თამთა ჩაჩანიძე
(15.01.2024)

გასული წლის 5 მაისს ჯანმო-მ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო ვითარება დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა ზუსტად რვა თვეში მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე დგება - 17 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ ე.წ. „დაავადება X"-ს, რომელიც, ბევრი ეპიდემიოლოგის მოსაზრებით, ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე კოვიდ-19 და რომელზეც სოციალურ მედიაში უკვე ქარიშხალია ატეხილი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საგანგებო შეხვედრას მართავს სახელწოდებით „მზადება დაავადება X-ისთვის". პანელურ დისკუსიაში მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ბრიტანულ-შვედური ფარმაცეპტული კომპანია „ასტრა-ზენეკას" და ჰოლანდიური მულტიპროფილური კონგლომერატ „ფილიფსის" წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ თუ რომელი სტრატეგიაა უმჯობესი ჯანდაცვის სისტემების მოსამზადებლად ამ და სხვა რთული გამოწვევებისთვის.

„დაავადება X" - უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელწოდებაა, რათა შესაძლო საფრთხისთვის კონტრზომების შემუშავება უფრო აქტიური გახდეს, კონტრზომებში განიხლება ვაქცინები და ტესტები. ამ დაავადების შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 300-ზე მეტი მეცნიერთა ჯგუფი ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მიიწვია, რომლებმაც დაასკვნეს, რომ „უცნობი პათოგენი, რომელმაც შესაძლოა გლობალური სერიოზული პანდემია გამოიწვიოს, კოვიდ-19-თან შედარებით 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელია".

მას შემდეგ, რაც ამ გეგმების შესახებ გახდა ცნობილი, სოციალურ მედიაში მწვავე დაბატები მიდის. მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ისეთივე მკაცრი ამკრძალავი ზომები იქნას შემოღებული, როგორც კოვიდ-19-ის დროს იყო. ამასთან, შეთქმულების თეორიას ემხრობიან, რომ კორონავირუსი დაგეგმილი იყო.

ამ შესაძლო პანდემიაზე „ფოქს ნიუსის" წამყვანმა და ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის სახაზინო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტმა მონიკა კროულიმ „ტვიტერში" დაწერა, რომ ის მსოფლიო ლიდერებს ლოქდაუნების გამოცხადების საშუალებას მისცემს, რაც „შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და გადაადგილებას". ის იმეორებს თეორიას, თითქოს კოვიდპანდემია „მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ბილ გეითსმა დაგეგმა, რომლითაც მას ეძლევა საშუალება, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილები „მიკროჩიპით აკონტროლოს".

ჯანმოს საგარგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსი მაიკლ რაიანი კი აცხადებს, რომ უცნობი პათოგენების შესაძლო გამოწვევებისთვის მზადება „აუცილებელია შესაძლო პანდეემიის სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის", მისი თქმით, ეს კვლევა გამოიყენება „ცოდნის ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კვლევის პრიორიტეტების" დასადგენად, არა მხოლოდ დაავადების X-სთვის, არამედ ვირუსებისა და პათოგენებისთვის, რომელთა შორისაა კოვიდ-19, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ებოლა, მარბურგის ცხელება, ლასას ცხელება, ახლო აღმოსავლეთ რესპირატორული სინდრომი (მერსი), მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (სარსი), ნიპა, რიფტის ველის ცხელება და ზიკას ვირუსი.

ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ჰეჩეტი ამტკიცებდა, რომ დაავადება X „არის ის, რისთვისაც ჩვენ უნდა მოვემზადოთ", ხოლო 2021 წლის ნაშრომში, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესაში გამოქვეყნდა, შედარებულია დაავადება X-ის ჰიპოთეტური გავრცელება სხვა მოულოდნელ იმ ინფექციურ დაავადებებთან, რომლებმაც სრულიად სამედიცინო სამყარო არაერთხელ უკვე გააოცა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც კოვიდ-19 გამქრალა არსად. მაგალითად შეერთებულ შტატებში ინფიცრებულთა რაოდენობამ იმატა, 2023 წლის ბოლო კვირის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა დააფიქსირეს კოვიდთან დაკავშირებული თითქმის 34 800 ჰოსპიტალიზაცია, რაც 20,4%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით. კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილიანობა იმავე პერიოდში 12,5%-ით გაიზარდა. იმის გამო, რომ კოვიდ შემთხვევები მატულობს, რამდენიმე შტატში სამედიცინო დაწესებულებებმა ისევ აღადგინეს ნიღბის ტარების აუცილებლობა.

რაც შეეხება საქართველოს, გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველი არ არსებობს - „კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს".

საქართველოს მედიცინის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ძირითადად სამი ვირუსი ცირკულირებს - კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. მათივე შეფასებითაც, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიტუაცია საყურადღებოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე