ელზა პაპოშვილი
(19.01.2024)

არიან თუ არა ქართველები ბერძენი მაფიოზის მკვლელობაში გარეულები? ბერძნული მედია წერს, რომ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ორი ქართველი ბერძენი მაფიოზის, ვანგელის ზამბუნის სასტრიკ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. 

მიუხედავად იმისა, რომ  მედია დაკავებულ 40 წლის დიმიტრის კიუნდოვს და 28 წლის ილიას ემინიდისს, ქართველებად მოიხსენიებს, ჯერ-ჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები, ან შეცვლილი აქვთ თუ არა სახელი და გვარი. 

მედიის ინფორმაციითვე დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ალბანელი კრიმინალი, რომელიც ამჟამად სხვა დანაშაულისთვის მონტენეგროშია დაკავებული. დაჯგუფების წევრებს ასევე 2022 წელს, ცნობილი ბერძენი მაფიოზის და გასულ წელს მისი ორი პარტნიორის სასტიკ მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივი პოლიცია დაკავებულების მიერ ჩადენილ სხვა შესაძლო დანაშაულსაც იძიებს. საუბარია სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდასა და დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაზე.  

„საქმე ათენის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კვალმა სამართალდამცველები ქართველ კრიმინალებთან მიიყვანა. კადრებში, რომელიც სათვალტავლო კამერების მიერ არის გადაღებული, კარგად ჩანს, თუ როგორ ჩაცხრილეს ცნობილი მაფიოზი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა ის საკუთარ ავტომობილში 96 ტყვით დაცხრილა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის პასუხი ორი წლის წინ, ასევე ბერძენი მაფიოზის, იანის სკაფტუროსის ლიკვიდაციაზე, რომელიც დაქირავებული კილერების მიერ განხორციელდა“, - წერს ბერძნული მედია. 

ბერძნული მაფიის ლიდერი, იანის სკაფტუროსი, მეტსახელად „ბიძი ჯო“, 2022 წელს, საკუთარ აგარაკზე, ოჯახის წევრების თვალწინ ჩაცხრილეს. მისი დაჯგუფების ორი წევრი კი, გასული წლის ივნისში, სავარაუდოდ, იმავე იარაღით მოკლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ საქმის გახსნასა და დამნაშავეების დაკავებას ბიძგი მისცა ათენში გასულ კვირას მომხდარმა კრიმინალური ვენდეტამ. გამოძიების პროცესში, სამართალდამცველებმა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოიპოვეს დნმ-ის ნიმუშები, რომელიც 2022 წლის მკვლელობის დროს აღებულ ნიმუშებს დაემთხვა და ესენი ქართული წარმოშობის ქილერები არიან. 

„საბერძნეთში მოქმედ მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მოტივით, 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. ხოლო ამ კონფლიქტში ჩართულია ქართული მაფიაც, რომელიც ბერძნულ დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას საკუთარი გავლენების გასაფართოებლად იყენებს“, - წერს ბერძნული მედია 

ასევე უკვე გავრცელდა კადრები, თუ როგორ გადაჰყავთ დამნაშავეები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათ ბრალი მკვლელობებისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის წარუდგინეს. ბრალდებულთა ვინაობა და დანაშაულში ქართველების როლზე მეტი დეტალი, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე