ელზა პაპოშვილი
(24.01.2024)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ეს არის პირველი ფაქტი, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს და სასამართლომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. 

საქმე ეხება გასული წლის 23 აპრილს მომხდარ მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ განთიადში,  მოლდოვის მოქალაქე სერგეი სკაუნიამ თავში შეშის ნაჭერის ჩარტყმით მოკლა თანამემამულე და მეგობარი 37 წლის მამაკაცი. ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია და სასამართლოზე განაცხადა, რომ ის თავს იცავდა და მეგობრის მკვლელობა განზრახული არ ჰქონია. 

მამაკაცები საქართველოში 3 თვის ჩამოსული იყვნენ, ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშაობდნენ და იქვე ცხოვრობდნენ. მკვლელობაც სწორედ იქ მოხდა. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამაკაცები მშენებლობაზე იმყოფებოდნენ, როცა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს ადგილობრივებმა მომხადრის შესახებ თავად ბრალდებულისგან გაიგეს, რომელიც გვერდით მეზობელთან მივიდა და განაცხადა, რომ მის მეგობარს დახმარება სჭირდებოდა, რადგან თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. 

ბრალდებულმა მომხდარის შესახებ სასამართლოში დეტალურად ისაუაბრა.

„მთელი დღე ვმუშაობდი. ბეტონს ვასხამდი და ძალიან ვიყავი დაღლილი. იქვე წამოვწექი, დასვენება მინდოდა. ის კი სახლში გვიან დაბრუნდა, ასე ღამის 12 საათი იქნებოდა. ალექსანდრე ოთახში ხმაურით შემოვარდა, ტელეფონში მუსიკა ჰქონდა ჩართული. დაჯდა დივანზე და ეწეოდა. მე გამეღვიძა და ვთხოვე მუსიკა გამოერთო, რადგან მეძინებოდა, დაღლილი ვიყავი და ვწუხდებოდი. ის ამაზე გაბრაზდა და გინება დამიწყო. მე ვკითხე სად წაიღო ჩემი ტელეფონი და პასპორტი. ამაზე ის კიდევ უფრო გაბრაზდა და სახეში ხელი დამარტყა. 

„დივანის გვერდით რაღაც იდო, მგონი ინსტრუმენტი თუ შეშის ნაჭერი. ის ავიღე და თავში რამდენჯერმე ჩავარტყი. ის გაითიშა. მეგონა, რომ მხოლოდ გონება დაკარგა. მერე მეზობელთან წავედი და ვთხოვე სასწრაფო გამოეძახებინა. ჩემი განზრახვა მისი მოკვლა არ ყოფილა, უბრალოდ თავს ვიცავდი, რადგან ის მცემდა. პოლიციაშიც ჩემით მივედი და დანაშაულიც ვაღიარე“, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოზე. 

მიუხედავად ამისა, ნაფიცმა მსაჯულებმა მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და არ მიიჩნიეს, რომ ბრალდებული თავს იცავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა მოსამართლეს სთხოვეს, რომ მისთვის ნაკლებად მძიმე სასჯელი მიესაჯა.    

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.      

სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე