ელზა პაპოშვილი
(12.02.2024)

ავლაბარში 50 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  მოკლული მამაკაცი იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, საიდანაც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ჩანაწერები. გამოძიების ინფორმაციით,  ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ფელიქს კაპანოვის მკვლელობისთვის ორი ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 47 წლის კაცს  ჩასაფრება ავლაბარში ძმებმა, ედვინ ბაგაშვილმა და კარლო გალოიანმა  მოუწყვეს. კაპანოვს ჯერ ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი იარაღიდან ესროლეს. 

მოკლული, წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ყელისა და თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.   

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“. 

დაკავებული ძმების დედა ვერ იჯერებს, რომ მისმა შვილებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს 47 წლის მეზობელი, თუმცა, ამტკიცებს, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ფელიქს კაპანოვი მთელს უბანს ატერორებდა, აშინებდა და ფულს სძალავდა. მკვლელობისთვის დაკავებულების დედამ მთელი ღამე პოლიციაში გამოკითხვაზე გაატარა.

„არ ვიცი რა კავშირი ჰქონდათ ჩემს შვილებს მოკლულთან, ის ციხეში იყო, როცა მე მოსკოვში ვიყავი. წადით, იკითხეთ, ვინ იყო ფელიქსს კაპანოვი, როგორ ავიწროებდა უბანს. მარშუტკებს ფულს სძალავდა, 90 ლარის გამოძალვისთვის იჯდა. უამრავი მტერი ჰყავდა, ჩემი შვილები რა შუაში არიან? დედა ვარ, თუ ჩემი ბიჭები დამნაშავეები არიან, დაისაჯონ“,-ამბობს დაკავებული ძმების დედა.  

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ. ისინი მათმა უფლებადამცველმა ირაკლი ბენიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს არ იცნობს. 

საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ისინი პოზიციას სავარაუდოდ, სასამართლოში დააფიქსირებენ. ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

ბრალი ჯერ წაყენებული არაა, ისინი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. იციან რაზე დააკავეს, თუმცა, ფაქტს უარყოფენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

ზუსტი დეტალები ჩემთვის უცნობია, ისინი თბილისში დააკავეს", - განაცხადა ბენიამ.

კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა მოკლული და ბრალდებულები ერთმანეთს, ან რა სახის კონფლიქტი ჰქონდათ, ბენია პასუხობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე