ელზა პაპოშვილი
(14.02.2024)

მამაკაცს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

27 წლის მოკლული ქალის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა.  გარდაცვლუილის ახლობლები ყვებიან, რომ კაცი თამაშობდა, თითქოს არ იცოდა სად იყო მისი ცოლი, ან რა დაემართა. 

მოკლული ქალის მეგობრებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ის რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. არადა, მათ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქალი ყოფილ ქმარს უნდა შეხვედროდა. კაცი კი ამტკიცებდა, რომ გოგონა სახლში დააბრუნა, მას შემდეგ კი არ იცოდა მისი კვალი სად გაუჩინარდა. პოლიცია დამნაშავის კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც  27 წლის ქალის დასახიჩრებული ცხედარი ხევში გამვლელებმა შემთხვევით ნახეს. 

ფარულ აუდიო-ჩანაწერებით დგინდება, რომ მკვლელობაში ბრალდებული, ნიკა ლაჩაშვილი პოლიციას და სასტიკად მოკლული ცოლის ოჯახის წევრებს  სამი დღის განმავლობაში არწმუნებდა, რომ ყოფილი მეუღლის  გაუჩინარების და შემდეგ მკვლელობის  შესახებ არაფერი იცოდა. 

არადა საქმის მასალების თანახმად, 27 წლის მარიტას დასახიჩრებული გვამი  ამ დროს ჯერ  კიდევ ავტომობილის საბარგულში ჰქონდა გადამალული და მის საბოლოოდ მოშორებას გეგმავდა. აუდიო ფაილებში ბრალდებული მოკლული ცოლის დას ელაპარაკება და არწმუნებს, რომ მარიტა ცოცხალია.

"გავისეირნეთ ღადაობით ჩამოვედით სახლამდე, ვიდეოშიც ჩანს როგორ ვტოვებ,  სადარბაზოსთან დავტოვე, ოღონდ იმინა სადარბაზოსთან არა, ხომ იცი სადაც ვტოვებ ხოლმე, გვერდზე რა, ავიდა სახლში გოგო ცოცხალია და ესენი მე მაწვებიან შენ გააქრეო" - ისმის ჩანაწერში, რომელიც 4 ივნისით თარიღდება. 

3 ივნისს მარიტა დილიდან სამსახურში იყო ის ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობდა. სამსახურიდან გამოსული მეგობარს შეხვდა და საშოპინგოდ წავიდა. სახლში დაბრუნებულს კი ყოფილმა ქმარმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. 

ნიკა ლაჩაშვილის ავტომობილი მარიტას სახლთან თემქაზე, საღამოს 11 საათზე გაჩერდა. 27 წლის ქალის დედამ მარიტას გაუჩინარების ამბავი 10 წლის შვილიშვილისგან 4 ივნისს დილით გაიგო. მას ბავშვმა დაურეკა და უთხრა რომ დედა ღამე სახლში არ მივიდა.

„იტალიიდან დედა და ოჯახის წევრები მარიტასთან დაკავშირებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, არაერთი უპასუხო ზარის შემდეგ, დედას მოულოდნელად მარიტას ტელეფონზე უცხო მამაკაცმა უპასუხა, უთხრა, რომ ტელეფონი კუკიას სასაფლაოზე შემთხვევით მისმა ოჯახის წევრმა იპოვა.

სანამ მარიტას მეგობრები პოლიციაში მივიდოდნენ მოკლულის და ყოფილ სიძეს  დაუკავშირდა. იცოდა, რომ ბოლოს მარიტა სახლიდან მასთან შესახვედრად გავიდა.  ნიკა ლაჩაშვილმა ყოფილს ცოლთან ერთად კუკიაზე ყოფნა დაადასტურა და ცოლის დას აუდიო შეტყობინება გაუგზავნა, უთხრა, რომ მარიტა სახლში გვიან ღამით დატოვა, მობილური ტელეფონი კი სავარაუდოდ დაკარგა.

როგორც მერე გაირკვა, კუკიას სასაფლაოს  ტერიტორიაზე იმ დღეს ნიკა ლაჩაშვილი და მარიტა მაზიაშვილი ნამდვილად იმყოფებოდნენ. ყოფილმა ქმარმა მარიტა იქ შვილის საფლავზე აიყვანა. წყვილს 8 წლის წინ, ჩვილი ჰყავთ  გარდაცვლილი და ის ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. არსებობს ვერსია, რომ დაპირისპირება თავდაპირველად  ყოფილ ცოლ-ქმარს შორის  სწორედ ბავშვის საფლავზე დაიწყო“,-ყვება მარიტას ახლობელი. 

გამოძიებით დგინდება, რომ ყოფილ-ცოლ ქმარს შორის  ფიზიკური დაპირისპირება საბოლოდ ავტომობილში გაგრძელდა. მოკლულის დედა ამბობს, რომ ცხედარს მრავლობითი დამიზნებები აქვს. ნაკაწრები აქვს თავად დაკავებულსაც, რაც აჩენს  ვარაუდს, რომ მარიტა თავს იცავდა და წინააღმდეგობის  გაწევას ცდილობდა. 

ოჯახის ინფორმაციით, საბოლოოდ, ნიკა ლაჩაშვილმა საკუთარი შვილის დედა ავტომობილში ზონარით გაგუდა. მისი ცხედარი კი კუკიას სასაფლაოზე წყლის არხში ჩააგდო, მობილური მოშორებით გადააგდო  და ტერიტორია დატოვა. 

„პოლიცია და ოჯახი კი მარიტას ამ დროს  ყველგან ეძებდა. სამძებრო ღონისძიებაში ოჯახთან ერთად ჩაერთო ნიკა ლაჩაშვილიც. ის იმყოფებოდა გამოკითხვაზეც, თუმცა პირველი დაკითხვის დროს ის  არ დაუკავებიათ. მეორე დღეს პოლიციიდან გამოსულმა კი როგორც ჩანს, ცხედრის უფრო საიმედოდ გადამალვა გადაწყვიტა, ამიტომ კუკიას სასაფლაოზე დაბრუნდა, ყოფილი ცოლის გვამი ავტომობილის საბარგულში ჩადო და გლდანის მიმართულებით წავიდა. პარალელურად კი მოკლულის დას შეტყობინებებს უგზავნიდა და უმტკიცებდა, რომ პოლიციაში მასზე ზეწოლა განხორციელდა“,-ამბობს მოკლული ქალის ახლობელი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე