ინტერვიუ პრაქტიკოს პედიატრთან, რომელიც მშობლებს ინტერაქტიული ლექციებით და კონსულტაციებით ეხმარება დაავადებების მართვაში
თამთა ჩაჩანიძე
(15.01.2024)

იანვარი დადგა და მსოფლიო კვლავ კოვიდ 19-ის, ე. წ. ღორის გრიპზე და სხვა ვირუსებზე ალაპარაკდა. რამდენად დაცულია ამ ფონზე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი - ბავშვები, უადვილდებათ თუ არა მშობლებს პედიატრთან კონსულტაცია და რა რჩევებს აძლევს მარნეულში პედიატრი მაცაცო კუბლაშვილი, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

„რეზონანსი": თქვენ სულ ახლახანს დაასრულეთ პროექტი „მშობელთა სკოლა", რომელიც მარნეულში მშობელთა სამედიცინო ცნობიერების ამაღლებას და მათ უფასო კონსულტირებას ისახავს მიზნად.. უნდა აღინიშნოს, რომ მასში დისტანციურად არა მხოლოდ მარნეულის მაცხოვრებელი ქალები არიან ჩართული. როგორ გაჩნდა ეს იდეა?

მაცაცო კუბლაშვილი: დიახ, მეტად საინტერესო და მასშტაბური პროექტი გამოვიდა, რისთვისაც უკლებლივ მინდა, მადლიერება გამოვხატო როგორც დონორი ორგანიზაციების საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქრთველო" და ევროკავშირის მიმართ, ასევე პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრისა" და მის დირექტორ ნათია ოქროპირიძის მიმართ, ამასთან, უდიდესი მადლობა თითოეულ მშობელს ესოდენ დიდი ინტერესისა და აქტივობისთვის.

რაც შეეხება იდეას, მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკოსი პედიატრი გახლავარ და საკმაო რაოდენობით მშობელთან მიწევს კომუნიკაცია, მშობლებს ებადებათ უამრავი შეკითხვა ელემენტარული მედიცინის კუთხით, შეძლებისდაგვარად ვახერხებ კონსულტაციის პირობებში მათ ვუპასუხო, მაგრამ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მშობელთა ჯგუფების შექმნა და მათთვის საინტერესო თემებზე ლექციების ჩატარება. იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.

ამიტომ კლინიკა „მედ.კო"-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის" პარტნიორობით დავწერეთ პროექტი „მშობელთა სკოლა" და წარვუდგინეთ საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოს". მათ მოიწონეს და დაგვიფინანსდა სამთვიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხერხდა ისეთი აქტუალური თემების განხილვა, როგორიცაა ვირუსები და მათი პრევენციის გზები, სწორი კვებისა და ვიტამინების მნიშვნელობა, სოციალური ურთიერთობები, რეაბილიტაციის საკითხები, ფემიციდი და მისი აღმოფხვრის გზები, გენეტიკური ავადობები და ნაადრევი ქორწინების რისკ-ფაქტორები, სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობა და კანონმდებლობა, პრაქტიკული ჩვევების შესწავლა და სხვა... დამეთანხმებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეისათვის, მეტად გავრცელებული პოლიფარმაციის პირობებში სამედიცინო კუთხით მშობელთა ცნობიერების ამაღლება და ჯანმრთელი თაობის აღზრდა, მით უფრო ეროვნულ უმცირესობებში. დევიზიც პროექტის შესაბამისი გახლავთ „განათლებული მშობელი განათლებული თაობაა!"

„რ": პროექტის დანიშნულების გათვალისწინებით ხომ არ გეგმავთ მის გაგრძელებას?

მ.კ: დიახ, მთელი გულითა და მონდომებით მსურს. ამის სტიმულს მშობელთა ინტერესიც მაძლევს. სულ რაღაც ორი კვირაა, რაც დასრულდა პროექტი და უკვე მწერენ, როდის განახლდება ლექციები. მახარებს ის ფაქტი, რომ „მშობელთა სკოლის" მშობლები მიღებულ ცოდნას მათ გარშემო მყოფთ უზიარებენ და ეს პროექტის წარმადობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ამ პროექტის წარმატებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილების გვირგვინი კი თავად მშობელთა ჯილდო გახლდათ, რომელიც მოულოდნელად პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მადლიერებითა და სიყვარულით გადმოგვეცა მე და ნათიას. ეს მართლაც შეუფასებელი ჯილდოა.

„რ": როგორც ჩემთვის ცნობილია,, თქვენ ასევე გაქვთ იდეები სკოლებსა და ბაღებში პირველადი დიაგნოსტიკის დანერგვის შესახებ. რას ითვალისწინებს ეს იდეა და რამდენად შესაძლებელია მისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსება? რას მოგვცემს ასეთი პროფილაქტიკა სამომავლოდ ახალ თაობაში.

მ.კ: დიახ, ნამდვილად მაქვს რამდენიმე მეტად გასათვალისწინებელი პროექტი სკოლამდელი დაწესებულებების, სკოლებისა და სპორტული კომპლექსებისთვის. მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანა მოტივირებულია პრევენციულ ღონისძიებებსა და განათლებაზე, ასეთი ქვეყანა ყოველთვის წარმატებულია. ჩემი ყველა იდეა ჩემივე პრაქტიკულ დაკვირვებაზეა დაფუძნებული და ვფიქრობ, საფუძვლიანადაც. თუ ადგილობრივი თვითმმართველობა გამოიჩენს კეთილ ნებას, მე მზად ვარ ჩემი კლინიკის ბაზაზე გავაკეთო მსგავსი პროექტები თუ არა და ისევ დონორი ორგანიზაციების იმედად დაველოდები შედეგს.

„რ": კვლავ გამწვავდა ვირუსული სიტუაცია. როგორც ირკვევა, განსაკუთრებით ბავშვებში მოდებულია კოვიდი და სხვა ვირუსები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ დაიცვან შვილები ამ ვირუსული ინფექციებისაგან და საერთოდ, როგორ გაიძლიერონ იმუნიტეტი?

მ.კ: ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებამდე სეზონური ვირუსების პიკურ პერიოდად მიიჩნევა. დიახ, საკმაოდ გავრცელებულია ა- და ბე- ტიპით გამოწვეული ვირუსული ინფექციები და მათ შორის კოვიდ 19 -ის შემთხვევებიც სახეზეა. ვირუსებისგან თავის დაცვის მნიშვნელოვანი გზა ჰიგიენური ნორმების დაცვაა, ხშირად განიავება შენობის და ა.შ. - ყველასათვის ცნობილი წესები. ყველაზე მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციის მქონე პირი დარჩეს ბინაზე, რათა თავიდან ავირიდოთ ინფექციის სხვაზე გავრცელება, ანუ გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება იმუნიტეტის გაძლიერებას, ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სრულფასოვანი კვება, სეზონური ხილით დატვირთვა, მინიმალური პრეპარატები, მოწესრიგებული, ასაკობრივი ნორმით გათვალისწინებული ძილის რეჟიმი, კურორტოთერაპია.

„რ": ასევე საკმაოდ მოდებულია ქუნთრუშა და ჩუტყვავილა. ტოვებს თუ არა ეს ინფექციები იმუნიტეტს ბავშვებში და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება მათი მართვისას?

მ.კ: მე ჩემი დაკვირვებით, პრაქტიკული მედიცინა პირობითად გავყავი კოვიდამდელი და კოვიდშემდგომ ერიოდებად. კოვიდშემდგომ პერიოდს განსაკუთრებულად მოჰყვა ვირუსების მომრავლება და ზოგიერთ შემთხვევაში ატიპიურადაც მიმდინარეობა, ასეთი შემთხვევებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ინფექციურ მონონუკლეოზს, რომელზეც დაკვირვებით რამოდენიმე განსხვავებული შემთხვევა მაქვს აღწერილი და ვფიქრობ, გამოვაქვეყნო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმებისთვის ურთიერთგამოცდილების გაზიარება.

რაც შეეხება ქუნთრუშას და ჩუტყვავილას, საკმაოდ საყურადღებო ინფექციები გახლავთ.პირველ რიგში სწორად უნდა იქნეს დასმული დიაგნოზი, რადგან ქუნთრუშა ერთადერთი ინფექციაა,რომელსაც ანტიბიოტიკის ჩართვა ესაჭიროება, მისგან გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება მართვას, საჭიროა სიმპტომური მიდგომები. როგორც წესი, ჩუტყვავილას თავიდანვე ცნობენ მშობლები, სპეციფიური გამონაყარის გამო. ისევ და ისევ განვმეორდები, ინფექციას იმდენი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის, რაც ბევრ და არამიზანმიმართულ პრეპარატებს, ამიტომ მშობლებმა თავი უნდა აარიდონ თვითნებურად, არასპეციალისტების რჩევებით „მიღებული" დანიშნულების გამოყენებას. რაც შეეხება ორივე ინფექციას, მყარ იმუნიტეტს ტოვებს.

„რ": მაცაცო, ექიმთან მისვლა და ჯანმრთელობის გაკონტროლება უკვე ფუფუნების საგნად იქცა.. კარგ პედიატრთან კონსულტაცია 80-დან 100 ლარამდე მერყეობს.. თქვენ კი ამ ფონზე ცდილობთ, მათ შორის სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასო ონლაინ კონსულტაციები გაუწიოთ და ამისათვის ფონდებიდან მოიძიოთ თანხები. სახელმწიფოს მხრიდან თუ იგრძნობა დაინტერესება და გვერდში დგომა?

მ.კ: დიდი მადლობა... რთულია საკუთარ თავზე საუბარი, როგორ ვემსახურები ჩემ უსაყვარლეს პროფესიას, ამას ყველაზე კარგად პაციენტთა მშობლები აკეთებენ უსაზღვრო სიყვარულითა და მადლიერებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მშობლებმა შეუდარებელი და ექსკლუზიური ჯილდო გადმომცეს. ეს დიდი ბედნიერებაა! რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რომელსაც უკვე 2016 წლიდან ვუძღვები, მეტად გამართული და მოსახლეობის ყველა ფენაზე მორგებული პროგრამაა და სახელმწიფოსაც განსაკუთრებულად არიდებს საკმაოდ დიდ სტაციონალურ ხარჯებს. პროგრამა გულისხმობს სიმპტომის მართვას რამოდენიმე საათი. რაც შეეხება სოციალურ ფენას, აქვთ მრავალმხრივ მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან, როგორც სტაციონარულ კვლევებზე ასევე მედიკამენტებზე, ამასთან ოჯახის ექიმის სახელმწიფო პროგრამებიდანაც. სტაციონარში ვიზიტი კი შიდა სტანდარტით განისაზღვრება და საკმაოდ ხელმისაწვდომობით გამოირჩევა.

„რ": და ბოლოს, კაცობრიობის საქმე ისე მიდის, იმდენად დიდია გარემოზე ზემოქმედების მავნე გავლენა,, რომ უფრო მეტ დაავადებას და ჰაერის დაბინძურებას უნდა ველოდოთ. როგორ უნდა გადაირჩინოს თავი რიგითმა ადამიანმა და გადაარჩინოს შვილები?

მ.კ: საერთოდ, ყველა საქმე თუ ქმედება კეთილსინდისიერებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. არა მგონია, დიდ ძალისხმევას მოითხოვდეს ის ფაქტი რომ აქეთ-იქეთ არ ვყაროთ ნაგავი და არ დავაბინძუროთ გარემო. ჩვენ შვილებსაც რომ მივაჩვიოთ სისუფთავე, გარემოს მოფრთხილება და წესრიგი. უცხო არ არის არავისთვის, რა მდგომარეობაა ტყე-პარკებში, ამას მხოლოდ შინაგანი კულტურა სჭირდება, რომ მოვაგროვოთ ნარჩენები და უახლოეს ურნაში ჩავყაროთ. საკვები პროდუქციის მწარმოებელზე რამდენი რამ არის დამოკიდებული, მის „პატიოსან" საქმიანობაზე. ჰაერის დაბინძურება ხომ გლობალური პრობლემაა. ვფიქრობ, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების ინდიკატორები ვერ გადაჭრის ამ პრობლემას, აუცილებელია ზომების მიღება ტექნიკური კუთხითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის გასიგრძეგანებაა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვის ტოლფასია, რადგან ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი, ნებსით თუ უნებლიეთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე