თამთა ჩაჩანიძე
(16.02.2024)

ცნობილი ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატია. მწერალი შვედეთის ნობელის კომიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ ხმათა უმრავლესობით წარადგინეს.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

საქართველოდან ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი აკა მორჩილაძის გარდა კიდევ რამდენიმე მწერალი იყო. 1932 წლის ნომინანტების სიაში გრიგოლ რობაქიძე იყო დასახელებული. 1998 წელს ოთარ ჭილაძე, ორჯერ 1996 -1999 წლებში კანდიდატთა შორის იყო ჭაბუა ამირეჯიბი, 2010 წელს ბესიკ ხარანაული, 2011-ში კი დავით მაღრაძე.

როგორც ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური „რეზონანსთან" ამბობს, ის ფაქტი რომ აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატადაა წარდგენილი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამას იმსახურებს. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ზუსტი არჩევანია.

„შანსებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ნობელის პრემიას თავისი რაღაც გარკვეული წესები და კანონები აქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ პრემიაზე აკა მორჩილაძეა წარდგენილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირად ეკუთვნის და ყველანაირად იმსახურებს. ძალიან ზუსტი არჩევანია. სამწუხაროდ, ეს არჩევანი მხოლოდ საქართველოს მხრიდანაა და არა თვითონ კომიტეტის მხრიდან.

„იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც გაგვიმართლებს და საქართველო პირველად აღმოჩნდება ამ სრულიად უნიკალური მოვლენის მომსწრე, მას ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა ლელა ოჩიაურმა „რეზონანსთან".

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის წარდგენაზე ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.

„შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ-ც ავრცელებს.

„აკა მორჩილაძეს შეუძლია წეროს ძალიან სერიოზულ, აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო ომი და მის ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისი, პოლიტიკური ქაოსი, თაობათა დაპირისპირება და ა.შ. ამიტომაც მისი რომანები საკითხავად მიმზიდველია. ეს არის მისი პოპულარობის მიზეზი. მწერალი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საზოგადოებაზე და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობით აანალიზებს და ადგენს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მისი რომანები გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით, რის გამოც ის იმ იშვიათ მწერალთა რიგებშია, რომლებიც ქმნიან დამამახსოვრებელ პერსონაჟებს, რომელთა უნიკალურობაც დიდხანს რჩება მკითხველის მეხსიერებაში. აკა მორჩილაძე პატარა ერის წარმომადგენელია, ამიტომ ცდილობს მკითხველს (განსაკუთრებით უცხო აუდიტორიას) წარუდგინოს თავისი ქვეყნის ეროვნული თავისებურება და, ამავდროულად, აქცენტი გადაიტანოს ისეთ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც თანაბრად ფასეულია ყველა ქვეყნის მკითხველისთვის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ აკა მორჩილაძე თავის რომანებში განსხვავებულ ენობრივ სისტემას ქმნის - მისი გმირების მეტყველება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკს ან სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს არის ერთგვარი ენობრივი ექსპერიმენტი - საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტების, ქალაქური მეტყველების, ჟარგონის თავისებური ნაზავი, რომელიც ჩანაცვლებულია თვით ავტორის მიერ გამოგონილი ხელოვნური დიალექტით", - ნათქვამია წარდგენაში.

ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატის წარდგენაზე წერილი ნობელის კომიტეტიდან მიიღო. 1993 წლიდან ნობელის პრემიაზე საქართველოდან კანდიდატის წარდგენა თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის პრეროგატივაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.

მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 50-მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდება.კანდიდატთა სიების მიღება 1-ელი თებერვლისთვის წყდება. აპრილისთვის აკადემია კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე ამცირებს, ზაფხულში ქვეყნდება 5 კაციანი კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

რედაქციისგან: გიორგი ახვლედიანი 1990-იანებში რამდენიმე წლის განმავლობაში „რეზონანსში" მუშაობდა. „რეზონანსი" ულოცავს მას ნობელის პრემიის კანდიდატობს და წარმატებას უსურვებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე