ელზა პაპოშვილი
(12.03.2024)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. საქმე 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ დანაშაულს ეხება. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, კაცს მაშინ ნათესავები თავად გაუსწორდნენ - ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფელში ასე ჩამოატარეს. ამის გამო იგი პოლიციამ იგი დაზარალებულადაც სცნო და ამ საქმეზე 3 პირიც დააკავა. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ 30 წლის მამაკაცმა ნათესავ ქალზე ძალადობა მართლაც სცადა და პოლიციამ შესაბამისი მუხლით ისიც დააკავა.

„როგორც თავად ნათესავები ყვებოდნენ, ამ ბიჭმა ნათესავ გოგოზე იძალადა - მისი გაუპატიურება სცადა. გოგომ ოჯახს უამბო ამის შესახებ, მათ კი შურისძიება თავად გადაწყვიტეს - საქვეყნოდ ქალის კაბა ჩააცვეს და სოფელში ასე ჩამოატარეს, სცემეს და დაამცირეს. ამის გამო პოლიციამ ამ კაცის 3 ნათესავი დააკავა. 

„ახლა კი გავიგეთ, რომ თავად ეს კაციც დაუკავებიათ. სოფელში აღარ ჩანდა და ერდებოდა გარეთ გამოსვლას. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგო მართალს ამბობდა და მასზე სექსუალურად იძალადა. 

„თუ დამნაშავეა, პასუხი ნამდვილად უნდა აგოს. კი, ბატონო, არ იყო ის ფორმა  მისაღები, როგორც ის დაამცირეს, მაგრამ ქალი რა მდგომარეობაშია, ვინმემ იცის? ნათესავს რომ კაცი არ დაინდობს, სხვას დაინდობს?“, - უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსს“.

შსს-ში სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) არის აღძრული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე