რეზონანსი
(13.02.2024)

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით, პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. იგი ეხება შინაური ცხოველების უფლებების დაცვასა და მათი მეპატრონეების ვალდებულებებს. ასევე ითვალისწინებს სანქციების დაკისრებას კანონონის დარღვევის შემთვევაში - ფულად ჯარიმებს და პატიმრობასაც კი. 

კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები და საარსებო გარემოს სტანდარტები.

ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის.

შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არა სამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება პატიმრობით 6 თვემდე ვადით.

იმ შემთხვევაში თუ ცხოველი გამოიყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და მათზე ჩატარდება ლაბორატორიული ცდები, პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით.

თუ შინაური ბინადარი ცხოველი გამოიყენება საკვებად ან მისგან პრეპარატები და ქიმიური საშუალებები დამზადება, პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით.

ასევე, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება ისჯება თვისუფლების აღკვეთით 1 წლიდან 18 თვემდე.

გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ცხოველების წამებისთვის. თუკი ამან გამოიწვია მათი დასახიჩრება, ეს დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვიდან 2 წლამდე ვადით, ხოლო ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4-წლამდე ვადით.

შინაური ცხოველის მიტოვებისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 5000 ლარით.

მეპატრონეს ეკისრება თავისი შნაური ცხოველისათვის ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის ან სხვა საჭირო სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების ვალდებულება. წინააღმდეგ შემთვევაში იგი დაჯარიმდება 100 ლარით.

პირი, რომელიც მიიკედლებს შინაურ ცხოველს, ვალდებულია მას ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 100 ლარით.

გამრავლება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით ასევე წესდება შეზღუდვები შინაური ცხოველების გამრავლებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის და მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარით;

შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ჯანმრთელობის, ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარით;

ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარით;

შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარით;

მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2000 ლარით.

ეს ეხება 30 ჯიშის ძაღლს: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; კანე კორსო; დობერმანი; კავკასიური ნაგაზი; შუააზიური ნაგაზი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; ბერძნული ნაგაზი; კრაშის ნაგაზი; გერმანული ნაგაზი; რუმინული ნაგაზი; მასტიფები; ბორდოული დოგი; კანარის დოგი; როტვეილერი; რიზენშნაუცერი; ლეონბერგერი; მარემა; მოსკოვური საყარაულო; კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბანდოგი; გულდონგი; მგლის ჰიბრიდები.

მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

სეირნობა და მგზავრობა

ასევე იგეგმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის:

კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა საბავშვო ბაღების, სკოლების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე; ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარით;

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარით.

შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგიროთი, ადგილობრივი საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარით.

მეზობლების თანხმობა

ასევე, „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა  უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარით.

ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე