა, მაღალი ლეიკოციტები და ბევრი სხვა მაჩვენებელი, რომელიც ექიმის სატელეფონო კონსულტაციით, საფუძველს იძლეოდა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანაზე. დაბნეული ირაკლი, რომელიც თავს შესანიშნავად გრძნობდა, მეგობრებს ურეკავდა და რჩევას ეკითხებოდა. ყველას პასუხი იყო - რამე არ გაგირთულდეს, დაწექი საავადმყოფოში. 

საავადმყოფოში ადგილის მოძებნა, ფაქტიურად, გმირობის ტოლფასი აღმოჩდა. ვის არ დაურეკა ირაკლის მეუღლემ, რომ სადმე ერთი საწოლი დაემატებინათ და ბოლოს, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ირაკლისთვის საწოლი გამოჩდა.

ეზოში კალათბურთის მოთამაშე ირაკლიმ, სასწრაფოს მანქანა დაინახა, რომელსაც კლინიკაში უნდა გადაეყვანა. ჩანთა მომზადებული ჰქონდა და 5 წუთიც კი არ დასჭირდა, რომ სასწრაფოს მანქანაში მჯდარიყო.

1 საათში ირაკლი ერთ-ერთი ცნობილი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, სადაც მასთან ერთად 20-მდე ადამიანი სიკვდილს ებრძოდა. აქამდე კარგად მყოფი ირაკლი, უკვე თავს ცუდად გრძნობდა და სიკვდილს ელოდა. უყურებდა ჟანგბადის სასუნთქ აპარატებს, კონცენტრატორებს, მუცელზე დაწოლილ ხალხს და ელოდა, როდის ჩავარდებოდა თვითონ ასეთ მდგომარეობაში. ცოტა ხანში ექიმი შემოვიდა, რომელმაც ამცნო, რომ მისთვის აუცილებელი იყო ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე გადაყვანა. ამ წინადადებამ ირაკლი გამოაფხიზლა. რაღაც ქვეცნობიერი კარნახობდა, რომ შეცდომას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან თავს კარგად გრძნობდა.  ექიმს სახლში გაწერა სთხოვა, რაზეც პატრულის გამოძახების მუქარა მიიღო.

ირაკლი გაიპარა. ტაქსი გამოიძახა და გზად ერთ-ერთი ლაბორატორიაში ხელახალი  კვლევისთვის მივიდა. რამდენიმე საათში ანალიზის ყველა მაჩვენებელი საუკეთესო აღმოჩდა. ირაკლის საავადმყოფოში მოხვედრამდე სხვისი ანალიზის პასუხი გაუგზავნეს.

ირაკლი კარგად არის. რამდენიმე ულამაზესი სახლის პროექტის ავტორია. ადამიანი ვისი ანალიზის პასუხიც ირაკლის მისცეს, დაგვიანებული მკურნალობის გამო, ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა. 1 თვის წინ ის 48 წლის გახდებოდა...

არასამთავრობო ორგანიზაცია – „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს – „სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“. 

პროექტის მიზანია ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის გარე კონტროლი და  შედეგებზე დაყრდნობით მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება.

იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი ისტორიები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს,   საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის ლაბორატორიული სერვისების შესახებ, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეამცირებს არასწორ/არასაჭირო დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ტვირთს პაციენტებისა და მომსახურების სხვა შემსყიდველებისათვის.  

ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება აუმჯობესებს: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსს და ამცირებს არასაჭირო დანახარჯს. სანდო და სწორი ლაბორატორიული კვლევა მნიშვნელოვანი საფუძველია პაციენტის სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რაციონალური ტაქტიკის განსაზღვრისათვის.

 სტატია მოამზადა ააიპ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე