ელზა პაპოშვილი
(10.12.2023)

მძიმე დანაშაული ციხისძირში, სადაც თურქეთის მოქალაქეები ფიგურირებენ - გამოძიების მასალებით, ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შემდეგ თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო გადაუღეს. დანაშაულში ბრალდებული ორი მამაკაცია, რომლებიც ასევე თურქეთის მოქალაქეები არიან. 

ბრალდებულებმა ციხისძირში, ნაქირავებელ ბინაში, მოტყუებით მიიყვანეს თანამემამულე, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ კი ქალის ტანსაცმელი იძულებით ჩააცვეს, ვიდეოები და ფოტოები გადაუღეს და ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ, თუ მსხვერპლი მის კუთვნილ ძვირადღირებულ ავტომობილს მოძალადეებს არ გადაუფორმებდა. 

ახალგაზდა მამაკაცმა შანტაჟს ვერ გაუძლო და მოთხოვნას დათანხმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩანაწერებმა ინტერნეტში მაინც გაჟონა. ამის შემდეგ კი საქმეში პოლიცია ჩაერთო. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც სამართალდამცველებმა ციხისძირში მდებარე ნაქირავებ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათი თქმით, სავარაუდოდ, პოლიციამ  ჩანაწერები და დანაშაულის სხვა მტკიცებულებები ამოიღო. იმავე დღეს პოლიციამ დააკავა საქმის მთავარი ფიგურანტი ალი სავაშკანი და მისი თანამზრახველი, მუსლუმ ოღუზი.  

„ვიცოდით, რომ ამ სახლში ვიღაც თურქი ბიზნესმენები ცხოვრობდნენ. არც ისე დიდი ხანია, რაც სახლი იქირავეს. ადგილობრივებთან და მეზობლებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. არც არავის გაუგონია აქ თუ ვინმე ჰყავდათ დატყვევებული. პოლიცია მოვიდა და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. ამბობდნენ, რომ ამ თურქებმა ვიღაც თავისი თანამემამულე მოიყვანეს, სცემეს, აწამეს და ქონება გადააფორმებინეს, ხოლო ამის ამსახველი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. როგორც ვიცით, ორივე მათგანი დააკავეს“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ გამოძალვის გარდა, თურქეთის მოქალაქე ალი სავაშკანი ბათუმში ნარკოტიკების გასაღებითაც იყო დაკავებული. სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები სწორედ იმ დროს დაადეს, როდესაც ერთ-ერთ ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალების დადებას ცდილობდა. 

გამოძალვისა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე