ელზა პაპოშვილი
(25.09.2023)

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული მისი ყოფილი თანამშრომლის შვილი, ანრი მილორავა დაესხა თავს. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ყოფილ პოლიციელზე თავდასხმა შურისძიების მოტივით  განიზრახა. თუმცა რა არის ეს მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი თავდაცვის მიზნით დაჭრა, ამბობს, რომ მას არ იცნობს და მხოლოდ ის იცის, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის შვილია. ხოლო მამის დაკრძალვის  შემდეგ ის არ  უნახავს. 

სამტრედიაში სისხლიანი ანგარიშსწორება კი გუშინ დღის საათებში მოხდა. ყოფილ პოლიციელს მილორავა თავს სახლთან დაესხა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან  მიგინეიშვილს თავში ჯერ ბოთლი ჩაარტყა, თუმცა მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოასწრო. ახალგაზრდა კაცმა კი მას ავტომატიდან ესროლა და სახლი დაცხრილა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. მიგინეიშვილმა კი სახლიდან ტაბელური იარაღი გამოიტანა და  თავდამსხმელი დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ლევან მიგინეიშვილი  კი დაკავებულია.   

"თამაშობდა ბავშვებთან ერთად. სწორედ ამ დროს დაესხა თავს. ჯერ თავში ბოთლი ჩაურტყამს, თუმცა ლევანმა გაქცევა მოასწრო და სახლში შევარდა. როგორც თავად ყვება, ამ  დროს ავტომატიდან ცცეხლი გაუხსნა და მთელი სახლი დაცხრილა. რის შემდეგაც მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ამის შემდეგ ლევანმა თავისი იარღი გამოიტანა, რომლის ტარების უფლებაც, როგორც ყოფილ პოლიციელს აქვს და თავდაცვის მიზნით დაჭრა. 

არავინ იცის რატომ ჩაიდნა ამ ბიჭმა ეს დანაშაული. ბიჭს პირადად ლევანი არ იცნობს, მხოლოდ მამამისს იცნობდა, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელი იყო და გარდაიცვალა. ეს ბიჭი რა შუაშია მამამისის გარდაცვალებასთან, არ ვიცი. ამბობენ, რომ შურისძიების მიზნით ჩაიდინაო.  თავად ლევანიც არ იცნობს, მხოლოდ ის იცის, რომ მისი ყოფილი თამაშრომლის შვილია“,-აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“ 

ყოფილი პოლიციელის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავს მოულოდნელად დაესხნენ, სახლის დაცხრილვის შემდეგ კი მან მასზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა, რის შემდეგაც ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა. 

„ვიღაცა მოვარდა, ჩემი შვილი თამაშობდა და დაესხა თავს. შემდეგ დაცხრილულია ყველაფერი, ცეცხლი იყო ჩემი მეუღლე რომ მოვიდა. ტაბელური რევოლვერი გამოიტანა და თავს იცავდა. თვითონაც ამბობს, ვერაფერს ვუკავშირებ, არ ვიცი. არაფერი, მისი მამა და მე ვმუშაობდით ერთადო. მამამისის გასვენების შემდეგ მე ეგ ბავში არ მინახავსო. დალაპარაკებულიც არ ვარო, - ამბობს პოლიციელის დედა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე