ელზა პაპოშვილი
(11.03.2024)

ნარკოტიკებთან ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცველები აგრძელებენ. კიდევ ერთი ხმაურიანი დაკავება თბილისში, დადიანის ქუჩაზე ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში მოხდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს. მეზობლები ადასტურებენ, რომ ამ მისამართზე პოლიცია ნამდვილად იყო მობილიზებული. გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ამოიღეს სპეციალური ხელსაწყოებიც, რითაც წყვილი ნარკოტიკულ საშუალებებს გასაყიდად ამზადებდა.

„არაფერი ვიცით ზუსტად. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მოვიდა პოლიცია, გოგო  და ბიჭი ხელბორკილებით წაიყვანეს. აქ ქირით ცხოვრობდნენ. ცოლ -ქმარი არიან თუ ვინ არიან,  არ ვიცით. მარტო ის გავიგეთ, რომ აქ ნარკოტიკები უფასოებიათ და უყუდიათ. პოლიციამ პარკებით გამოიტანა რაღაცეები. არ ვიცინობდით, არ გვქონდა მეზობლებს კომუნიკაცია, სულ ახალი გადმოსულები არიან“,-ყვებიან ადგილობრივები „რეზონანსთან“. 

დადიანის ქუჩის გარდა, თბილისში, ნარკორეალიზატორები სხვა ლოკაციებზეც დააკავეს. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს მამაკაცს, რომელიც აკრძალული ნივთიერებების რეალიზაციას აპლიკაცია - "ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად, ამოღებულია 34 შეკვრა "მეტადონი", რომლის განთავსებას ბრალდებული, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე გეგმავდა.

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გრძელდება აჭარაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, ბელარუსის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნაქირავებ ბინაში დიდი ოდენობით ნარკოტიკებს აფასოებდა და სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა. 

„გავიგეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არის დაკავებული. ნარკოტიკებს ყიდდაო და პოლიციამ ფაქტზე დაიჭირა. ნაქირავებში ცხოვრობდა აქ. დიდი ხანი არაა, სულ რამდენიმე თვე იქნება, რაც მეზობლად გადმოვიდა. ახალგაზრდა ბიჭია, მგონი მოლდავეთის მოქალაქეა“,-აცხადებენ მეზობლები. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 8 პირი დააკავეს. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ფაქტზე საჯაროდ არც ადვოკატები საუბრობენ. სასამართლომ მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მხოლოდ მიმდინარე წელს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სისხლის სამართლის 300-ზე მეტ საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამოღებულია 84 კილოგრამი "ჰეროინი", 12 ათასამდე აბი "სუბოტექსი", 2,5 კილოგრამი "კოკაინი" და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილი და დაკავებულია 60-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე