ელზა პაპოშვილი
(06.03.2024)

აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის შვილის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თამარ გუდავამ , რომლის 20 წლის შვილსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ედავება, თანამდებობა 5 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით კი, ამოღებულია აკრძალული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან ერთად ნარკოტიკები თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. ლოკაციაზე დადო, ფოტოები მყიდველს გადაუგზავნა, რის შემდეგაც მოვლენები დრამატულად განვითარდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მეგობრებმა ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს, რასაც ერთ-ერთი მათგანის, 22 წლის არჩილ ბარგამელიძის სიცოცხლე შეეწირა - სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად. მაღაჩინოსნის შვილი, 20 წლის ანა გუდავა კი მძიმე მუხლით არის დაკავებული, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.      

გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ სავარაუდოდ, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება იმ დროს მიიღეს, როდესაც ბიჭის დედა სახლში არ იყო. 22 წლის არჩილ ბარგამელიძეს მამა გარდაცვლილი ჰყავს. ერთი და საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე კი ბათუმშია გათხოვილი. მათი თქმით, ბიჭიც ბოლო დროს ბათუმში მუშაობდა.   

„ძალიან კარგი ბიჭი და ოჯახია. ცოდვით ვიწვებით, არ ვიცით რა ვთქვათ. არავინ იცის რა მოხდა. ამბობენ რაღაცა მიიღეს და ბიჭი ზედოზირებით მოკვდა. ბათუმში წავიდა და იქ მუშაობდა. უკარგესი მშრომელი ბავშვი იყო. იქ რა წრეში მოხვდა, ვინ გაიცნო, ვისთან მეგობრობა აბა ვინ რა იცის. ეს უბედურება კი მოხდა. გოგოსთან ერთად მოსულა დედასთან სტუმრად. დედა ალბათ სადმე იყო გასული და რაღაცა მიუღიათ. ამბობენ, რომ ცუდად გახმდარა, გოგონა ცდილობდა თავად მის გამოყვანასო. შემდეგ მეზობლებს შეატყობინა და სასწრაფოშიც დარეკეს. რამდენად მართალია არ ვიცით, მაგრამ 2 საათი ცდილობდა მის გამოყვანას მდგომარეობიდანო. ნეტა მალევე დაერეკათ სასწრაფოსთვის, იქნებ შველებოდა. გაუბედურდა დედა, საცოდაობა ტრიალებს“, - ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აგრძელებს ნარკოტიკებთან ბრძოლას და უკვე რამდენიმე დღეს, მთელი ქვეყნსი მასშტაბით, ნარკორელიზატორების და ე.წ. დამდებების დაკავებები მიდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 6 პირი დააკავა.

"დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ.", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობითვე, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.

დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია "მეტადონი", ხოლო ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად "ჰაშიში" ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - "ტელეგრამის" გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.-ს მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება "მეფედრონი". გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების "მეტადონის" და "ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" და "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე