ნაზი ბერიძე
(08.02.2024)

ხუთშაბათს საღამოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში - სტიქიას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასამ 10 ადამიანი მოიყოლა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, თუმცა, ადგილობრივის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დაიღუპნენ.

„ერთს ვუშველეთ, ამოვიყვანეთ, დანარჩენებს - ვერა. ფეხი, მენჯი და ნეკნები აქვს მოტეხილი. მისი ოჯახი დაიღუპა. ორის გამოყვანაზე მე თვითონ ვიყავი, დაშავებულის მეუღლე და შვილი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რუსთავი 2"-თან. გეოლოგების რეკომენდაციით, სოფელ ნერგეეთიდან 7 ოჯახია ევაკუირებული.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია და იდენტიფიცირებულია.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმაზე, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება. უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს.

„რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად; პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება", - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც; ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა", - აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მეწყრული პროცესები განვითარდა სურამშიც. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის 10 მოქალაქის გადაყვანა სასტუმროში და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. უწყება მოსახლეობას დაბეჯითებით მოუწოდებს, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გაწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის. გეოლოგები ვითარების შესწავლას უკვე შეუდგნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე