თამთა ჩაჩანიძე
(07.03.2024)

უმრავლესობაში არასამთავრობო ორგანიზაციების თემა კვლავ გააქტიურდა - მმართველი პარტია მოითხოვს, დონორებმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასება შეწყვიტონ, რომელთა სახსრები „პარტიულ ჯიბეებში მიდის". ამ თემის წამოწევას წინ უძღვოდა ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელმძღვანელის კენ ვოლაკის განცხადება, სადაც ამბობს, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, „ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ახლა „უცხოური აგენტებზე" კანონპროექტის გააქტიურებას ვერ გაბედავს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამ თემის გააქტიურება მინიმუმ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„მარტივი ჭეშმარიტებაა, თუ სამოქალაქო ორგანიაზია კონკრეტული ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი იღებს გარკვეულ შემოსავალს ენჯეო-სექტორის ეგიდით და აქვს დაფინანსება და ამავდროულად ის აწარმოებს პარტიულ საქმიანობას, ეს არის პარტიული საქმიანობის დაფინანსება. ეს უკანონოა, ამორალური და კანონგარეშეა," - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში კონკრეტული მაგალითები, როდესაც ერთი და იგივე სახელითაც კი გამოდიან პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, სარგებლობს პარტია. შესაბამისად ამას უნდა ყურადღების მიქცევა, სწორი მიდგომა, პოლიტიკური გაკიცხვა, ასე დავარქვათ, ცოტა უტრირებულია, მაგრამ რელურად პოლიტიკური და მათ შორის სამართლებრივი რეაქცია უნდა. რეაგირება უნდა იყოს სწორი, რადგან არ არსებობს რომელიმე ნორმალურმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დაუშვას, რომ გქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მიიღოთ დიდი დაფინანსება და ამ დროს ეწეოდეთ პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა მდინარაძემ.

6 მარტს კი ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის, NED-ის ხელმძღვანელმა კენ ვოლაკმა განაცხადა, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, „ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის".

„სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უფლება აქვთ იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში. თუ ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის. NED-ის საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას და არა პოლიტიკური პარტიების. თუ სამოქალაქო ორგანიზაცია ირჩევს, რომ პოლიტიკური პარტია გახდეს, მაშინ NED-ი მას მხარს არ დაუჭერს. არ მინახავს მტკიცებულება იმის, რომ სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდეს. NED-ის მხარდაჭერილი ორგანიზაციები ნამდვილად არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს", - აღნიშნა კენ ვოლაკიმ.

„მისასალმებელია, რომ NED-ის დირექტორისგან პირველად მოვისმინეთ, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, არ არის სამოქალაქო საზოგადოება. ახლა გადავიდნენ საქმეზე, ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კენ ვოლაკის განცხადებას. მისი თქმით, ზუსტად ორგანიზაცია NED აფინანსებს გახარიას პარტიის „ენჯეოს", რომელიც შექმნილია მისი პარტიის წევრების მიერ, ანა დოლიძის დაფუძნებულ „ენჯეოს", ასევე გიორგი კანდელაკის „სოვლაბს".

„მივესალმები ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ფონდის NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას და დადასტურებას იმის, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, არ არის სამოქალაქო საზოგადოება. ამას ვამტკიცებთ უკვე რამდენი ხანია და მისასალმებელია, რომ NED-ის დირექტორმა ეს დაადასტურა. ეს ფიცი მოგვწონს, ახლა გვინდა მტკიცებულებაც, რომ საქმეში აისახოს ეს ყველაფერი. ზუსტად ეს ფონდი აფინანსებს პარტიულ „ენჯეოებს". ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, მისი დაფუძნებულია. ეს არის „სოვლაბი", სადაც გიორგი კანდელაკია ლიდერი. ეს არის „ხალხისთვის" და „პროგრესის ცენტრი", რომელიც ანა დოლიძის დაფუძნებულია. ყველა ამ „ენჯეოს" დამფუძნებელი და ლიდერი არის პოლიტიკოსი, პარტიული ლიდერები და ყველა პარტიული ლიდერი ჯიბეში ფულს იდებს უცხოეთიდან. ამიტომ ეს ფიცი გავიგეთ, ახლა საჭიროა საქმეზე გადასვლა.

„თუ ეს არის გულწრფელად ნათქვამი სიტყვები, უნდა შეწყვიტოს დაფინანსება ყველა ამ ფონდებმა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების. ასევე საუბარი იყო ხელმძღვანელების მხრიდან გამჭვირვალეობაზე, თუ რომელიმე ფონდი არის გაუმჭვირვალე, ეს არის ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის განვითარების ფონდი NED. მე პირადად, არაერთხელ მოვუწოდე სხვადასხვა არხით, პირადი შეხვედრების, თუ სხვა დროს, რომ ქართველი ხალხისთვის გაასაჯაროონ, რა პროექტებს აფინანსებენ. როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან, რაში ეხმარებიან ამ ქართველ ხალხს, არ ეუბნება არავინ? სამწუხაროდ, ეს გასაჯაროება არ ხდება. დამალულია მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები და სამწუხაროდ, არ საჯაროვდება. ეს რა თქმა უნდა არ პასუხობს არათუ ამერიკულს, არანაირ გამჭვირვალობის ყველაზე დაბალ სტანდარტსაც კი. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც მისასალმებელია, და ეს პირველად მოვისმინეთ ჩვენ უცხოელი აქტორისგან, აქამდე გვერდის შემოვლა მიდიოდა ხოლმე, ახლა გადავიდნენ საქმეზე, ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს სამმაგი კონტროლი აქვთ და მათი ფინანსური საქმიანობა სრულიად გამჭვირვალე და ღიაა.

„რუსული კანონის შემოტანა იმიტომ უნდოდათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოეხდინათ. შესაძლოა ახლა კანონი ვერ შემოიტანონ, მაგრამ დისკრედიტაცია გაგრძელდება, რაც ახლა მდინარაძემ იკადრა. ასეთი ფინანსურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, როგორიც სამოქალაქო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, საქართველოში არცერთ მიმართულებას არ დაესიზმრება, ეს მდინარაძემაც კი კარგად იცის.

„საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის საიტზე შევიდეს და ფინანსები შეამოწმოს. მეტიც, არასამთავრობო სექტორს ორმაგი და სამმაგი კონტროლი აქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და თავიანთ დონორებიდან, ვინც ფულს აძლევს. დონორები შტერები ხომ არ არიან, რომ ჰაერში ფული გაისროლონ?! მათ აუცილებლად სჭირდებათ იცოდნენ თუ ეს ფული სად წავიდა და ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. მდინარაძე ცრუობს და გული მწყდება თუ ვინმეს მაინც მისი სჯერა. ყველას მოვუწოდებ არ დაუჯერონ, რადგან პარლამენტში უამრავი ადამიანია, რომლებიც თავიანთ ბიზნესებს მალავენ და ყველაზე გამჭვირვალე, სუფთა ფინანსური სტრუქტურების მიმართ თითს იშვერენ, როგორიცაა სამოქალაქო სექტორი.

„არიან ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიაზე, ცხოველების დაცვაზე მუშაობენ. რამდენი ადამიანი იყო „ქართულ ოცნებაში", რომლებიც შემდეგ პოლიტიკოსები გახდნენ. მე პაატა ზაქარეიშვილი სამოქალაქო სექტორში ვიყავი, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციიდან წამოვედი, სიაში ჩავეწერე, პარლამენტის წევრი გავხდი და მერე გავხდი მინისტრი. მე სამოქალაქო სექტორიდან მივედი და აქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორში მუშაობდა და შემდეგ პოლიტიკაში გადავიდა.

„თუ რომელიმე პოლიტიკოსზეა საუბარი, უნდა დაამტკიცონ, ეს ასე არაა. ასე მეც ვიტყვი, რომ ასეთები თავად არიან. ყველაფერი გამჭვირვალეა. ამის მიზანი სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციაა, ხალხმა იცოდეს, რომ არასამთავრობოები ძალიან ცუდები არიან, ორმაგ თამაშს თამაშობენ, საზიზღრობებს ეწევიან და ამაში ფულს აკეთებენ. ჩვენს სახელმწიფოში სამოქალაქო სექტორი ყველაზე პატიოსანი სფეროა. ისინი პოლიტიკაში მართლა არ მიდიან, პოლიტიკისთვის არ იბრძვიან და შესაბამისად სუფთები არიან. ისინი მზად არიან ხელისუფლებასთანაც ითანამშრომლონ, არ ეუბნებიან წადი შენ და მე მოვალო. „ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამოქალაქო სექტორი სიმართლეს ამბობს, სამართლიანად აკრიტიკებს და ამაზე არიან გაღიზიანებულები",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე