ელზა პაპოშვილი
(13.02.2024)

პოლიციამ 45 წლის კაცი მეგობარ ქალზე შანტაჟის და მუქარის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მამაკაცს გათხოვილ ქალთან ჰქონდა ინტიმური ურთეირთობა, რომელიც ფარულად გადაიღო. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალმა მას ურთიერთობის  გაგრძელებაზე უარი უთხრა. კაცმა კი მისი შანტაჟი დაიწყო - ემუქრებოდა, რომ მათი ინტიმური კავშირის ამსახველ კადრებს მის ქმარს და ნათესავებს გაუგზავნიდა. 

გარდა ამისა, მამაკაცი ქალს სახლში მიუვარდა და ბავშვების თანდასწრებით სახლში შეღწევას ცდილობდა. იგი პოლიციამ დააკავა და მის ტელეფონში ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის კადრები იპოვა.   

„რეზონანსს“ წყარო უყვება, რომ ქალი მამაკაცის მხრიდან მუდმივი შანტაჟის მსხვერპლი იყო. აიძულებდა ოჯახი დაეტოვებინა და მასთან ყოფილიყო. 

„ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. სავარაუდოდ, ქალმა შეამჩნია, რომ კაცს არაადეკვატური ქცევები ჰქონდა. ამიტომ მასთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა. ამის შემდეგ კი, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სქესობრივი კავშირის ფარულად გადაღებული კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. 

„ქალი კვლავ უარს ეუბნებოდა, რის გამოც მან ღამით სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა. ამის შემდეგ კი ქალმა გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა, რადგან მამაკაცი არაადეკვატური გახდა და შესაძლოა საფრთხე მის შვილებსაც დამუქრებოდა“, - უყვება წყარო „რეზონანსს“.

პოლიციის ცნობით კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის  გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე