თამთა ჩაჩანიძე
(11.02.2024)

რესპუბლიკური საავადმყოფოს თამანშრომლებმა შენობასთან მორიგი აქცია გამართეს, ისინი ახალ პრემიერს ღია წერილით მიმართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნაა, დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას, ასევე „შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება" და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა მათვე ჩართულობით.

კვლევითი ცენტრის, სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბექა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება ჯანდაცვის სისტემაში მაღალ სტანდარტს აწესებს, თუმცა თანამშრომლები მის განხორციელებაში რისკებს ხედავენ, და ბევრს არ სჯერა სამინისტროს დაპირებების, მათ შორის იმის, რომ ამ ადგილზე ისევ საავადმყოფო აშენდება.

„შეთავაზებაც ვნახე და ბრძანებულებებიც, სიმართლე რომ გითხრათ, ეს თუ განხორციელდა, კარგი პრეცენდენტია, რადგან ბევრად უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს კომპენსციის და რეორგანიზაციის, ვიდრე მანამდე იყო. ალტერნატიული დასაქმება და უარის თქმის შემთხვევაში კომპენსაცია - კარგია თუ ასეთი სტანდარტი ჩამოყალიბდება, მაგრამ ეს რამდენად რეალურია, როგორ განხორციელდება და ა.შ. ამაზე საუბარი ძნელია.

„განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ნებისმიერი რაღაცის რისკი არსებობს, გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ, კანონები იცვლება და კონსტიტუცია. მე ძირითადად მქონდა კომუნიკაცია დამოუკიდებელი პროფკავშირებიდან ვინც იყო ჩართული, მათთან. ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა მოთხოვნებია, ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ აშენდება თუ არა საავადმყოფო იმ ადგილზე, სადაც იყო.

„შიშობენ იმასაც, რომ მთლიანად არ გაიყიდოს ეს ადგილი. კი, შეიძლება სადმე აშენდეს საავადმყოფო, მაგრამ ეს ტერიტორია გამოყენებული არ იყოს სხვა დანიშნულებით, ასეთი რაღაცეების გამოცდილება დაგროვდა და საზოგადოებაში ამისი შიშები არსებობს, განსაკუთრები იმ ადამიანებში, ვინც წლებია იქ მუშაობენ და მე მათი მესმის", - განაცხადა მან

კითხვაზე, რა ალტერნატივას სთავაზობენ დასაქმებულებს ნაცვლიშვილმა გვითხრა:

„მე როგორც ვიცი რუხის რესპუბლიკურ სავადმყოფოზეა საუბარი ზუგდიდში, მგონია, რომ ცოტა გაუჭირდებათ ეს გადაწყვეტილება მათ, ვინც თბილისში ცხოვრობს, ასევე სხვა კლინიკებზეა საუბარი, თუმცა ჩენთვის ცნობილი არაა", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „რეზონანსთან".

11 თებერვალს რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოსთან აქციას გამართეს. კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ისინი პრემიერ კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნაა, კობახიძე დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას.

„ღია წერილით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავგზავნით. „ჩვენ ვთხოვთ [ირაკლი კობახიძეს] დაწვრილებით გაეცნოს ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცემთ ჩვენს მოთხოვნას, რომ ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანებულება შეჩერდეს, გაუქმდეს და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედისა და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა, ჩვენივე ჩართულობით", - თქვა ნინო ოთარაშვილმა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ამავე დღეს ჯანდაცვის სმაინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-ამდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. სამინისტროში იფიცებიან, რომ რესპუბლიკურის ბაზაზე ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

„კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

„სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის", - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე