ელზა პაპოშვილი
(28.10.2023)

ჯარისკაცის ბურუსით მოსილი გარდაცვალება სამხედრო ბაზაზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 19 წლის რეზი ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზი. ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სამხედრომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეორე ვერსიით კი მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. რეზი ჩხეიძეს  სასიკვდილო ჭრილობა იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. 

უშუალოდ ტრაგიკული შემთხვევის წინ ის ტელეფონზე საუბრობდა, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში გასროლის ხმა გაიგეს და აღმოაჩინეს, რომ ის საკუთარი იარაღიდან იყო გარდაცვლილი. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვის ესაუბრებოდა ის და არის თუ არა რაიმე კავშირი ამ საუბარსა და მომხდარს შორის. 

შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა. ჩხეიძე მშობლიურ სახლში, ქვემო ხიბულაში უკვე გადაასვენეს. ადგილობრივები ამობენ, რომ ბიჭს თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი  იყო და  ბევრი გეგმები ჰქონდა. 

„საქართველოს ჩემპიონი იყო მკლავჭიდში. უნიჭიერესი, უჭკვიანესი ახალგაზრდა ასე ტრაგიკულად დაიღუპა. არსებობს რამდენიმე ვერსია და ჯერ არავინ იცის რომელია სწორი. ერთი ვერსიით, მან თავი მოიკლა. როგორც სამხედრო ბაზაზე ფაქტის შემსწრე ჯარისკაცები ამბობენ, ის ტელეფონზე საუბარობდა. რა შინაარსის და რამდენად ემოციური საუბარი იყო ეს, არ ვიცით. ალბათ გამოძიება გამოიკვლეს. ამის შედეგ შებრუნდა და გასროლის ხმაც გაიგეს.

„მეორე ვერსიაა, რომ შეიძლება იყო უბედური შემთხვევა, მაგრამ ასე თავში დამიზნებით უბედური შემთხვევის შედეგად როგორ მოიხვედრა ესაა, საეჭვო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

19 წლის ჯარისკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურს ერთ თვეში ასრულებდა. ამიტომ ყველას უჭირს ახსნა, რა უნდა მომხდარიყო. 

„არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. არც ჯარში ჰქონია ვინმესთან კონფლიქტი. პირიქით, კარგად იყო და შესაძლოა სამხედრო კარიერაზეც კი ეფიქრა. რა გამოიწვია ეს უბედურება, ყველას ეს გვაინტერესებს. რაც ვიცით, ისაა, რომ ან თავი მოიკლა, ან უბედური შემთხვევაა. აქამდე როგორ მივიდა ახალგაზრდა კაცი რომ ვერავინ შეამჩნია,  ძალიან გასაკვირია. ყველას იმედი აქვს, რომ გამოძიება უფრო მეტს იტყვის, ვიდრე ახლაა ცნობილი“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე