ელზა პაპოშვილი
(22.01.2024)

თელავის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთმა პირმა სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. ისინი, მიღებული ჭრილობებით, თელავის რეფერალურ და ყამბარაშვილის კლინიკებში გადაიყვანეს. დაჭრილებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

თავდამსხმელი და დაჭრილები ერთმანეთის მეგობრები არიან. სამი ადამიანის თოფით დაჭრილისთვის დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. შოთა კაკაური ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. დაკავებული, შოთა კაკაური დღეს ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ადგილობრივების თქმით, ის წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და გერმანიიდან ახალი წლის დღეებში ჩამოვიდა.    

„არავინ იცის რა მოხდა, ამ სოფლელი ბიჭები არიან. ერთი ეგ ვიცით, რომ ერთად ქეიფობდნენ, რაზე „შესპორდნენ“, რატომ დაიწყეს ჩხუბი არ ვიცით. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ დაპირისპირება მოუვიდათ. ამ ბიჭს სანადირო თოფიდან უსვრია. ეს წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა. იქ იყო და ამ ახალ წლებზე ჩამოვიდა. როგორც ვიცით, ისევ წასვლას აპირებდა. აი ეს ამბავი მოხდა და პოლიციამ დააკავა. მიიმალა ადგილიდანო და მერე პოლიციამ დააკავა. შესაშინებლად გაისროლა თუ რა იყო, ზუსტად ამ დაჭრილებმა იციან. სხვა თვითმხილველი არავინ არ არის. მის სახლთან მოხდა ეს დაჭრა“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილებს ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ და, როგორც ექიმმა განაცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.    

"ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. მოთავსებულები არიან შესაბამის ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აღენიშნებათ," - აღნიშნა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - წერია უწყების განცხადებაში.

ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე