ელზა პაპოშვილი
(16.01.2024)

გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ 40 წლის და 24 წლის მამაკაცს შორის დაპირისპირება არყის ხდის დროს, ე.წ. ზაოდობას მოხდა. კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. თავდაპირველად იქ მყოფმა სხვა პირებმა მოჩხუბართა გაშველება შეძლეს, თუმცა გარეთ გამოსულებს შორის კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა. ფიზიკური დაპირისპირება კი საბოლოოდ სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 

ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ახალგაზრდას რამდენიმე  ჭრილობა  მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვლაზევე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

„მეგობრები და მეზობლები არიან. რა მოხდა ორ ნასვამ ადამიანს შორის, არ ვიცით. არაყს ხდიდნენ და ესენიც იქ იქყვნენ. იქ უქეიფიათ და სუფრაზე მოსვლიათ კამათი. მეზობლებს გაუშველებიათ. გარეთ გამოსულებმა კი ისევ ჩხხუბი დაიწყეს. მერე ცემა დაუწყიათ ერთმანეთისთვის.

„სად ჰქონდა ამ ბიჭს დანა და საიდან მოიტანა, არ ვიცით. ამ პატარა ბიჭისთვის ჭრილობები მიუყენებია. სისხლი რომ დაუნახავს, დაუძახია - მიშველეთ, მგონი დამჭრაო. რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა, ფაქტორივად დაჩეხილი იყო. ხალხმა გამოიძახა სასწრაფო, პოლიციაც მაშინვე მოჰყვა. ეს ბრალდებული იქვე დააკავეს და ბიჭი გურჯაანის საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს და კარგად არისო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება დაშავებულს, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.   

„პაციენტი ჩვენთან უკიდურესად მძიმე მდგომარეობით იქნა შემოყვანილი. აღენიშნებოდა 4 შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, ჭრილობა თავის არეში, მარჯვენა მხარზე, წინა მხარზე და მარცხენა მხრის არეში. პაციენტი, შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და 25 წუთში აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისთვის, პაციენტის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება“, - აცხადებს ექიმი ვალერი გელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე