ელზა პაპოშვილი
(18.01.2024)

ქართული დანაშაულებრივი სამყაროს სამიზნე უნიკალური და იშვიათი წიგნები გახდა. როგორც დასავლური მედია წერს, ქართველების კრიმინალურმა დაჯგუფებამ პარიზის, ლიონის, ჟენევის, რიგის, ვილნიუსის, ვარშავის და სხვა ქალაქების წიგნსაცავები გაძარცვა. წაღებულია ცნობილი რუსი კლასიკოსების იშვიათი ხელნაწერები და პირველი ეგზემპლარები. როგორც მედია წერს, ქართველმა მძარცველებმა ბოლო რამდენიმე თვეში, ერთმანეთის მიყოლებით, ევროპის არაერთი ბიბლიოთეკა გაძარცვეს. მოპარული წიგნები, ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. 

ქართველების განსაკუთრებული ინტერესის საგანი თურმე ალექსანდრ პუშკინის გამოცემებია. გატაცებულია, ასევე ლერმონტოვის, გოგოლის, დოსტოევსკის და სხვა ავტორების უიშვიათესი ნიმუშები.

ფრანგული გამოცემა „ლე პარიზიენი“ გამოძიების მასალებზე დაყრდნობით აქვეყნებს ფოტოილუსტრაციას, სადაც სავარაუდოდ ქართველი მძარცველია აღბეჭდილი. 

„ფოტოზე შუახნის ჭაღარა მამაკაცი სახელად ვალერიანი, თეთრი პერანგით და ხელჩანთით პარიზის ბიბლიოთეკაში მკვლევარის სტატუსით შევიდა. მოგვიანებით კი დაწესებულების ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ მოპარულია მე-19 საუკუნეში გამოცემული უნიკალური წიგნები. მათ შორისაა პუშკინის და ლერმონტოვის ცხრა უიშვიათესი ბიბლიოგრაფიული ნიმუში. მათ ნაცვლად, მძარცველებმა ადგილზე ორიგინალის ასლები დატოვეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალი 650 000 ევროს აჭარბებს“, - წერს გამოცემა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის თანამზრახველი, სახელად მიხეილი, ბელგიის აეროპორტში საერთაშორისო ორდერით დააკავეს. მესამე დაკავებული კი ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

„ევროპის ქალაქებიდან მოპარული უნიკალური წიგნები,  დიდი ალბათობით, მდიდარი რუსი კოლექციონერების სახლებშია. ვვარაუდობთ, რომ ქართულ მაფიას წიგნების მოპარვა სწორედ მათ დაუკვეთეს. წიგნები შავ ბაზარზე უპრეცედენტოდ მაღალ ფასად იყიდება და ძარცვის საერთაშორისო ქსელი რუსეთის დაკვეთით მოქმედებს. არ გამორიცხავთ, რომ ოფიციალური მოსკოვი კრიმინალური გზით ცდილობს რუსული მემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნებას“, - ამბობს გამომძიებელი ფრანგულ გამოცემასთან. 

დაკავებულია კიდევ ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ის თანამზრახველთან ერთად ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 000 ევროდ შეფასებული წიგნის მოპარვისთვის დაიჭირეს. ამჯერადაც მოპარულია ალექსანდრ პუშკინის ნაწარმოები. დაკავებულს ჩხრეკისას ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბიბლიოთეკის ბარათი, საქართველოს მწერალთა კავშირის მოწმობა და ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. 

სავარაუდოდ, იგივე ჯგუფმა მოიპარა პუშკინის და გოგოლის ნამუშევრები ესტონეთშიც, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე